20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა - დაუჯერებელი გმირობა, რომელმაც ჩემპიონის კარიერა დაასამარა

20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა - დაუჯერებელი გმირობა, რომელმაც ჩემპიონის კარიერა დაასამარა

1976 წლის 16 სექტემბერს კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.

ამ დროს, ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს მსოფლიოს ჩვიდმეტგზის, ევროპის ცამეტგზის, საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი და 8 მსოფლიო რეკორდის ავტორი შავარშ კარაპეტიანი ასრულებდა.

მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა. მოგვიანებით ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოყვანა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა… სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ სხვების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვრევებისგან დასერილი ადგილები.

კითხვაზე –"რა იყო ყველაზე მძიმე?", კარაპეტიანმა უპასუხა: " ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო."

მეორე დღეს შავარშ კარაპეტიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება ჰქონდა, 40 გრადუსი სიცხით, რომელიც შემდეგ სეფსისით გართულდა. ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა 46-ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი იარების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, თუმცა მას ამის გაგონებაც არ უნდოდა.

1977 წელს შავარშ კარაპეტიანი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი გახდა და დაამყარა ახალი რეკორდი, თუმცა, ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

იმ შემაძრწუნებელ ოც წუთში მისი ცურვის ნიჭი დასამარდა, რადგან ადამიანების სიყვარულის ნიჭი გაცილებით ძლიერი გამოდგა.

მომზადებულია blog.richmond.edu-ის მიხედვით.