"არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება მიხეილ სააკაშვილზე" - გია ნოდია ე.წ. "ოთხეულის" განცხადებაზე

"არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება მიხეილ სააკაშვილზე" - გია ნოდია ე.წ. "ოთხეულის" განცხადებაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია, "ფეისბუქის" გვერდზე "ნაციოალური მოძრაობიდან" წასული ე.წ. "ოთხეულის" განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება მისთვის დამაჯერებელი არ ყოფილა. გარდა ამისა, ნოდია აცხადებს, რომ მას არ მოწონს "ერთ კონკრეტულ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე" მიბმული პარტია.

"საჯაროდ არ ვაკომენტარებდი ოთხეულის გადაწყვეტილებას ნაცმოდან გასვლაზე, სანამ მათი განცხადება არ ვნახე. მით უმეტეს, რომ ოთხიდან სამის მიმართ მაქვს (და მრჩება) პიროვნული სიმპათია (გიორგი მელაძეს, უბრალოდ, არ ვიცნობ).

ჩემთვის ეს განცხადება არ არის დამაჯერებელი. სიტყვები, რომ პარტიამ არასაკმარისად აიღო პასუხისმგებლობა 2012 წლის პოლიტიკურ მარცხზე და არასაკმარისად გარდაიქმნა, თავისთავად მხოლოდ ზოგადი სიტყვებია და მნიშვნელობას მოკლებულია, თუ არ დააკონკრეტებ. ნაცმოს შიდა დისკუსიებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ შიგნით არსებობს განსხვავებული აზრები იმის თაობაზე, რამდენად თვითკრიტიკული უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, კერძოდ რა უნდა ჩათვალოს თავის შეცდომად და რა - არა.

ზოგი თვლის, რომ პარტია უკვე ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგი - რომ არასაკმარისად. ეს ნორმალური შიდაპარტიული პლურალიზმია. მე ვისურვებდი, რომ ასეთი შიდაპარტიული დისკუსია უფრო გახსნილი და ფორმალიზებული ყოფილიყო. მაგრამ ეს თუ ასე არ იყო, რაღაც ზომით ზურაბ ჯაფარიძის პასუხისმგებლობაც გამოდის, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის. აღნიშნული მარცხიდან ორწლინახევრის შემდეგ ამ მოტივის მოყვანა ცოტა დაგვიანებული მგონია.

ასევე გაუგებარია: თან ამბობენ, რომ 2016 წელს აღარ იბრძოლებენ საპარლამენტო მანდატებისთვის, თან - რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და თამამი და ახალი პროგრამით გამოსვლა უნდათ. აბა რისთვის ქმნიან ამ პოლიტიკურ ცენტრს და პროგრამას, თუ პარლამენტში მოხვედრისთვის არ იბრძოლებენ? გრეხია ძალაუფლებისთვის ბრძოლა? ან პოლიტიკიდან გადიხარ (მაშინ ლოგიკურია, ახლავე დადო პარლამენტის წევრის მანდატი), ან რჩები პოლიტიკაში (ხოლო თუ რჩები, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, ანუ ძალაუფლებაში მოსახვედრადაც უნდა იბრძოლო).

თეორიულად, ალბათ არსებობს პოლიტიკური ნიშა ისეთი ძალისთვის, რომელიც ასოცირდება ნაციონალური მოძრაობის მიღწევებთან, მაგრამ დისტანცირდება მისი მმართველობის ნეგატიური მხარეებისგან (პირობითად რომ ვქვათ, განასახიერებს "აღმშენებლობის ცხრა წელს" მაგრამ არა "სისხლიან ცხრა წელს"). სხვა სიტყვებით, ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე - ეჭვი მაქვს, რომ ოთხეულის ნამდვილი პოლიტიკური პროექტის არსი ესაა. ისევ თეორიულად, მეც არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება ერთ კონკრეტულ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომლის ყველა ნაბიჯს და გამონათქვამს არც მე ვეთანხმები. მაგრამ პრაქტიკულად, ცოტა ვეჭვობ, რომ ოთხეულმა, თუნდაც "ივერიელებთან" ერთად, შეძლოს ისეთი ახალი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს. ცხადია, ვუშვებ, რომ ვცდებოდე, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ" - წერს ნოდია.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.

ნახეთ უფრო მეტი თეგზე #კრიზისი ნაციონალებში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია