სოხუმის უკანასკნელი დღის ქრონიკა თვითმხილველის ნაამბობში...

სოხუმის უკანასკნელი დღის ქრონიკა თვითმხილველის ნაამბობში...

ბლოგების პლათფორმაზე livejournal.com ქართველი ბლოგერის, გიორგი ჯახაიას ბლოგი რუსულენოვან აუდიტორიაში პოპულარობით სარგებლობს. ბლოგერი პოსტების ციკლში, სახელწოდებით "Грузино-абхазский конфликт, вся хронология войны и воспоминания очевидцев, большая подборка фотографий" ომის ქრონიკებზე წერს.

7 სტატიისგან და ომის ფოტოარქივისგან შემდგარი ციკლის პირველი ნაწილი უშუალოდ ავტორის მოგონებები და განცდებია. მასში ის სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეზე საუბრობს.

Ambebi.ge გიორგი ჯახაიას პოსტის, Последний день Сухуми ქართულენოვან თარგმანს გთავაზობთ.

"დღევანდელი დღესავით მახსოვს სოხუმის უკანასკნელი დღე... დილით იმ იმედით გავიღვიძეთ, რომ დახმარება გამოჩნდებოდა, კოდორის მხრიდან სამაშველო რაზმი მოდიოდა. მდინარე ორმა ტანკმა გადმოლახა. რასაკვირველია, ომში ეს გარდატეხას ვერ შეიტანდა. სახლის სახურავზე ავედით, ბოლო სამი დღე დეიდასთან ვცხოვრობდით ყოფილ "საფოსტო ყუთში", სადაც საბჭოთა პერიოდში პირველ ატომურ ბომბებს ქმნიდნენ. დავინახეთ, როგორ მოადგნენ სოხუმის ნაპირს საომარი ხომალდები და დევნილებს იღებდნენ. შორი იყო და ვერ გავარჩიეთ, რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა გემი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენიანები იყვნენ. სოხუმიდან გასვლის სხვა შანსი არც არსებობდა. ხუთი დღით ადრე აფხაზებმა სამოქალაქო თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

ნივთები შევაგროვეთ და ნაპირისკენ გავეშურეთ. ჰორიზონტზე დიდი სადესანტო ხომალდი გამოჩნდა, რომელიც რუსეთს ეკუთვნოდა. მასზე 4 000 კაცი ეტეოდა, ნაპირთან კი 25 000 ადამიანი იყო შეკრებილი, ძირითადად ქალები და ბავშვები, კაცები იარაღით ხელში ქალაქში რჩებოდნენ. ადამიანები ადგილისთვის იბრძოდნენ და ცდილობდნენ, პირველები მოხვედრილიყვნენ ხომალდზე. ამ დროს ციდან რაკეტებმა დ ბომბებმა იწყეს ცვენა. აფხაზები რუს პილოტებს ფულს უხდიდნენ და მათ ფეხებზე ეკიდათ, ბავშვი იყო მათ წინ თუ ჯარისკაცი, თავისიანი თუ უცხო. გადაწყვიტეს, რომ ხომალდიდან ქართველი დესანტები გადმოდიოდნენ და საკონტროლო დაბომბვა განახორციელეს.

ხალხი სიახლოვეს ტყეში გაიქცა. ცეცხლის შეწყვეტის დროს ჩვენ გემბანზე ავირბინეთ. ნახევარი საათის შემდეგ გემი დაიძრა. ეს იყო ბოლო დღე, როდესაც მშობლიურ აფხაზურ მიწაზე ფეხი დავდგი... როდესაც გემი ნაპირს მოწყდა, ჩვენს წინ საშინელი სურათი გადაიშალა: მთელი სოხუმი კვამლში იყო გახვეული, შენობები იწვოდა. რუსმა დესანტებმა, როდესაც ქართული თავდაცვის რიგები გაარღვიეს, გზა აფხაზურ არმიას დაუთმეს.

აფხაზებმა ალყაში მოაქციეს მინისტრთა საბჭოს შენობა და მისი დაცხრილვა დაიწყეს. ერთსაათიანი სროლის შემდეგ, შენობაში მყოფი მთავრობის წევრები აფხაზებს დანებდნენ და მას შემდეგ არავის არაფერი სმენია ამ ადამიანებზე. ერთადერთი, ვისი ბედიც ცნობილი გახდა და ვინც ლეგენდად იქცა, იყო ჟიული შარტავა. ის აფხაზებმა სიკვდილამდე აწამეს. მისი გვამი მხოლოდ რუსეთიდან მისული ბრძანების შემდეგ გადასცეს ოჯახის წევრებს თბილისში. დანარჩენები უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს გემს, რომელიც ფოთის მიმართულებით მიცურავდა. კვალად მას მოყვებოდნენ პატარა გემები, სნაიპერები, კატერები, იახტები. იქ უამრავი ხალხი იყო, რომელიც მტერმა საკუთარი მიწიდან გააქცია. უცებ ჩვენს თავზე გაჩნდა სუ 27, რომელიც წრეს არტყამდა ჩვენს გემს. კაპიტანმა საბრძოლო განგაში გამოაცხადა.

მე ვუთხარი კაპიტანს, რომ სუ 27 არც ჩვენს არმიაში იყო და არც აფხაზებს ჰყავდათ ისინი, ამიტომ ეს თვითმფრინავი არ დაგვბომბავდა, რაზეც კაპიტანმა მიპასუხა, რომ ჩვენს პილოტებს ფულს უხდიან აფხაზეთში ჩატარებული ოპერაციებისთვის და თუ ბრძანება აქვთ, რომ დაგვბომბონ, ასეც მოიქცევიანო.

შემდეგ ის მოლაპარაკებებზე წავიდა და თვითმფრინავი ჩამოგვშორდა. როდესაც დაბნელდა, სანაპირო ზოლი გამოჩნდა. ცეცხლის ალში მყოფი სოფლები და ოჩამჩირეს განათება მოჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გემი მობრუნდა და უკან, აფხაზეთში ვბრუნდებოდით. დევნილები პანიკამ მოიცვა. ყველამ გადაწყვიტა, რომ რუსები ჩვენს ჩაბარებას აპირებდნენ. თუმცა ვითარება სხვაგვარი იყო, მაგრამ არანაკლებ ტრაგიკული: ჩვენ სნაიპერები ჩამოგვშორდნენ და მათ აფხაზები იჭერდნენ, კაპიტანმა გადაწყვიტა გემის მობრუნება, რათა ისინი დაეცვა. საშინელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ: ათასობით ადამიანი, როგორც თევზი კონსერვში, ისე იყვნენ გემის სატვირთო ნაწილში ჩამწკრივებულნი. გემმა იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი აიყვანა, ვიდრე შეეძლო რომ დაეტია.

გემის იარაღი აფხაზებისკენ იყო მიშვერილი, მოლაპარაკებები პირდაპირ ვლადისლავ არძინბასთან მიმდინარეობდა და საბოლოოდ აფხაზური გემები ცოტათი ჩამოგვშორდნენ, მაგრამ ფოთამდე მაინც გამოგვყვნენ. ბორტზე მყოფი დევნილები საშინელ ისტორიებს ყვებოდნენ, თუ როგორ იკავებდნენ აფხაზები სხვადასხვა რაიონებს. იყო ხალხი ახალდაბიდან, სადაც აფხაზებმა 300 ადამიანი შეიპყრეს და წამებით მოკლეს. ამ დროს დაიწყო სოხუმში სასაკლაო...

ჩვენმა სამხედრო ფორმირებებმა, რომლებიც 11 დღე ძლიერი შეიარაღების გარეშე აღუდგნენ წინ კარგად შეიარაღებულ აფხაზებს, ჩეჩნებს, სომხურ ბატალიონებს და რაც მთავარია რუსებს, საბოლოოდ დატოვეს ქალაქი და მთლიანად აფხაზეთი.

ასე დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს ყველაზე სამარცხვინო და ძმათამკვლელი ომი საქართველოს ისტორიაში".

წყარო: cyxymu.livejournal.com, Последний день Сухуми

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს