კუს ტბის ვნებანი აგვისტოს ომის დროს...

კუს ტბის ვნებანი აგვისტოს ომის დროს...

ტბის პირას, პლაჟზე, ნაშობაა "დაყრილი" და ერთმანეთის ფეხების სიგრძესა და საცურაო კოსტიუმებს ირიბი მზერით ამოწმებს.

გაგანია ომი იყო, როცა ერთმა რესოდენტმა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში გულს ვუწუხებდი რეკვით, ბოლოს და ბოლოს, შეხვედრა დამითქვა, მაგრამ დილის 6 საათზე, თანაც - კუს ტბაზე. - იქ ვვარჯიშობ ხოლმე და დროსაც გამოვძებნი, რომ დაგელაპარაკოო. მე მგონი, ჩემი თავიდან მოშორება უფრო უნდოდა, ეგონა, დამეზარებოდა, მაგრამ ვერ მივართვი.

მიუხედავად ადრიანი დილისა, ქალაქში საკმაოდ ბევრი მანქანა მოძრაობდა. შევნიშნე, რომ ძირითადად იაფფასიანი მანქანები ჭარბობდა (აბა, ჯიპებისა და სხვა, ძვირად ღირებული მანქანების პატრონებს ამ დროს შუა ძილით სძინავთ და ვინ იცის, მერამდენე სიზმარს ხედავენ). ისიც შევნიშნე, რომ თითქმის ყველა მანქანას ჭიანჭველასავით ტვირთი ჰქონდა წამოკიდებული - ზოგს ხილი და ბოსტნეული, ზოგს ტუალეტის ქაღალდით სავსე ჰქონდა საბარგული...

ვაკეში კი მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ. სრული სიჩუმე და "ტორიჩელის სიცარიელე" სუფევდა. ჩემ წინ მოფახფახებული "ჟიგული" მიდიოდა მხო­ლოდ. მანქანის თავზე დამაგრებულ საბარგულზე პომიდვრით სავსე ყუთები ელაგა. უეცრად, მოსახვევიდან დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი გამოვარდა (მაინც, რამ გააღვიძა ამ დილაუთენია?) და მართალია, პომიდვრით დატვირთული მანქანა დაინახა, მაგრამ სიჩქარისთვის არ მოუკლია, ჯიქურ წამოვიდა. ავარიის თავიდან ასაცილებლად, "ჟიგულის" მძღოლი იძულებული გახდა, მკვეთრად მოეხვია. ამ დროს ყუთები გადმოცვივდა და პომიდორი მე-9 საავადმყოფოს წინ, გაჩერებაზე მიმოიფანტა. მანქანიდან მოხუცი ცოლ-ქმარი გადმოვიდა და პომიდვრების მოგროვებას შეუდგა. მეც გავაჩერე ავტომობილი და საწყლებს, მივეხმარე. ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ ვიდრე ყუთში ბოლო პომიდორიც არ მოვათავსებინე, არ მოვეშვი.

- ეჰ, საუკეთესო პომიდორი ვიყიდეთ, ვაკელები უბრალოს არ კადრულობენ, ახლა კი სულ დაიჭყლიტა, ამას თავის ფასშიც ვერ გავყიდით, - ცრემლს იწმენდდა ქალი.

- კარგი, ჰო, ქალო, არა უშავს, როგორმე გავყიდით, სხვა დროს კი ყუთებს დავაბამ და აღარ გადმოცვივდება, - ყასიდად შეუწყრა ქმარი.

ცოლ-ქმარმა მადლობა გადამიხადა, მეც წარმატება ვუსურვე და გზა განვაგრძე.

კუს ტბაზე მისული გაოცებული ვიყურებოდი - რომელ "სუფთა ჰაერზე" იყო ლაპარაკი, როცა შესასვლელი სავსე იყო მანქანებით და თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი ძლივს ვიპოვე. იმდენი ხალხი დამხვდა, ალბათ სუფთა ჰაერის "ყლაპვაც" მორიგეობით უწევდათ.

აი, თურმე სად ყოფილან ვაკელები ამ დილაუთენია, მე კი უსამართლოდ ვსაყვედურობდი, სძინავთ-მეთქი. სანამ ჩემი რესპონდენტი ვარჯიშს მორჩებოდა, იქაურობა მოვიარე.

ზოგი ტბის გარ­შემო დარბოდა... დარბოდნენ მარტო, წყვილად, გუნდად... ვინც მარტო იყო, ყურსაცვამები ჰქონდა გარჭობილი და მუსიკის ტაქტზე ნაზად მიარხევდა უკანალს. მათი მოძრაობისა და სირბილის ტემპით იოლად მიხვდებოდი, როგორ მუსიკას უსმენდა.

მაგალითად, აგერ, ძვირფას სპორტულში გამოწყობილმა, სათვალიანმა, კეპიანმა, თმაგადახოტრილმა მამაკაცმა ჩამირბინა. შარვლის უკანა ჯიბიდან მანქანის გასაღებზე დაკიდებული "ბრელოკი" მოუჩანს. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ინფინიტის" პატრონი ყოფილა. სახეზე მედიდური იერი აქვს და ისე მირბის, თითქოს გაყვედრის და გეუბნება - თქვე საცოდავებო, სხვა გზა არა მაქვს, თორემ თქვენ გვერდით სირბილს როგორ ვიკადრებდიო. დარწმუნებული ვარ, ახლა ის ერთ ძველ სიმღერას უსმენს - "მთავარია, გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული... ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ფული ჯადოა, თილისმა, ხშირად ნერვების მომშლელი, დამაფრთხობელი ძილისა... ფულის დათვლა და შენახვა, ესეც ხომ დიდი ნიჭია, შემოგხედავენ, იტყვიან, ფული აქვს, კარგი ბიჭია"...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია