"ჯოხის აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია..." - 9 წლის ასაკში დაკარგული ხელები და თავიდან დაწყებული ცხოვრება

"ჯოხის აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია..." - 9 წლის ასაკში დაკარგული ხელები და თავიდან დაწყებული ცხოვრება

20 წლის გიორგი ხიზანიშვილს ხელების გარეშე უწევს ცხოვრება. ის ფიზიკური ნაკლით არ დაბადებულა. ხელები 9 წლის ასაკში, ბავშვური თამაშის დროს უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. ამის შემდეგ გიორგი კომპიუტერთან ჯდომას, ინტერნეტში შესვლას და წერილის გაგზავნასაც კი ფეხის თითით ახერხებს.

რესპოდენტი ძალიან გულწრფელი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა. მომხდარზე კომპლექსების გარეშე გვესაუბრა.

- გიორგი, იქნებ შეეცადო მომხადრი კიდევ ერთხელ გაიხსენო...

- 2003 წლის 30 დეკემბერი იყო. საახალწლო სამზადისი გვქონდა ოჯახში. მე და ჩემი და ბიძასთან წავედით. იქვე იყო ტრაქტორი, საიდანაც წყალს ტუმბავდნენ. უცებ ჯოხი ძირს დაეცა, აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია. მეორე ხელი მივახმარე და ისიც დავკარგე. სამწუხაროდ, ორივე ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

- როგორ შეძელი ახალ რეალობასთან შეგუება?

- რეალობა ძალიან რთული აღმოჩნდა. არ იყო მარტივი ცხოვრების გაგრძელება ხელების გარეშე. ძალიან გამიჭირდა. ჩავიკეტე, ჩემს თანატოლებთან ურთიერთობას გავურბოდი, ყველაფერი მაღიზიანებდა. როდესაც ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდნენ, ვღიზიანდებოდი. სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავის ხელში აყვანა ძალიან გამიჭირდა.

- ვინ დაგეხმარა კომპლექსების დაძლევაში ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად ახლობლები, მშობლები და მეგობრები მეხმარებოდნენ. სახლში არ მტოვებდნენ და ყველგან თან მივყავდი. განსაკუთრებული როლი ითამაშა ეკლესიამ. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, სტიქაროსნობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ეს ფაქტი ძალიან დამეხმარა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ვითარების დაძლევა შესაძლებელი იყო. მერე ჩვეულებრივი ურთიერთობა დავიწყე ყველასთან და კომპლექსებიც მომეხსნა. ამ ფაქტს ყველა შეეგუა და მეც სრულყოფილი ადამიანი გავხდი.

- რისი კეთება გინდა და რას ვერ ახერხებ ხელების გამო?

- ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. ფორტეპიანოზე დაკვრა და ქართული ცეკვები დღემდე ჩემი ოცნებაა, თუმცა უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ ამას ვერასოდეს შევძლებ! ძალიან მიყვარს წერა. ამის კეთებას ვახერხებ, კომპიუტერში ფეხის თითით ვწერ. ალბათ ყველაფერი მიჩვევაა. ფეხით წერა აღარ მიჭირს და თავისუფლად ვახერხებ.

- სკოლაში სიარულსა და განათლების მიღებას როგორ ახერხებდი?

- სკოლაში სიარული არ მიმიტოვებია. ცხადია, დახმარება მჭირდებოდა. სკოლაში მეგობრები და მასწავლებლები მეხმარებოდნენ, სახლში - მშობლები. დავალების დაწერასაც ვახერხებდი. სხვა ადამიანების მსგავსად ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად არ შემიძლია და დახმარება მჭირდება.

- უკვე მეორე კურსის სტუდენტი ხარ, პროფესია რა ნიშნით აირჩიე?

- "თბილისის სასულიერო სემინარიაში" ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ხელოვნება ბავშვობიდან მაინტერესებდა და პროფესიის არჩევაც ამ ნიშნით გადავწყვიტე. გამოცდებს წარმატებით ვაბარებ და ნორმალური შედეგი მაქვს. სემინარიაში სწავლა საინტერესოა და მეც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. სემინარიის სტუდენტები პატრიარქს შევხვდით, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა.

- პროთეზის გაკეთება არ გიცდია?

- პროთეზი თავდაპირველად ბავშვთა ფონდმა დამიფინანსა. ძალიან პრიმიტიული იყო, თითქმის ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი. 2008 წელს ორივე ხელი დამიმონტაჟეს, მაშინ კი მხოლოდ ჭამას ვახერხებდი. ის პროტეზები ახლა აღარ მერგება. ახლაც მჭირდება პროთეზები, თუმცა ძალიან ძვირი, 113 000 ევრო ღირს.

- როცა მომხდარს აანალიზებ, რა განცდა გაქვს?

- ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება და ალბათ ჩემს ცხოვრებაშიც ასე უნდა მომხდარიყო.

თიკო გურაშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია