იალბუზის #9-ში ჩამონგრეული სახლი სამშენებლო კომპანია "სასკოს" ეკუთვნოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იალბუზის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს , აღნიშნულ სახლი 8 წელია მიტოვებულია და ყოფილმა მფლობელებმა ის სამშენებლო კომპანია "სასკოს" მიყიდეს, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ორი ქალბატონი, რომელიც დღეს სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სწორედ სახლის ყოფილი მფლობელები არიან. მეზობლების განცხადებით, მათ არ იციან, თუ რატომ მოვიდნენ ეს ქალბატონები ყოფილი სახლის სანახავად.
სავარაუდოდ, კედლის ჩამონგრევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი კარის გაღებას ცდილობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაშავებული, ვინაიდან ის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გონება დაკარგა. ხოლო მეორე ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. სასწრაფო დახმარების მანქანამ ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
იხილეთ ასევე|თბილისში, იალბუზის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა და სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა