დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი

დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი

"გამარჯობა, შვილო.

მე თემქის მოხუცებულთა პანსიონატიდან გაწუხებთ. ძალიან მინდა, ჩემ შესახებ გესაუბროთ და ის სიხარულიც გაგიზიაროთ, რაც მოხუცებულთა თავშესაფარმა მომცა. იქნებ დრო დამითმოთ იმისთვის, რათა ყველას გავაგებინო, რომ აქ ცხოვრება დასამალი და სამარცხვინო სულაც არ არის. პირიქით, 5-ოთახიანი ბინაც რომ მომცენ და მითხრან, - შეგიძლია, წახვიდეო, აქაურობას ვერ დავტოვებ. მე ჟუჟუნა გოცირიძე გახლავართ და იმედია, ჩემი ინტერვიუ თქვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება", - ეს სიტყვები ეკუთვნის 75 წლის ქალბატონს, რომელმაც საოცრად რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ ოპტიმიზმით სავსემ, იუმორის გრძნობა არ დაკარგა და ცდილობს, გარშემო მყოფებს კარგი განწყობა შეუქმნას.

- თბილისში დაბადებული, გაზრდილი და დაბერებული ქალი ვარ. მყავდა შესანიშნავი ქმარი და ორი შვილი. მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდია თბილისიდან რომ გააძევეს, ამ ამბავს მოჰყვა მიტინგები. ჩემი შვილი პოლიტიკაში დიდად ჩართული არ იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ამბავს შეეწირა. 1992 წლის 2 თებერვალი იყო. რკინიგზის სადგურზე მიტინგი გაიმართა, კიტოვანის ბანდა კი მოქალაქეებს თავს დაესხა. თურმე, მშვიდობიანი ხალხის დარბევა კი არა, მათი დახოცვა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ცეცხლიც გახსნეს. იმ პერიოდში ჩემი უფროსი ვაჟი იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელში იყო. მოგეხსენებათ, იქ საოცარი აკუსტიკაა და სროლის ხმა კიდევ უფრო გამძაფრებულად ისმოდა. მაშინ გამხდარა პირველად ცუდად, მაგრამ შინ მოსულმა არაფერი შეიმჩნია. 3 დღე ცუდად ყოფილა, თუმცა იმდენად თავმოყვარე იყო, რომ ეს არ გაგვიმხილა და ჩვენც ვერაფერი ვიეჭვეთ, რადგან ჩვეულებისამებრ, იჯდა, კითხულობდა, წერდა. 3 დღის შემდეგ ანუ 5 თებერვალს მისმა გულმა ვერ გაუძლო ნერვიულობას, ტკივილს და გარდაიცვალა. მაშინ ის 31 წლის იყო.

- რას საქმიანობდა?

- ტელევიზიაში მუშაობდა, პრაქტიკებს გადიოდა. სურვილი ჰქონდა, მომავალშიც ტელევიზიას არ მოსცილებოდა... მაპატიეთ, მასზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს...შვილი რომ დავკარგეთ, ეს ამბავი ჩემმა ქმარმა ისე განიცადა, რომ სამჯერ დაემართა ინფარქტი. თუმცა, სამივეჯერ დაუძვრა სიკვდილს კლანჭებიდან, მაგრამ 2005 წელს, როცა მეოთხედ გახდა ცუდად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილმა წამართვა ორი საყვარელი ადამიანი... მეუღლის მკურნალობისა და ქმარ-შვილის დაკრძალვის ხარჯებმა ჩემს მხრებზე გადაიარა. ცხადია, ვალის აღებაც დამჭირდა. დიდი არაფერი, მაგრამ ოროთახიანი ჩეხური ბინა მქონდა. ვიფიქრე, ამ ბინას გავყიდი, ვალებს გავისტუმრებ და ერთოთახიან ბინას შევიძენ სადმე, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი საზღვარგარეთ აპირებს წასვლას-მეთქი.

- შვილმა ამ გაჭირვების დროს როგორ მიგატოვათ? საქართველოდან წასვლა რამ აიძულა?

- ჩემი უმცროსი ვაჟი, რომელიც მომღერალი გახლავთ, ფილარმონიის სცენაზე არაერთხელ მდგარა, გასტროლებზეც ხშირად უწევდა წასვლა, მაგრამ ვინაიდან მატერიალურად წელში ვერ გაიმართა, როგორც მომღერალს, რესტორანშიც უხდებოდა მუშაობა და ამით თითქოს, თავმოყვარეობა ელახებოდა. მერე გადაწყვიტა, უკრაინაში წასულიყო. მართალია, იქაც რესტორნებში უნდა ემღერა, მაგრამ იქ ხომ არავინ იცნობდა და თან - გაცილებით მეტსაც გადაუხდიდნენ ალბათ...Mმოკლედ, მარტო დავრჩი და ბინაც გავყიდე. გავისტუმრე ვალები და დამრჩა 20.000 დოლარი, რაც სავსებით საკმარისი იყო ერთოთახიანი ბინის შესაძენად. მაგრამ ვიფიქრე, - ასე უცებ როგორ ვიყიდო? ჯერ კარგად შევარჩევ, მანამდე კი სადმე შევაფარებ თავს-მეთქი. მივედი დეიდაშვილთან, რომელსაც ორსართულიანი კერძო სახლი აქვს, მაგრამ მომერიდა, ხელი არ შევუშალო-მეთქი და ვთხოვე, - ეზოში პატარა სათავსო რომ გაქვს, იქ მოვიწყობ ოთახს, დროებით-მეთქი. ისე, მოხუცს სხვა აბა, რა მინდოდა?..

- სათავსოში ცხოვრების ნება დაგრთოთ?

- კი და ოთახის მოწყობაშიც დამეხმარა. ჩემდა ჭირად თუ საბედნიეროდ, იმ ეზოში, ჩემი დეიდაშვილის სახლის ქვედა სართულზე, ქირით ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ტორტების ბიზნესი ჰქონდა და "ხაზეიკაც" თავისთან ჰყავდა დასაქმებული. მითხრეს, რომ თვეში, მოგების სახით, 1.000 ლარი მაინც რჩებოდა. იმ გოგომ რომ გაიგო, ბინის შესაძენად ფული მქონდა, შემომიჩნდა, - მასესხე და მერე მე დაგეხმარები კარგი ბინის ყიდვაშიო. ცოტა არ იყოს, ვიჭოჭმანე, მაგრამ ის ფეხებში მედებოდა, აღარ მომშორდა, ტვინი გადამიტრიალა და გადავწყვიტე: რაც არის, არის, სად დამეკარგება-მეთქი? სხვათა შორის, იმდენი ჭკუა კი ვიხმარება, რომ ნოტარიუსთან ყველაფერი წესის მიხედვით გავაფორმეთ.

- ალბათ ბიზნესი გააფართოვა და მოგების გარკვეულ პროცენტსაც შეგპირდათ, არა?

- არა, უბრალოდ, ვასესხე იმ იმედით, რომ ბინის საშოვნელად სირბილი არ დამჭირდებოდა. თუმცა, ისიც მითხრა, ცოტაოდენ ფულს შენც იშოვიო და ნოტარიუსთან რომ მივედით, მასაც უთხრა, - თვეში ამდენს მივცემო. არ ვიცი, ერთმანეთთან შეკრულები იყვნენ თუ რა ხდებოდა, მაგრამ ნოტარიუსმა გააპროტესტა, - პროცენტის სახით ამდენის მიცემა არ შეიძლებაო. - არ მინდა, სულ ნუ დაწერთ-მეთქი. - ამ გოგოსAასე ენდობიო? -Kკი-მეთქი. სიმართლე ვთქვი, ნამდვილად ვენდობოდი! აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ოჯახის ქალი, რომელსაც შესანიშნავი მეუღლე, კარგი დედამთილი და სამი შვილი ჰყავდა, ასე გამაცურებდა? ჩემი ჭკუით, კეთილი საქმე გავაკეთე... თანხა 2 წლის ვადით ვასესხე, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ არც ფული მომცა, არც რაიმეს მპირდებოდა. როცა მივხვდი, რომ მწარედ მომატყუეს, დავიწყე იმაზე ფიქრი, სად წავსულიყავი? დარჩენილ ცხოვრებას დეიდაშვილის სათავსოში ხომ არ გავატარებდი? მართალია, პირველ ხანებში ბინის ქირას ვუხდიდი (მიზერულ თანხას, მაგრამ მაინც...), მაგრამ მას მერე, რაც ფული ხელიდან წამგლიჯეს, ამის საშუალებაც აღარ მქონდა. ჰოდა, სწორედ ამ გასაჭირმა გამახსენა ეს პანსიონატი.

- მიკვირს, ნუთუ არავინ გყავდათ გვერდით, როცა ბინის ყიდვა გსურდათ? დეიდაშვილისთვის ქირის გადახდას არ გერჩივნათ, სადმე გარეუბანში მაინც შეგეძინათ ბინა?

- როგორ არ მერჩივნა, მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა, ძალიან დაბნეული ვიყავი და ბინის დამოუკიდებლად შოვნაც გამიჭირდა. ვიფიქრე, ცოტას დავწყნარდები და ჭერის ძებნას ამის შემდეგ შევუდგები-მეთქი...

- თავშესაფარში როგორ მიგიღეს?

- აღრიცხვაზე დავდექი ჯანდაცვის სამინისტროში. იმისთვის, რომ აქ უფასოდ, ყოველგვარი ქირის გარეშე მეცხოვრა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანის სტატუსი უნდა მქონოდა. ჰოდა, შევიტანე განცხადება სააგენტოში. მოვიდნენ შესამოწმებლად და საოცრად მაღალი ქულა - 82 ათასი დამიწერეს. იმ ქულებით აქ რომ მოვხვედრილიყავი, თვეში 150 ლარი მაინც უნდა გადამეხადა. საიდან მეშოვა თვეში ამდენი ფული? მე ხომ არც ბინა მაქვს, არც - არაფერი ღირებული. იმ სათავსოშო საწოლისა და კარადის გარდა, არაფერი ეტეოდა და არც არაფერი ეწყო. მერე მითხრეს: ეტყობა ეგონათ, რომ ნივთები გადამალული გქონდა და უფრო მეტიც, ამ სარდაფში მათთვის თვალის ასახვევად ცხოვრობდიო. რა ვიცი, ალბათ ასეთებიც ხდება, მაგრამ მე ხომ მართლა იქ ვაფარებდი თავს? ჰოდა, ეს ამბავი გავაპროტესტე. სოციალურ სააგენტოში მივედი: ასეთ და ასეთ პირობებში ვცხოვრობ და ეტყობა, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. გთხოვთ, ხელმეორედ შემამოწმოთ-მეთქი. 2 კვირაში მოვიდა პასუხი ჩემს განცხადებაზე: ვინაიდან წელს უკვე შეგამოწმეს, მეორედ აგენტს ვერ გამოვუშვებთ. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, გაისად მოგვმართეთო. ვიფიქრე, მანამდე სად უნდა ვიცხოვრო-მეთქი? დასახმარებლად მერიას მივმართე და განცხადება იქაც დავტოვე. თავად გიგისთან ვერ შევაღწიე, რადგან მერს მოქალაქეების მიღების საათი არ ჰქონდა. განცხადებაში ყველაფერი დეტალურად აღვწერე და უგულავას ვთხოვე, - იქნებ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ ჩემი სამყოფელი-მეთქი. ეტყობა, მერიაში ეს საკითხი განიხილეს და ჩემთან ისევ მოვიდა სოცაგენტი, რომელმაც 70 ათასი ქულა ჩამიწერა. ესეც არ მაწყობდა, რადგან ამ შემთხვევაში, თავშესაფარში ყოფნისას თვეში 90 ლარი მაინც უნდა გადამეხადა. გავბრაზდი და წერილი ახლა პრეზიდენტს გავუგზავნე. ის პერიოდი იყო, როცა ლტოლვილებს ბინებს ურიგებდენ პირად საკუთრებაში. ჰოდა, მეც მივწერე: იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი დევნილებს ბინებს უფორმებს, მე, თბილისში დაბადებულს, გაზრდილსა და დაბერებულს ნუთუ, ერთი პატარა ოთახი არ მეკუთვნის უფასოდ, პანსიონატში-მეთქი? ცოტა ხანში ისევ მოვიდა აგენტი და მითხრა: რასაც გინდათ, იმას დაგიწერთო. - ეგრე არ მინდა! რაც ნამდვილად მეკუთვნის, ის დამიწერე-მეთქი. შემაფასა და აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ვიყავი და აქ უფასო თავშესაფარი მომცეს.

- თქვენმა შვილმა იცის, სადაც ცხოვრობთ?

- ეს რომ გაიგო, გადაირია: რას შვრები, თავს მჭრიო? ვუთხარი: შვილო, ჯერ ერთი, არ არის იმის საშუალება, რომ სადმე გავჩერდე. დეიდაშვილთან აბა, როდემდე უნდა ვიყო-მეთქი?.. თავიდან ერთ ოთახში სამი ქალი ვცხოვრობდით, მერე დამპირდნენ, - თუ ჭკვიანად იქნები, ცალკე გადაგიყვანთო (იცინის).

- რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- სექტემბერში მოვედი აქ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია