ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა - "არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო"

ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა - "არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო"

კინტოები ბევრი მხატვრის მუზაც გამხდარან და ბევრი ნაწარმოების მთავარ გმირადაც გვინახავს. ვინ იყვნენ ისინი და რატომ გახდნენ თბილისის ერთგვარი კოლორიტები, -  ამის შესახებ Ambebi.ge მწერალ დათო ტურაშვილს ესაუბრა:

- კინტოები იყვნენ ძველი თბილისის ქუჩებში მოვაჭრე ადამიანები (ძირითადად არაქართული წარმომავლობის), რომლებიც ტფილისის დარბაისელ მოქალაქეებს არ უყვარდათ იმის გამო, რომ კინტოებს უტიფრად შეეძლოთ კლიენტების მოტყუება. თუმცა დარბაისელ თბილისელებს, როცა ზაფხულის სიცხის ან სხვა მიზეზის გამო, ბაზარში წასვლა არ შეეძლოთ, სხვა გზა არ ჰქონდათ და ხილს ისევ კინტოებისგან ყიდულობდნენ. კინტოები ხილს (და არა მარტო ხილს) თავზეშემოდგმული სახით ყველგან დაარბენინებდნენ (მაშინდელი თბილისის ქუჩებში) და ზოგჯერ, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, სხვა წვრილ საქმეებზეც დარბოდნენ. როსტომ ხანის დროიდან მოყოლებული, დღის თორმეტ საათამდე, მხოლოდ გლეხებს შეეძლოთ თავისი პროდუქტების გაყიდვა თბილისის ბაზრებში და თორმეტ საათზე რომ ზარბაზანს დააქუხებდნენ, მერე გადამყიდველების დროც დგებოდა.

- როდემდე იყვნენ კინტოები თბილისში?

- კინტოებმა თითქმის საბჭოთა ხელისუფლების დასაწყისამდე მოაღწიეს და მერე გაქრნენ გასაგები მიზეზების გამო. ბოლშევიკებმა ისინი ქორვაჭრებად და საზოგადოების ხორცმეტებად მიიჩნიეს.

- დავით ორბელიანი წერდა: "რაც თურქებმა ვერ ქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ" - როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა?

- დავით ორბელიანი ზუსტად იმას გულისხმობდა, რასაც წერდა - მატყუარა კაცი არის გარყვნილი და ჩვენთვის თუ ახლა ასე არ არის, მაშინ ასე ითვლებოდა.

- კინტოების მიმართ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ერთგვარი სტერეოტიპული დამოკიდებულებაც არსებობს, რაც კინტოების, როგორც ჰომოსექსუალებად აღქმას გულისხმობს...

- ცეკვა კინტაური არის სარიტუალო წარმოშობის და სრულდებოდა ე.წ. სათუქსუსოებში, სადაც შესაბამისი მოთხოვნილებებიც იყო და ამის შესახებ ხმამაღლა და პირველად (თუ არ ვცდები) მწერალმა არჩილ სულაკაურმა გაილაშქრა და მერე ზვიად გამსახურდიამაც მიუძღვნა წერილი ამ ცეკვას. არც ყველა კინტო იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო, მაგრამ ამ ცეკვის ილეთებში რომ საეჭვო პრანჭვის ელემენტებია, ამის შემჩნევა ადვილია.

- რატომ გახდნენ კინტოები თბილისის ერთგვარი კოლორიტები?

- ვერ ვიტყოდი, რომ კოლორიტულები იყვნენ პოზიტიური გაგებით, მაგრამ ძველი თბილისური ყოფის განუყოფელი პერსონაჟები ნამდვილად იყვნენ და ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ იმ პერიოდის ქართულ დრამატურგიაში, ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილები და თეატრმა და ლიტერატურამ, მათ მიმართ აგრესია, კომიკური დამოკიდებულებით შეცვალა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE