სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული"

სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული"

"წიგნში 250-ზე მეტი გავრცელებული დაავადებაა აღწერილი, რომელზეც საქართველოს წამყვანმა ექიმებმა იმუშავეს"

ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაცაა, რომელიც საზოგადოების განვითარების ძირითად პირობას წარმოადგენს. მართალია, ადამიანურ ფასეულობათა იერარქიაში ჯანმრთელობა პირველ ადგილს იკავებს, თუმცა, ხშირად ჩვენთვის საცხოვრებელი გარემოს მოწყობა, სანუკვარი ავტომობილის შეძენა თუ სხვა მატერიალური მიზნები გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ექიმთან დროული ვიზიტი. ეს "სენი" განსაკუთრებით ქართველებისთვისაა დამახასიათებელი, რასაც ობიექტური სოციალური მიზეზები აქვს.

ალბათ ბევრი თქვენგანი ხშირად სხვადასხვა დაავადებაზე, ვირუსებსა თუ სხვა სამედიცინო საკითხებზე ინფორმაციის "ამოკრეფას" ინტერნეტიდან ცდილობს. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, მაგრამ იმ ვებგვერდების, რომლებიც კონკრეტულად სამედიცინო მიმართულების არ არიან, სამედიცინო რჩევებს არასოდეს ვითვალისწინებ. მიზეზიც მარტივია - ხშირად სხვადასხვა ვებგვერდზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა განთავსებული, რის გამოც საბოლოო არჩევანის გაკეთება რთულია, საკითხავია, რომელი მათგანი შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს? ამიტომ შესაძლოა საბედისწერო შეცდომაც კი დაუშვათ. მით უმეტეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ასე რომ, ადამიანის ანატომიასა და დაავადებებზე ინფორმაციის მისაღებად სამედიცინო ინტერნეტ თუ ბეჭდვითი ჟურნალების გარდა, სანდოა და რეკომენდებული სამედიცინო ლიტერატურა... თანაც კაცობრიობას თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ფასეულობები ბევრჯერ გადაუფასებია, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით ადამიანის ყოფაში წიგნები ცხოვრებისეულ მნიშვნელობას დღემდე არ კარგავენ.

რა არის ეს საოცარი ძალა, რაც წიგნებს ყველაფრისგან გამოარჩევს? მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. უფრო მარტივად კი, წიგნი მკითხველს ფიქრის, ძიების, აღმოჩენისა და წაკითხულის გააზრების შესაძლებლობას აძლევს, ამ ფუფუნებას კი, თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებელს ვერასოდეს შეუქმნიან.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ცოტა ხნის წინ მკითხველებს გრანდიოზული პროექტი - "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" შესთავაზა, პირველი ტომი, "სიბრძნის ენციკლოპედია",” მაისში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდა.

ამჯერად გამომცემლობა უნივერსალური ათეულიდან მეორე ტომს, "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიას" გთავაზობთ.

ამ წიგნის შექმნაზე 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა, ამიტომ ის გავრცელებული დაავადებების შესწავლასა და მათი პრევენციისთვის ნამდვილად გამოგადგებათ.

მართალია, ენციკლოპედია ექიმს ვერ შეგიცვლით, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" ნებისმიერ თქვენგანს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის სანდო, კომპეტენტურ და აუცილებელ მეგზურობას გაგიწევთ.

თამარ მამაცაშვილი, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი: "სამედიცინო ლიტერატურა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. დაავადებათა სწორად ამოცნობა და დიაგნოსტიკა მისი განვითარების პროგნოზს განსაზღვრავს. "საოჯახო ენციკლოპედია" დღეისათვის სამედიცინო ლიტერატურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, მის შექმნაში კვალიფიციურ ექიმთა დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. რაც მთავარია, ტექსტი ადაპტირებულია მკითხველისთვის და მას კვალიფიციურ ინფორმაციას მარტივად აწვდის. წიგნში შესულია დაავადებათა უმრავლესობის სიმპტომები, რითაც ადამიანს შეუძლია წინასწარი დიაგნოზი დაადგინოს თავისი პრობლემების შესახებ".

მაია მუხიგული, ავტორი: "წიგნში 250-ზე მეტი გავრცელებული დაავადებაა აღწერილი, რომელზეც საქართველოს წამყვანმა ექიმებმა იმუშავეს. რაც მეტი იცი დაავადების შესახებ, მისი თავიდან აცილება მით უფრო ადვილია. წიგნი პროფილაქტიკასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას უწყობს ხელს. დაავადებების არსებობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს ის ექიმთან ერთად მართოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ეს წიგნი დამხმარეა. რაც მეტი იცი შენი დაავადების შესახებ, მით ნაკლებად წუხდები".

ექიმი მალვინა ჯავახაძე წიგნში ინფექციურ დაავადებებზე მუშაობდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ენციკლოპედია არა მხოლოდ რიგითი მკითხველებისთვის, ექიმებისთვისაც კი საჭირო გამოცემაა.

მალვინა ჯავახაძე, ექიმი: დღეს პაციენტს სამედიცინო განათლება ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პაციენტებში ცალკეული დაავადებების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. ხშირად ადამიანები სამედიცინო საკითხებზე ინფორმაციას არაპროფესიონალისგან იღებენ, რამაც შესაძლოა მათ ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ამ მხრივ, ექიმები მეორე პრობლემასაც ვაწყდებით ხოლმე - პაციენტებისთვის სამედიცინო ტერმინოლოგიის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება რთულია.

საბედნიეროდ, "პალიტრა L"-მა ორივე პრობლემის გადაჭრა შეძლო - პაციენტები, რომლებსაც სამედიცინო ინფორმაციის მიღება სახლის პირობებში სურთ, წიგნში განმარტებას მათთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ. მართალია, დღეს ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა, არ არსებობს ფილტრი, რომელიც მის სისწორეს გააკონტროლებს. შესაბამისად, პაციენტისთვისაც გაუგებარია, ინტერნეტში მიღებული რომელი რეკომენდაცია გაითვალისწინოს. საოჯახო ენციკლოპედიამ კი არაერთი სპეციალისტის ხელში გაიარა. პირადად მე, ინფექციური დაავადებების კუთხით ვიმუშავე. საქართველო, ისევე როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნები, ინფექციური დაავადებების სიხშირით გამოირჩევა. დღე არ გავა, მედიის საშუალებით ახალ ინფექციურ დაავადებაზე არ შევიტყოთ. წიგნი მკითხველს საშუალებას მისცემს, ინფექციურ დაავადებებზე ცოდნა მისთვის საჭირო დოზით მიიღოს. ხშირად ზედმეტი დოზით მიწოდებული ინფორმაციაც მავნებელია, ასეთ შემთხვევაში პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ ხოლმე. სხვათა შორის, ეს წიგნი არა მხოლოდ პაციენტებისთვის, ექიმებისთვისაც საინტერესო და საჭირო სახელმძღვანელოა. მედიცინის მუშაკები გადატვირთული რეჟიმის გამო, მათთვის სასურველი ინფორმაციის შეგროვებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, ქირურგს ან კარდიოლოგს ინფექციურ დაავადებებზე ნაკლები ინფორმაცია აქვს. "პალიტრა L"-ის გამოცემა კი ექიმებსაც საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

სანდო და კომპეტენტური მეგზური

პლევრიტი

პლევრა შემაერთებელქსოვილოვანი თხელი გარსია, რომელიც ფარავს როგორც ფილტვებს (ვისცერული პლევრა), ისე გულმკერდის ღრუს შიგნითა ზედაპირს - გულმკერდს შიგნიდან ამოფენს (პარიეტული პლევრა). პლევრის ფურცლების ანთებას პლევრიტი ეწოდება. ჩვეულებრივ, პლევრიტი ფილტვის რომელიმე დაავადების შედეგად ვითარდება, ესენია: ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის კიბო, ფილტვის ინფარქტი და სხვ. პლევრიტი შეიძლება განვითარდეს რევმატიზმის, ტრავმის შედეგადაც. განარჩევენ მშრალ და ექსუდაციურ პლევრიტს. მშრალი პლევრიტის დროს პლევრის ფურცლებზე აღინიშნება ფიბრინული გამონაჟონი. ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში პლევრის ღრუში გროვდება ანთებითი სითხე (ექსუდატი), რომელიც შემადგენლობის მიხედვით შეიძლება იყოს სეროზული (გამჭვირვალე), სეროზულ-ფიბრინული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული (სისხლის შემცველი) და სხვ. პლევრის ღრუში შეიძლება დაგროვდეს არაანთებითი სითხე (ტრანსუდატი). ის ჩნდება გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზისა და სხვა ორგანული პათოლოგიების დროს.

სტენოკარდია

სტენოკარდია გულის კუნთის ჟანგბადოვანი შიმშილით (იშემიით) გამოწვეული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს შეტევითი ხასიათის დისკომფორტი: ტკივილი, ზეწოლის, სიმხურვალის, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის ან უფრო იშვიათად, სხეულის ზოგიერთ სხვა მიდამოში. შეტევა გრძელდება ხანმოკლე დროის განმავლობაში და არ იწვევს გულის კუნთის ნეკროზს - კვდომას.

ოსტეოპოროზი

ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს შორის ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ხანდაზმულობისას ინვალიდობის მიზეზი უხშირესად ოსტეოპოროზული ძვლის მოტეხილობაა. დაავადება ნელა, შემპარავად ვითარდება, რის გამოც მას ფარულ ეპიდემიას უწოდებენ. ოსტეოპოროზი ჩონჩხის ძვლების დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით გამოიხატება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია