"ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ" - რას ყვებიან ბავშვებზე მოძალადე მამაზე მშობლები და მეზობლები

"ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ" - რას ყვებიან ბავშვებზე მოძალადე მამაზე მშობლები და მეზობლები

"ბევრჯერ გამიგია, რომ ბავშვებს სცემდა. ვინც მათთან შედიოდა, ამბობდა, რომ სულ ჩალურჯებულები არიან ბავშვებიო", - ყვება "ქრონიკასთან" საუბარში გურჯაანის მკვიდრი, რომელიც სამ ბავშვზე მოძალადე მამის მეზობელია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამამ სამი მცირეწლოვანი შვილი ისე გაიმეტა, რომ ტრავმირებული ბავშვები საავადმყოფოში აღმოჩდნენ. ორის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, მათი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ბავშვები 4, 2 და 1 წლისანი არიან. მოძალადე მამა პოლიციამ დააკავა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.

სხვა მეზობლები მომხდარზე ღიად საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ მოძალადის ოჯახთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, თუმცა მომხდარით აღშფოთებულები არიან.

"უპატიებელი ამბავია, ოჯახში რაც არ უნდა სიმწარე გქონდეს, ბავშვები რა შუაში არიან", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მეზობლების თქმით, 25 წლის მამაკაცი გერებს სისტემატურად უსწორდებოდა.

"ეს ყველაზე საშინელი ამბავი მოხდა. იმ პატარა თოთო ბავშვმა რა დაუშავა. ისინი ხომ ცოდოები არიან", - აღნიშნავს მეორე მეზობელი.

მოძალადის დედა მომხდარს სოციალურ პირობებს უკავშირებს. ამბობს, რომ ორშვილიანი რძლის მოყვანის წინააღმდეგი იყო და ამიტომ შვილის ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონადა. იგი მეურვეობის აღებას საკუთარ შვილიშვილზე აპირებს, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს.

"ვერ მუშაობდა ჩემი შვილი, ვერ ინახავდა ოჯახს. ეს რომ მოიყვანა, ეს გოგო, ვიყავი წინააღმდეგი. არ მოვსულვარ, არ ვიცნობ რძალს - ორი შვილი ჰყავდა და იმიტომ. ჩემი შვილი გაჭირვებული იყო, გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა. რომ ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ, აბა რა ვიცი, რა გააკეთა", - აცხადებს მოძალადის დედა.

სოციალური პირობებით ხსნის შვილის მიერ ბავშვებზე ჩადენილ ძალადობას მისი მამაც.

"გაჭირვება რომ არის, უფულობა, უქონლობა, სიღატაკე, შიმშილი. მეტი კი არ უნდა", - აცხადებს მოძალადის მამა.

ამ დრომდე გურჯაანის სამედიცინო ცენტრში სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ძალადობის 4 წლის მსხვერპლი. სოციალურ სამსახურში ადასტურებენ, რომ ბავშვზე ბებიის მეურვეობას დაეთანხმებიან, თუმცა მანამდე მის მდგომარეობას დეტალურად შეისწავლიან.

ნუნუ ქოროღლიშვილი, სოციალური მუშაკი:

"ამ ბავშვს გამოუჩნდა ბებია, რომელთანაც აქვს გარკვეული მიჯაჭვულობა. უყვარს და სულ უნდა რომ ბებიის გვერდით იყოს".

თავისა და სახის არეში მიყენებული ტრავმებითა და სისხლჩაქცევებით 1 და 2 წლის ბავშვები წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მათ სამედიცინო მკურნალობა ამ ეტაპზეც უტარდებათ.

"ნევროზული სისხლჩაქცევა შუბლის თხემის და ნათხემის მიდამოში, არის დაჟეჟილი კრები თავის ტვინის, იყო გამოხატული მკვეთრად ანემია", - აცხადებს ექიმი.

მოძალადე მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ უკვე დააკავა. მომხადრზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: გურჯაანში მამაკაცმა 4 წლის შვილი და 1 და 3 წლის გერები სასტიკად სცემა - პატარები კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია