საქართველო სტიქიური უბედურებების მოლოდინშია

საქართველო სტიქიური უბედურებების მოლოდინშია

"ბოლო პერიოდში ბუნებრივი კატასტროფები გახშირებულია. სტიქიური უბედურებების საშიშროება საქართველოში 3000-ზე მეტ წერტილში არსებობს, ამიტომ ამ ეტაპზე პრევენციული ზომების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ბოლო დღეებში მდინარეებში წყლის დონის კლებასთან დაკავშირებით.

"ფოთში, პალიასტომის ტბაზე, მდინარე კაპარჭინისა და შავღელის არხში მკვდარი თევზების გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა. დადგინდა, რომ გამორიყულ თევზებს დაავადება წითურა აღმოაჩნდათ, რაც, სპეციალისტების ინფორმაციით, პალიასტომის ტბის წყლის დონის მკვეთრ დაწევასთან არის დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა თბილისშიც ზაჰესისა და ორთაჭალჰესის გაწმენდის გამო მტკვარში წყლის დონემ დაიწია, ამან კი მდინარიდან მკვდარი თევზების გამორიყვა და მიმდებარე ქუჩებში მძაფრი არასასიამოვნო სუნი გამოიწვია.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, არა მარტო საქართველოში, არამედ თითქმის ყველა კონტინენტზე კატასტროფული მოვლენები ვითარდება, რაც გლობალურად კლიმატის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. "ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ის არის, რომ ყველა ფაქტი ბოლომდე შეისწავლონ და შესაბამისი ანალიზიც გაკეთდეს. ცვლილებები, რა თქმა უნდა, ხდება და ბოლო პერიოდში ბუნებრივი კატასტროფებიც გახშირებულია. ჩვენ მუდმივად მოლოდინში ვართ. გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის სააგენტოს 3000-ზე მეტი წერტილი აქვს აღნიშნული, სადაც სტიქიური კატასტროფის საშიშროება არსებობს. ეს ძირითადად მაღალმთიან რეგიონებს, დუშეთს, ყაზბეგს, აჭარას, ზემო რაჭას, სვანეთს და ა.შ. ეხება.

ჩვენთან სერიოზული პრობლემაა დაბინძურებაც. პროექტით "დავასუფთაოთ საქართველო" 1357 წერტილია აღმოჩენილი, რომელიც არალეგალური ნაგავსაყრელია. ზედაპირულ წყლებში მომატებულია როგორც ბაქტერიებით, ასევე მძიმე მეტალებით დაბინძურება. მაგალითისთვის, კასპში, საგარეჯოში, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მდინარეში. საფრთხეები ძალიან დიდი გვაქვს. ყველაფერი ეს კი ფლორისა და ფაუნის ძალიან მძიმე მდგომარეობას იწვევს. ამასთან, ეს წყლები არაა უსაფრთხო ბანაობისთვის და ხშირად ადამიანებს კანის დაავადებები ემართებათ. ბოლო პერიოდში მდინარეში ლეშის ჩაგდების ფაქტებიც გახშირდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ახლა ყველაზე მთავარი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა. გარემოს დაცვის სააგენტოს ყველა მონაცემი ადგილობრივ თვითმართველობებშია დაგზავნილი. თითოეულს კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რათა მეტი დაცვითი ღონისძიება გატარდეს რეგიონში", - აღნიშნა ჩხობაძემ.

"გარემოს დაცვის კომიტეტის წევრის გია გაჩეჩილაძის შეფასებით კი, ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს და განსაკუთრებული საფრთხეები არ არსებობს. თუმცა, დეპუტატი მდინარეებზე, წყალზე მონიტორინგის სისტემის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღეს წყლის ხარისხის თვალსაზრისით მოსახლეობა არც ისე დაცულია. "პალიასტომის ტბა კოლხეთის ეროვნულ პარკში შედის, რომელიც დაცულია, ამიტომ დაბინძურება ან სხვა მიზეზი აქ გამორიცხულია. როგორც ჩანს, იქ რაღაც დაავადება არის, რომელიც ტბის დონის კლებასთან არის დაკავშირებული, რაც უარყოფითად მოქმედებს თევზების მდგომარეობაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ცოტა ხნით პალიასტომის ტბაში თევზაობა უნდა შეიზღუდოს, რათა გაირკვეს, დაავადების გამო თევზი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ხომ არ არის. მტკვარს რაც შეეხება, ცნობილია, რომ ეს ორთაჭალის ჰიდროსადგურში მიმდინარე სამუშაოების გამო მოხდა. თუმცა, ეს სიგნალი იყო იმ უბედურებასთან დაკავშირებით, რაც მტკვარზე შეიძლება მოხდეს.

საუბარია თურქეთის ტერიტორიაზე, არდაგანის ოლქში ბეშიქხაიას წყალსაცავის მშენებლობაზე, რაც გამოიწვევდა იმას, რომ მტკვარი ფაქტობრივად საქართველოში აღარ შემოვიდოდა. ეს კი კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა. იგივე შედეგი დადგებოდა, რაც რამდენიმე ხნის წინ იყო და ზაფხულში წყლის დეფიციტის გამო კანალიზაციის არხად გადაიქცეოდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით კი, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი საშიშროების არსებობის გამო თურქეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დადებითი შედგებიც გვაქვს. სასურველია, მონიტორინგის სიტემა აღდგეს, რომელიც ადრე არსებობდა და 114 თუ 116 მდინარეზე სისტემატური დაკვირვება მიმდინარეობდა. დღეს მდინარეების ქიმიური შესწავლა ფაქტობრივად აღარ ხორციელდება და ძნელი სათქმელია, საქართველოს მასშტაბით ზედაპირულ წყლებში რა მდგომარეობაა.

მაგალითად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ზესტაფონში მდინარე ყვირილა. საერთოდ, ასეთ მსხვილ სამრეწველო ცენტრებში გამავალი მდინარეები კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამას ყველაფერს მუდმივი დაკვირვება სჭირდება იმ ადგილებში მაინც, სადაც ეს ცხელი წერტილები არსებობს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გია გაჩეჩილაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია