5 ქუჩა თბილისში, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშო გაიხსნება - მშენებლობისა და პროექტირებისთვის 206 700 ლარი გამოიყო

5 ქუჩა თბილისში, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშო გაიხსნება - მშენებლობისა და პროექტირებისთვის 206 700 ლარი გამოიყო

თბილისში სულ მალე ხუთ ადგილას საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. როგორც Ambebi.ge-ს დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობისთვის გამოყოფილია 200 000 ლარი, ხოლო პროექტირებისთვის 6 700 ლარი.

"თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტირების დასრულების შემდეგ ტენდერი გამოცხადდება მშენებლობაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 თვეში დაიწყებს საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას (პროექტირების დასრულებამდე შეუძლებელია მშენებლობის პროცესის ვადების განსაზღვრა). დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილია 5 საპირფარეშოს მოწყობა, კერძოდ მოეწყობა ჩაჩავას ქუჩაზე - ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, დიღომში - ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვერის პარკში", - განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში.

არქიტექტორ-ურბანისტის, ლადო ვარდოსანიძის თქმით, მერიის გადაწყვეტილება თბილისისთვის კარგია, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ 5 საზოგადოებრივი საპირფარეშო ქალაქში ანტისანიტარიის მხრივ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

"ამაზე კარგს მერია ნამდვილად ვერაფერს გააკეთებს. ეს არის ნომერ პირველი პრობლემა არა მარტო ქალაქში, არამედ ჩვენს კულტურაშიც. მაგრამ ხუთი არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, ზაფხულში ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება და ყველა დიდი ქალაქი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს და ასეთ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, იქ სპეციალურად აკეთებენ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს. ამას გარდა, ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი საპირფარეშო ბევრგან იყოს.

ასეთი საპირფარეშოები ყველა განვითარებულ ქალაქშია, ჩვენთან საპირფარეშოს როლს სამწუხაროდ, მიწისქვეშა გადასასვლელები და ცოტა მოფარებული ადგილები ასრულებენ. მით უმეტეს, ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებმა რა ქნან?.. ამას გარდა, ეს ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა და ქალაქში მსგავსი ტიპის მოწყობილობა საჭიროა. უბრალოდ, ხუთი ნამდვილად ცოტაა, მინიმუმ ასი ასეთი საპირფარეშო უნდა იყოს. საბჭოთა კავშირში ნორმაც კი იყო დაწესებული, საპირფარეშოები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კეთდებოდა", - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.

თბილისის საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ რიგში, ძველ თბილისში და ტურისტულ ადგილებში უნდა გაკეთდეს.

"ქალაქში ადამიანები დადიან, მათ ბუნებრივი მოთხოვნილებები გააჩნიათ და ამის დაკმაყოფილებისათვის ნებისმიერი ცივილიზებული და ნორმალური ქალაქი სთავაზობს შესაბამის ადგილებს, რასაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები ჰქვია და ყველა განვითარებულ ქალაქში ნორმალური და მოვლილი საზოგადოებრივი საპირფარეშოებია, თბილისის გარდა.

ამას გარდა, თუ გვინდა, რომ ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, ქალაქში ელემენტარული საზოგადოებრივი საპირფარეშოები არ არის, მით უმეტეს ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ლეღვთახევში, ნარიყალაზე, ხალხი ეძებს საპირფარეშოებს და ვერ პოულობს. ჩამოთვლილ ადგილებში ცუდი მდგომარეობაა; კარგი იქნება, თუ თბილისის მერია ნამდვილად გააკეთებს საზოგადოებრივ საპირფარეშოებს, ქალაქში სისუფთავეც იქნება", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

სტატიაზე თანდართულია ფოტომონტაჟი

ასევე დაგაინტერესებთ| ყველაზე მდიდრული საზოგადოებრივი ტუალეტი 123 000 დოლარი ღირს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია