რამდენად ადეკვატური მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს სამუშაოს მაძიებელთათვის ანუ, როგორ დავსაქმდეთ საქართველოში

რამდენად ადეკვატური მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს სამუშაოს მაძიებელთათვის ანუ, როგორ დავსაქმდეთ საქართველოში

ხშირად სამსახურის მაძიებლები კონკრეტულ ვაკანსიებში დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს არაადეკვატურად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ კონკრეტულ პოზიციაზე ჩამოთვილი მოთხოვნები არ შეესაბამება დასახელებულ პოზიციას. თუმცა, სულ სხვაგვარი მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგნლებს, რომელტა თქმითაც, დღეს ბაზარზე არსებული კადრები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

Amebebi.ge შეეცადა გაერკვია თუ რამდენად ადეკვატურია ამა თუ იმ პოზიციისთვის ჩამოთვლილი მოთხოვნები, რამდენად აკმაყოფილებენ დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სამუშაოს მაძიებლები და კომპანიას უნდა ჰქონდეს თუ არა სავალდებულო სტაჟირება. ამისათვის რამდენიმე კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელებს იგივე, ეიჩარებს გავესაუბრეთ.

კომპანია Avon-ის ეიჩარ ბიზნეს-პარტნიორის, სალომე კიღურაძის თქმით, მათ კომპანიაში ზოგიერთ პოზიციაზე, მაგალითად მომსახურების სფეროში, მეტ-ნაკლებად კარგი რესურსი მოდის, თუმცა, ანალიტიკურ სფეროში გამოცდილი კადრების ნაკლებობაა.

სალომე კიღურაძე: ჩვენ კომპანიას რაც სჭირდება მოთხოვნებშიც იმას ვდებთ. ჩვენი ბიზნესისთვის კონკრეტული უნარები გვჭირდება, კონკრეტული პოზიციის მიმართ კონკრეტული და ადეკვატური მოთხოვნები გვაქვს. თუ ვხედავთ, რომ ბაზარზე შესაბამის კანდიდატებს ვერ ვნახულობთ, ვცდილობთ ავიყვანოთ დამწყები სპეციალისტები და ჩვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე განვავითაროთ.

-თქვენი აზრით, კომპანიისთვის საჭიროა თუ არა სავალდებულო სტაჟირება, ჰყავს თუ არა "ეივონს" სტაჟიორები?

-შარშან არა, თუმცა შარშანწინ სტაჟირება გვქონდა და მომავალ წელსაც ვაპირებთ. სტაჟირების პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია შედგენილი იყოს წინასწარი გეგმა, რომლის მიხედვითაც სტაჟიორს კონკრეტული საქმიანობა გაწერილი ექნება და აუცილებელია სტაჟიორზე იყოს მიმაგრებული ადამიანი, რომელიც მას ასწავლის და გაუწევს მეთვალყურეობას. ჩვენთან სტაჟირება აუცილებლად ანაზღაურებადია, რადგან ადამიანი მუშაობს და მას წახალისება სჭირდება", - ამბობს სალომე კიღურაძე.

მედია-ჰოლდინგ "პალიტრას" ეიჩარ დეპარტამენტის უფროსის, ნინო ფეიქრიშვილის თქმით, კომპანიის მიერ წაყენებული მოთხოვნები ისეთია, რომელიც კანდიდატს აუცილებლად დასჭირდება არსებული პოზიციის დაკავებითანავე.

ნინო ფეიქრიშვილი: ვფიქრობ, ყველა კომპანია ცდილობს რაც შეიძლება დეტალური სამუშაო აღწერილობა და მოთხოვნები მიაწოდოს აპლიკანტებს. რაც უფრო სრულყოფილია ვაკანსიის ტექსტი, მით უფრო მარტივია კანდიდატის შერჩევა, რადგან აპლიკანტმა იცის ზუსტად სად, რა პოზიციაზე, რა სამუშაოს შესასრულებლად აგზავნის რეზიუმეს. ზოგჯერ კომპანიები უფრო მეტს ითხოვენ აპლიკანტებისგან, ვიდრე დღეს არსებულ სამუშაოს სჭირდება, თუმცა ვფიქრობ ეს სწორია, რადგან ეიჩარი კომპანიის ბიზნეს პარტნიორია, ამიტომ მან კარგად იცის კომპანიის განვითარების გეგმები და ვალდებულია შეურჩიოს კანდიდატები, რომლებიც ბიზნესს მომავალი გეგმების განხორციელებაში დაეხმარებიან.

-რამდენად ადგება ვაკანსიაში მითითებული მოთხოვნა უკვე სამსახურში დასაქმებულს?

-როგორც უკვე აღვნიშნე, სწორად გაკეთებული ვაკანსიის ტექსტი სასურველი კანდიდატის აყვანის გარანტია. ამიტომ დამსაქმებელი ცდილობს რაც შეიძლება ადეკვატური მოთხოვნები წაუყენოს კანდიდატს, ისეთი მოთხოვნები რომელიც მას სამუშაოს დაკავებისთანავე გამოადგება.

თუმცა, თუ გავაკეთებთ გამოქვეყნებული ვაკანსიების მცირე ანალიზს, აღმოვაჩენთ, რომ ხშირად დამსაქმებლებიც უშვებენ შეცდომებს. ისინი არასათანადო მოთხოვნებს უყენებენ აპლიკანტებს, მაგალითად მენეჯერის პოზიციას და სპეციალისტის პოზიციას ერთი და იგივე მოთხოვნებს უყენებენ, გვხვდება შემთხვევები, როცა ძალიან დაბალ პოზიციებზე ითხოვენ უამრავ უნარსა და ცოდნას, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ასეთი მოთხოვნებით, დამიჯერეთ, ვერასოდეს შეარჩევენ სასურველ კანდიდატს.

-კომპანიისთვის სავალდებულოა თუ არა ჰყავდეს სტაჟიორები, უნდა ჰქონდეს თუ არა კომპანიას სავალდებულო სტაჟირების პროგრამა?

-სტაჟირების პროგრამა ერთგვარი პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის, რადგან ამ დროს კომპანია იღებს ვალდებულებას ასწავლოს სტაჟიორს და მისცეს მას პრაქტიკაში ამ ცოდნის გამოყენების საშუალება. პალიტრა მედია ჰოლდინგი, ამ მიმართულებით თანამშრომლობს საქარველოში არსებულ ყველა მოწინავე უნივერსიტეტთან და ძალიან ხშირად აკეთებს სტაჟირების პროგრამებს. ხშირად სტუდენტებს ასეთი პროგრამების შემდეგ ვასაქმებთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მაისში პალიტრა მედიამ დაიწყო ახალი სოციალური პროექტი - "ისწავლე და იმუშავე". ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შეეძლებათ გაიარონ ტრენინგები პალიტრის აკადემიაში და ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება პალიტრის სათაო ოფისში.

ვაკანსიის გამოცხადება სხვადასხვა პოზიციაზე განსხვავებული მოთხოვნებით ხდება კომპანია "ავერსში". როგორც კომპანიის ეიჩარ დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა მჭედლიშვილი ამბობს, თანამშრომელთა აყვანისას მნიშვნელოვანი არამარტო განათლება, არამედ პიროვნული თვისებები, გარკვეული უნარ–ჩვევების სწორი შეფასებაა.

ეკა მჭედლიშვილი: არის პოზიციები, რომელზეც ჩვენი მოთხოვნების ადეკვატური კადრის შერჩევა მარტივია. მომსახურების სფეროში რომ კომუნიკაბელურობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ყველამ ვიცით, თუმცა ბუღალტრისთვის ეს შესაძლოა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნები კანდიდატურის მიმართ ადეკვატური, აუცილებელი და საჭიროა სამუშაო პროცესში.

"იმისთვის, რომ ფირმაში არსებულ გარემოსა და შინაგანაწესთან კადრი ადაპტირებადი იყოს, კომპანიაში დანერგილია სწავლების უწყვეტი პროცესი, რაც სემინარებს, ტესტირებებს, სტაჟირებას გულისხმობს. სტაჟირება ცხადია სამომავლო დასაქმებასაც გულისხმობს", - ამბობს ეკა მჭედლიშვილი.

დასაქმების ბაზარზე არსებობს კომპანია, რომემელიც კომპანიებს სასურველი კადრების შერჩევაში ეხმარება. კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" უკვე სამ წელზე მეტია ამ სფეროში მოღვაწეობს და მისი ძირითადი სერვისებია: რეკრუტინგი ანუ კომპანიისთვის კადრების შერჩევა და ეიჩარის შეთავაზება კომპანიებისთვის.

ნინო ჯინჯოლავა "ეიჩარ პარტნერსის" დირექტორი: ჩვენ ვფლობთ ბაზას, სადაც ინახება ათიათასზე მეტი რეზიუმე, ჩვენი ბაზა მუდმივად განახლებადია. ნებისმიერი კომპანია ვაკანსიას ჩვენ გვაცნობს და ჩვენ მათ სასურველ კადრებს ვთავაზობთ, ამით კომპანიას არ უწევს განცხადების გამოცხადება და საკუთარი რესურსის დახარჯვა.

"თავიდან როცა საქმიანობას ვიწყდებით, დამსაქმებლების მხრიდან უფრო არაადეკვატური მოთხოვნები იყო, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაიხვეწა, თუმცა არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი პოზიციისთვის ისეთ მოთხოვნებს აყალიბებს, რომელიც გადაჭარბებულია და კანდიდატს არც მოეთხოვებოდეს, ამიტომ ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ოპტიმალური გამოსავალის მიგნებაში.

"რაც შეეხება ბაზარზე არებულ კადრებს, ორივე მხარეს ერთი და იგივე სიტუაცია გვაქვს. საკმაოდ დაუხვეწავი რეზიუმეებია, დასაქმების მსურველებში თვითპრეზენტაციის უნარი დაბალ დონეზეა, თუმცა, იმედი მაქვს თანდათან ყველაფერი გამოსწორდება", - ამბობს ნინო ჯინჯოლავა.

Amebebi.ge

თაკო ესებუა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია