"ბიძინა ჩემს პოპულარობაზე ზრუნავს" - როგორ პასუხობს მეტრეველი ივანიშვილის კრიტიკას და რას ყვება ექსპრემიერთან ტკბილ-მწარე ურთიერთობაზე

"ბიძინა ჩემს პოპულარობაზე ზრუნავს" - როგორ პასუხობს მეტრეველი ივანიშვილის კრიტიკას და რას ყვება ექსპრემიერთან ტკბილ-მწარე ურთიერთობაზე

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ს ჟურნალისტს მერაბ მეტრეველს გადაცემაში დასმული კითხვები დაუწუნა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "ჯიდიესის" ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მერაბ მეტრეველმა ეთერში გამოკითხვა ჩაატარა, "უნდა გადაიღოს ფილმი გოგა ხაინდრავამ, თუ არ უნდა გადაიღოს?" ("ნაციონალურ მოძრაობაზე").

"პანორმა თბილისთან დაკავშირებით" ხალხს შეიძლება შეეკითხო, -მოგწონს თუ არ მოგწონს? აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს? ამას შესატყვისი ორგანოები გადაწყვეტენ. იქ გაგრძელებაც შესატყვისი ჰქონდა. ვიღაცამ თქვა, ჯობია, კანალიზაცია გააკეთოს. საზოგადოება, ხალხი არის ძალაუფლების წყარო და, როდესაც ჟურნალისტი ცდილობს, ხალხის ძალა არაობიექტურად გამოიყენოს, სწორედ რომ დისკრედიტაციას უწევს ამ წყაროს. როდესაც ჟურნალისტი არასწორად სვამს კითხვას, ხალხის ძალაუფლებას აკნინებს. რა შუაშია გოგა ხაინდრავა გადაიღებს თუ არა ფილმს? აშენდება თუ არ აშენდება? როდესაც ჟურნალისტი ამას ასე აქიაქებს, მაშინ ძირითადი აქცენტი იკარგება და ხალხსაც აბნევს", - დასძინა ივანიშვილმა.

გადაცემის დასასრულს ივანიშვილმა რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"'-ს ჟურნალისტ მერაბ მეტრეველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი საყვარელი ჟურნალისტია და ფიქრობს, რომ ისიც პროპაგანდისტულ მანქანად ჩნდება.

"სვამს კითხვებს, რომელიც ჟურნალისტმა არ უნდა დასვას. აშენდეს თუ არ აშენდეს და გადაიღოს თუ არ გადაიღოს გოგა ხაინდრავამ ფილმი? და ეს პროფესიონალიზმის ნაკლოვანება კიდევ უფრო ამძაფრებს და უჭირს საზოგადოებას, სწორად გაიგონ. პროფესიონალიზმი ყველგან გვაკლია, მათ შორის ჟურნლისტიკაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით მერაბ მეტრეველს და კომენტარი ვთხოვეთ.

- მერაბ, ბიძინა ივანიშვილმა თავის გადაცემაში დასმული შეკითხვები დაგიწუნა.

- ჩემს პოპულარობაზე ბიძინა ზრუნავს. არადა, მიგვაჩნია, რომ კითხვა სწორედ ასე უნდა დაისვას და ამიტომაც ვაკეთებთ ამ გადაცემას. ის ყოველდღე გადის ეთერში და ყოველდღე ვსვამთ კითხვას. კვირაში 5 კითხვა გამოდის, თვეში - 20. მკითხველის უმრავლესობას მოსწონს ისინი, ნაწილს - არა. ცხადია, ყველას ვერც მოეწონება. ზოგი "ფეიბუქზე" წერს კომენტარს, ზოგი - არა. ეს ყველაფერი ამ პროექტისთვის ბუნებრივი პროცესია. ნებისმიერ ადამიანს თავისი პრიორიტეტები აქვს და ცხადია, ყველას მოსაწონ შეკითხვას ვერ დასვამ. ამიტომ ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის აზრი არ არის იმაზე უმეტესი, ვიდრე რომელიმე მაყურებლის სატელეფონო კომენტარი. როგორც მათ ვცემ პასუხს, ისე გავცემ ივანიშვილსაც პასუხს:

ხალხს რატომ ეკითხება, უნდა აშენდეს თუ არა "პანორამა-თბილისი" და უნდა გადაიღოს თუ არა გოგა ხაინდრავამ "ნაციონალებზე" ფილმიო? როგორც ვიცი და ვხვდები, სერიალი გოგა ხაინდრავამ უნდა გადაიღოს თუ არა, ეს ხალხის გადასაწყვეტი მართალა არ არის და ვერც გადაწყვეტს, რადგან ბიძინამ უნდა გადაწყვიტოს. ტელევიზიაც, სადაც ეს პროექტი უნდა გავიდეს, ისიც მისია და რასაც უნდა, იმას უზამს, მაგრამ ხალხს რამდენად უნდა "ნაციონალებზე" სერიალი, საინტერესო აი, ეს არის და ადამიანებს შეკითხვას ამიტომაც ვუსვამთ. თუმცა "პანორამა-თბილისთან" დაკავშირებით კიდევ უფრო დრამატულად არის ვითარება. ეს საკითხი ყველას ეხება, რადგანაც დედაქალაქში უამრავი ხალხი ცხოვრობს და მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი.

ის ამბობს, რომ სპეციალისტებმა გადაწყვიტონო. კი, უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ხალხს არქიტექტურულ ანალიზს კი არ ვთხოვთ. შესაძლოა, ადამიანს მოსწონდეს პროექტი, მაგრამ არ მოსწონდეს ის, სადაც ის კეთდება და სწორედ ეს არ უნდოდეს.

- ელოდი, რომ ასე გაგაკრიტიკებდა?

- პერიოდულად ვახსენდები ხოლმე. თან, ამბობს, რომ მოვწონვარ, მისთვის საყვარელი ჟურნალისტი ვარ, თან, მაკრიტიკებს, პროფესიონალიზმს მიწუნებს. მაგრამ ყოველი ასეთი ხსენების შემდეგ, ჩემი ცნობადობა  იზრდება და ამ კრიტიკას დრამატულად არ ვაფასებ. კიდევ ვიმეორებ, ივანიშვილის აზრი არაფრით განსხვავდება იმ მოქალეების შეფასებებისგან, ვინც გადაცემაში რეკავენს და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ.

- სულ პირელად, პრესას რომ შეხვდა, მახსოვს, მაშინაც გაგაკრიტიკა...

- მანამდეც ჰქონდა ამის მცდელობა, ჯერ არ იყო ხელისუფლებაში... ხოლო მედიასთან შეხვედრისას კითხვების ბოლომდე დასმა არ მაცალა. ერთი-ორი კითხვა რომ დავსვი, არ მოეწონა და მითხრა: ახლა სხვასაც აცალეო და სიტყვა აღარ მომცა.

ისე კი, ადამიანი რაც მეტად განმარტავს საკუთარ ქმედებას, ხშირად უპასუხებს შეკითხვებს, თემის გარშემო ნაკლები კითხვის ნიშნები გაჩნდება... მოკლედ, ასეთი ტკბილ-მწარე ურთიერთობა გვაქვს მე და ბიძინას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია