ნარკოტიკზე გაცვლილი ცოლის შემზარავი ისტორია

ნარკოტიკზე გაცვლილი ცოლის შემზარავი ისტორია

"მოკლავენ მევალეები, თუ ფული არ ჩაიტანა სასწრაფოდ, უნდა დამეხმაროთ, თორემ ღია ცის ქვეშ დავრჩებითო!..

გთავაზობთ მორიგ კრიმინალურ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

- საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა ახალგაზრდა ქალმა ისეთი სტრესი მიიღო, კარგა ხანს დასჭირდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა, - იხსენებს ბატონი ბიძინა ერთ-ერთ ამბავს თავისი პრაქტიკიდან:

- ვიცი, ზედმეტად მკაცრი და ალბათ სასტიკიც ვარ, მაგრამ ჩემსავით არავინ იცის, რომ ნარკომანი გამძვინვარებულ მხეცზე საშიშიც კია, როცა ნარკოტიკული შიმშილი გონებას უბინდავს.

27 წლის ასმათ ილურიძის (აქაც და შემდეგშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მშობლებმა მოგვმართეს, ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა ზუსტად არ იცოდნენ, როდის გავიდა შინიდან. ასმათი გათხოვილი იყო და რადგან მშობლების თანხმობის გარეშე გათხოვდა, მათთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან უჭირდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბატონმა გურამმა, დაკარგულის მამამ იცოდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც გაგვიმხილა:

- მე ექიმი ვარ და მომავალ სიძეს ჩემს შვილზე ადრე ვიცნობდი. ზურა ქალაქში ცნობილი ოჯახიდანაა. ისიც ვიცოდი, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და მამამისის გავლენის წყალობით არ გარიცხეს სამედიცინო ინსტიტუტიდან. ისევ მამამისის ხელშეწყობით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩვენთან გაანაწილეს სამუშაოდ. რამდენჯერმე იმაზეც გამოვიჭირე, რომ ავადმყოფებისთვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც კი იპარავდა, არათუ ნარკოტიკს საოპერაციოდან. მოვახსენე კიდევაც ამის შესახებ მთავარ ექიმს, მაგრამ ვერ გაუბედა მხილება და დასჯა. მეც გაჩუმება მირჩია, - მამამისმა თუ მოინდომა, იქით დააჭერინებს ჩვენს თავს ცილისწამებისთვისო. მოკლედ, გავჩუმდი ჩემდა საუბედუროდ. ასმათი ჩემს დაბადების დღეზე გაიცნო. 50 წელი რომ შემისრულდა, ლამის მთელი საავადმყოფოს პერსონალმა მომილოცა და მათ შორის ზურაც იყო. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა ჩემი ასმათი. რომ გავიგე, ერთმანეთს ხვდებოდნენ, კატეგორიულად მოვთხოვე ასმათს დაშორებოდა. არ დამიჯერა. ხომ იცით, 15-16 წლის გოგონებს ნარკომანობა და ძველბიჭობა ერთგვარ რომანტიკადაც მიაჩნიათ. ზურა ასმათზე ბევრად უფროსია. არ ვიცი, როგორ მოხიბლა, მაგრამ ფაქტია, რომ სახლიდან გაიპარა. სრულწლოვანიც არ იყო... თავიდან ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს: ძვირფასი სამოსი და სამკაულები უყიდეს, ცალკე ბინაც შეუძინეს ახალდაქორწინებულებს. მანქანაც კი აჩუქეს ასმათს, არც მისი ინსტიტუტში მოწყობა გასჭირვებიათ. თუმცა, პრობლემებიც მალე გაჩნდა: ორი წლის განმავლობაში ორჯერ ნაადრევად იმშობიარა და ორივე ბავშვი მაშინვე დაეღუპა... როგორც ექიმი, ვხვდებოდი, რომ ეს მისი ნარკომანი ქმრის გამო ხდებოდა. ვურჩიე, ან ხელი შეეწყო, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა, ან სულაც გაშორებოდა. ქმრის მიტოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა, - როგორ არ გესმით, მიყვარს, თან მასთან "თავისუფლად" ვგრძნობ თავს, არაფერს მიშლისო... "თავისუფალ ცხოვრებას" იმას ეძახდა, რომ მართლა არაფერს უშლიდა ქმარი, ალბათ საყვარელიც რომ გაეჩინა, არც იმას დაუშლიდა, რადგან თვითონ წამლის მეტი აღარაფერი აინტერესებდა. ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა და რადგან მფარველი აღარ ჰყავდა, სამსახურიც მალე დაკარგა.

აღარ აპატიეს, რომ ნაოპერაციებ მამაკაცს, რომელსაც ტკივილი ტანჯავდა, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა, მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკი კი თვითონ შეიშხაპუნა. ის კაცი შოკში ჩავარდა ტკივილისგან და კინაღამ მოკვდა...

სამსახური რომ დაკარგა, მიადგა და ჯერ თავისი ავტომანქანა გაყიდა, მერე ჩემი ქალიშვილისაც. თანდათან ყველაფერი გაიტანა შინიდან, რაც კი რამ

ღირებული გააჩნდათ. ბინის გაყიდვაზე რომ მიდგა საქმე, ასმათი ჩვენ მოგვადგა და ფული გვთხოვა:

- მოკლავენ მევალეები, თუ ფული არ ჩაიტანა სასწრაფოდ, უნდა დამეხმაროთ, თორემ ღია ცის ქვეშ დავრჩებითო!..

არც ფული მივეცი და როცა ქმართან გაყრაზე ისევ უარი მითხრა, სახლიდანაც გავაგდე. ამიტომ კარგა ხანია არ მინახავს, არც ვიცი, როდის გაუჩინარდა...

ამ დროს ქალბატონი ეთერი, ასმათ ილურიძის დედა, ატირდა და ქმარს დამფრთხალმა გახედა:

- მე ვნახე ამ ორი კვირის წინ, ჩემი ოქროულობა გავატანე. ქმრისთვის კი არ მითქვამს, არ დამანებებდა. ჩემი შვილი შემეცოდა, - ზურასაც მოკლავენ და მეც მიმაყოლებენ, ახლა მარტო ქართველი კი არა, აზერბაიჯანელი მევალეებიც აკითხავენ, დიდი პარტია წამოუღია ნარკოტიკის და აქაურ "ძმაკაცებს" გადაუგდიათო...

ქალბატონმა ეთერმა ისიც გვითხრა, რომ უკვე ბინაც დაკარგა მისმა სიძე-ქალიშვილმა, - ვიღაც აზერბაიჯანელს თავის სახელზე გადაუფორმებია, თუმცა კი ზურა ჯერ ისევ თავის ბინაში ცხოვრობსო.

- როდის გაიგეთ შვილის გაუჩინარების შესახებ? - ვკითხე გაუბედურებულ მშობლებს.

- რომ აღარ გამოჩნდა, სამი დღის წინ მივაკითხე, - ისევ ატირდა ქალბატონი ეთერი, - ზურამ მითხრა, ბინის დაკარგვის შემდეგ ვიჩხუბეთ. ასმათმა ჩემოდანი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა, მეგონა, თქვენთან წამოვიდაო!.. ისევ ნარკოტიკით იყო გაბრუებული. გამიკვირდა, ისევ რომ უშოვია წამალი, იმდენი ვალი ჰქონდა, ნისიადაც აღარავინ ენდობოდა... მეშინია შვილის გამო. მას მართლა არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი და თუ ქმარს გამოექცეოდა, ჩვენთან უნდა მოსულიყო...

- იქნებ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადახდა, შერცხვა თქვენთან დაბრუნება და რომელიმე ახლობელს შეაფარა თავი?! - დავეჭვდით ჩვენ.

- არა, ყველა ახლობელთან და მეგობართან მოვძებნეთ, მაგრამ არავის უნახავს. ვაითუ, მოკლა ჩემმა მხეცად ქცეულმა სიძემ, გვიშველეთ რამე! - ახლა უკვე მამასაც მოერია ცრემლი.

...როცა ზურა ნათაძეს მივაკითხეთ, ისე იყო ნარკოტიკით გაბრუებული, იმ დღეს მასთან ლაპარაკი ვერ მოვახერხეთ. პოლიციელი მივუჩინეთ მცველად.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია