ია ფარულავასა და ტარიელ სუარის თანაცხოვრების დეტალები ახალ რეალითი შოუში: იხილავს თუ არა მაყურებელი წყვილის ეროტიულ სცენებს?

ია ფარულავასა და ტარიელ სუარის თანაცხოვრების დეტალები ახალ რეალითი შოუში: იხილავს თუ არა მაყურებელი წყვილის ეროტიულ სცენებს?

ია ფარულავას ცხოვრების დეტალები ყოველთვის საინტერესოა, სწორედ ამიტომ, ტარიელ სუარმა გადაწყვიტა, მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ რეალითი-შოუ გააკეთოს, საიდანაც მაყურებელი ბევრ სიმართლეს შეიტყობს. იქნება თუ არა ეროტიკა, კონფლიქტები და მსახიობის ცხოვრების პირადი დეტალები რეალითი-შოუში, ამას ტარიელ სუარის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ თქვენი და ია ფარულავას შესახებ რეალითი-შოუს გაკეთება?

- მე და იას ცხოვრება, ცოტა არის იყოს, სერიალივით წარიმართა. ბევრი ცუდი და კარგი ამბები დაგვატყდა თავს და ამ ყველაფრის მომსწრე ჩვენი მოსახლეობა იყო. გინდა არ გინდა, სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით. ჩვენი თავგადასავლები დებდა რეიტინგს და თავში მომივიდა აზრი, რომ გამეკეთებინა რეალითი შოუ, რაც სიახლე იქნება ქართულ ტელევიზიაში. ამ მიზნით გადავიღე ერთი სერია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. სერიალის რეჟისორი გახლავართ მე. საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი, მაგრამ გეტყვით, რომ მე ია თავიდან, როგორც რეჟისორმა, ისე გავიცანი. მაქვს უკვე გადაღებული რამდენიმე ექსპერიმენტალური ფილმიც. 5 წლის განმავლობაში გერმანიის ქალაქ კასელში მოღვაწე რეჟისორებთან ერთად ვმუშაობდი. 45-მდე სცენარზე მაქვს ნამუშევარი მათთან ერთად. მაგრამ კასელის ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტიდან, ცოლის მოყვანის გამო, დიპლომის აღებამდე დავბრუნდი საქართველოში.

- და მაინც, რაზე იქნება ეს რეალითი-შოუ. მოკლე შინაასრი შეგიძლიათ, რომ გაგვანდოთ?

- სერიალი იმ ერთ ჩვეულებრივ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე და მათ შორის წამოქმნილ კონფლიქტებზეა, რომელიც შესაძლოა, ყველა ოჯახში ხდებოდეს. ერთდღიანი ისტორიები დაუკავშირდება ჩემს იმ საკონცერტო ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მე და ია ჩავდივართ საქართველოს 50-მდე ქალაქში. კონფლიქტები თვითოეულ სერიაში მინი-ისტორიის სახით იქნება გადმოცემული. მათი განვითარების ადგილმდებარეობა და თანმიმდევრობა: თბილისი, გზა, რეგიონი, გზა, თბილისი.

- თქვენს გარდა, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას სერიალში ?

- სერიალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ყველასთვის ცნობადი სახეები, ასევე, თბილისში ნაკლებად, მაგრამ საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში საზოგადოებისათვის საკმაოდ ნაცნობი სახეები. ეგრეთ წოდებული, რეგიონის კოლორიტი ადამიანები, რომლებიც სერიალში საკუთარ თავთან, სერიის თითოეულ თემასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას და დამოკიდებულებას გააცნობენ მაყურებელს. თითოეულ სერიაში გაშუქებული იქნება საქართველოს 50-მდე ქალაქის სილამაზე, თავისებურება, ღირსშესანიშნაობა, ისტორიული ძეგლები, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მხარე ქალაქისა. სერიალში გათვალისწინებული მაქვს ასევე ჩვენი პატრიარქისა და სახელმწიფოს ინტერესები. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისადმი ამა თუ იმ ფორმით გაიგზავნოს ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულება მათ მიმართ, რაც დაუპირისპირდება იმ ცრუ პროპაგანდას, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა, აფხაზეთში და სამაჩაბლოში ავრცელებს. თითქოს ჩვენ გვძულდეს ისინი. ოკუპანტები განსაკუთრებით მომავალ თაობაში აღვივებენ სიძულვილის ენას ქართველების მიმართ. სერიალში რეგიონის კოლორიტი ადამიანები თავიანთ დამოკიდებულებას აფხაზებს და ოსებს სხვადასხვა ფორმით გაუგზავნიან.

- მეჩევენება რომ ამ რეალითი-შოუში სხვადასხვა თემატიკა ერთმანეთში აირევა...

- შესაძლოა ასე იყოს, მაგრამ მე მინდა ქართულ ტელესივრცეში შეიქმნას ახალი და თანამედროვე პროდუქტი, მსგავსი ტიპის პროექტები გერმანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მე და ია ვიქნებით არა მარტო გადაცემის მთავარი გმირები, არამედ ხანდახან ჟურნალისტებიც. დანარჩენს კი მაყურებელი თავად ნახავს და შეაფასებს.

- თქვენ რატომ გადაწყვიტე რეჟისორობა, სხვას რატომ არ ანდობ ამ საქმეს?

- ერთადერთი მიზეზი იყო მონტაჟის ჯადოსნური შესაძლებლობა. თვალდახუჭული ვერავის ვენდობოდი. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა არხებთან, მაგრამ დეტალებს ჯერ ვერ გავაჟღერებ.

- თქვენ არაერთი პროექტი დაანონსეთ: გია ყანჩელის მუსიკის ალბომი, ტურნე და ა.შ ისინი ჯერ კიდევ არ განხორციელებულა...

- ეს ყველაფერი ჩემი პროექტის ნაწილია. ალბომიც იქნება და ტურნეც, ამას კი რეალითი-შოუში იხილავთ. ერთს გეტყვით, რომ ჩემი ტურნეს გასაკეთებლად მზად ვარ, საკუთარი სახლიც კი გავყიდო.

-მე ვნახე ფრაგმენტი, სადაც ია ამბობს მეძინებაო, რის შემდეგ თქვენ სექსზე ეკითხებით, ეს რას ნიშნავს, რომ ინდიელების კარავის ამბებსაც ნახავს მაყურებელი სერიალში?

- რას ამბობთ, ეს არ არის ეროტიული სერიალი .... თუ ვიღაცა ჩემი ცოლის მოფერებას ეროტიკად მიიღებს, არ ვიცი ... საქართველოში კი ვიღაცამ შეიძლება ასე ჩათვალოს. რას გაუგებ ქართველებს? შეიძლება მოფერებაშიც ეროტიკა დაინახოს ზოგიერთმა ადამიანმა.

- გადაღებებზე კამათობთ?

- ეს არის სერიალის ძირითადი ხაზი, სულ ვკამათობთ. სპონტანურად ვახერხებთ ამას. არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მხოლოდ კამათია ჩემი და იას ცოლ-ქმრობა. ნახავთ, როგორ ვრიგდებით კამათის შემდეგ. თითო სერიაში ნაჩვენები იქნება ჩვენი ერთი დღე.

- როცა სერიალი დააანონსეთ, დაწერეთ, სწორედ აქედან გაიგებთ, ვართ თუ არა მე და ია ფარულავა ერთადო, ერთად ხართ?

- ამას სერიალიდან გაიგებთ. ბევრ გადაცემაში გვეპატიჟებიან, მაგრამ გადავწყვიტეთ, არსად აღარ მივიდეთ ერთად. ვისაც აინტერესებს, რა ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში, უყუროს სერიალს. ამას ჯერ ვერ გავამხელ.

-და მაინც, რომელ არხზე გავა თუნდაც ეს ერთი სერია?

- პირველი სერია ქალაქ თელავში პილოტის სახით უკვე გადავიღე. გეტყვით, რომ ძალიან ბევრი არხია დაინტერესებული. მაგრამ საუბარი იმაზე, თუ რომელ არზე გავა ჩემი პროექტი, ნაადრევად მეჩვენება. სანამ პირველი სერია სასურველ რეიტინგს არ დაწერს, მანამდე არ მეცოდინება, ღირს თუ არა ამასთან შეჭიდება.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია