როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი მულტიმილიონერი - ბიზნესმენის წარსული, აწმყო და წარმატების საიდუმლო

როგორ გახდა ლაშა პაპაშვილი მულტიმილიონერი - ბიზნესმენის წარსული, აწმყო და წარმატების საიდუმლო

მართალია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კერძო სექტორი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე ალაპარაკდა, მაგრამ ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შემშლელი პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. როგორ კეთდება ბიზნესი დღეს საქართველოში და როგორ ვითარდება, ამ და სხვა საკითხებზე "რედიქს­ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში­ ისაუბრა, რომელიც ეთერში 4 მაისს, 20:00-ზე გავა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

- თქვენი ბიზნესის სლოგანია არისტოტელე ონასისის სიტყვები: "იცოდე ის, რაც არავინ იცის". რა იცით ისეთი, რაც არ იცის სხვამ?

- განსაკუთრებული არაფერი. არა მგონია, ონასისსაც რამე ისეთი სცოდნოდა. ამ ადამიანს მიზანდასახულობა და ძალისხმევა ჰქონდა განსაკუთრებული. ეს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია.

- ანუ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს მიზანდასახულობაშია?

- დიდი წილი ამაშია, მაგრამ წარმატება სხვა ბევრი კომპონენტისგან შედგება.

- როდის გაგიჩნდათ ამბიცია, რომ ბიზნესი თქვენი საქმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის განათლება არ გქონდათ?

- ისტორიის ფაკულტეტზე 4 წელიწადს ვისწავლე და შემდეგ იურიდიულზე გადავედი. 80-იანი წლების ბოლო იყო, როცა პირველი კომერციული დაწესებულებები გამოჩნდა. მაშინ არ არსებობდა რამე სექტორული არჩევანი, სივრცე ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. გაჩნდნენ მცირე კომერციული ორგანიზაციები და იყო ვაჭრობა.

- რით ვაჭრობდით?

- საქართველოდან ვაწვდიდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ციმბირში, იქიდან ბარტერით ქვანახშირს ვიღებდით.

- ერთ-ერთი პირველი პროდუქცია, რომელიც გასაყიდად გაიტანეთ, არაყი იყო...

- ბიზნესის კეთება ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო. რუსეთში ჯერ კიდევ სახელმწიფოსი იყო ყველაფერი და ადვილი იყო პროდუქციაზე მაღალი მარჟის დაჭერა. ფოთში გადმოტვირთული ქვანახშირი 3 დოლარი ჯდებოდა, ჩვენ კი მას 30 დოლარად და მეტად ვყიდდით.

ქართული ღვინო და არაყი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა და რიგში მომიწია ჩადგომამ, რომ ნაფარეულის ღვინის ქარხნისგან პროდუქცია მიმეღო. სესხიც ავიღე ბანკიდან. ჩემი ოჯახის წევრებმაც მასესხეს, ორი მესამედი კი ბანკში ვისესხე. სხვათა შორის, ბანკ "რესპუბლიკაში" განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო სესხზე, დაახლოებით 60%. მთელი თანხით ნაფარეულის ღვინის ქარხანას არაყი შევუკვეთე, ფული წინასწარ გადავიხადე, მაგრამ პროდუქციის მოწოდებას არ დაადგა საშველი. ქარხნის ხელმძღვანელი ტიპური კახელი იყო. ვეკითხები, რას აპირებთ, უკვე გადააცილეთ ერთ თვეს, ბანკში სესხი მაქვს-მეთქი. არც მისმენს და მპასუხობს, შენა, ბიჭო, აქ ამერიკა ხომ არა გგონიაო? არ დავნებდი, ჯერ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი თელავში, შემდეგ ორჯერ, სამჯერ და ბოლოს იქ გადავედი და სასტუმროში დავბინავდი. დირექტორმა მითხრა: ვერ მოგიშორე და ერეკლეს ძეგლთან მოვალ ამა და ამ დროს, თანხას დაგიბრუნებო. რას ჰქვია, თანხას დამიბრუნებ, ამდენი ვალი მრჩება-მეთქი. მითხრა: ისე დაგიბრუნებ, არ წააგებო. ცემენტის ტომრები იყო მაშინ, ქაღალდის და იმით მოიტანა ფული. ტომარაში წითელი ათმანეთიანები და მუქი შინდისფერი 25-იანები ეწყო. თბილისში ჩამოსვლამდე არ დამითვლია. დარწმუნებული ვიყავი, იმდენივე თანხა იქნებოდა, რაც პროდუქციისთვის გადავუხადე, ან ნაკლები...

- რამდენი დაგიბრუნათ?

- მილიონ-ნახევარი...

იხილეთ ვიდეო

განაგრძეთ კითხვა