მალფუჭებადი პროდუქტების ჩამონათვალი და მოწამვლისგან თავდაცვის გზები - აუცილებელი ინფორმაცია კვების ექსპერტისგან

მალფუჭებადი პროდუქტების ჩამონათვალი და მოწამვლისგან თავდაცვის გზები - აუცილებელი ინფორმაცია კვების ექსპერტისგან

ზაფხულში საკვებით მოწამვლის შემთხვევები მატულობს, რადგან სიცხეში პროდუქტი ადვილად ფუჭდება და ზოგჯერ შეუმჩნევლად, მაგრამ ორგანიზმი მაინც იწამლება. განსაკუთრებით მალფუჭებადი შეიძლება იყოს: ხორცის, რძის, თევზის, ბოსტნეულის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა. ყველა პროდუქტს, რომელსაც შეიძენთ, შენახვის ვადა და პირობები უნდა ეწეროს, რომ მოწამვლისაგან და სხვა გართულებებისგან თავი დაიცვათ.

Ambebi.ge-სთან სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის სურსათის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე ამბობს, რომ ზაფხულში პურის ჩათვლით ყველა პროდუქტი შეიძლება მალფუჭებადი იყოს.

-ყველა პროდუქტს თავისი შენახვის პირობები აქვს. ზაფხულში ყველაზე მეტად ადვილად ფუჭდება რძის ნაწარმი და მათი გამოყენებით გაკეთებული პროდუქტი, ხორცპროდუქტი კი ყველაზე საფრთხის შემცველია, მით უმეტეს ხორცისგან მომზადებული სადილი ძალიან მალე ფუჭდება. ერთ-ორ საათში პროდუქტი ძალიან იშვიათად ფუჭდება, ეს შეიძლება მხოლოდ ხორცპროდუქტი იყოს, რომელიც მარილითაც კი არ არის შენელებული. მარილი შენახვის პირობებს უფრო ახანგრძლივებს. ხორცი გაყინულ მდგომარეობაში შედარებით დიდხანს ინახება, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა, ხორცის რამდენჯერმე გაყინვა და გალღობა არ შეიძლება. მინდა მოსახლეობას ვურჩიო, რომ ხორცი ულუფების მიხედვით უნდა გაიყინოს. მაგალითად, თუ ხუთ კილო ხორცს ვიყიდით, საყინულეში მთლიანად ხუთი კილო არ უნდა შევინახოთ, დაახარისხეთ კილოებად ან ულუფებად, ჩადეთ პოლიეთილენის პარკებში და ისე შეინახეთ.

-როგორ მივხდეთ, რომ პროდუქტი გაფუჭებულია და მოწამვლა თავიდან ავიცილოთ?

-სპეციალისტისთვისაც ძნელია, ერთი შეხედვით დაადგინოს, პროდუქტი გაფუჭებულია თუ არა. გემოთი ვერ გაიგებ, რადგან შეიძლება საკვებს ჩვეულებრივი გემო ჰქონდეს, მაგრამ ადამიანი მაინც მოიწამლოს. ერთადერთი შესაძლოა სუნით გაგება და გარეგნული სახით შემოწმება, ანუ ფერი ხომ არ აქვს შეცვლილი, როგორია მისი აგრეგატული მდგომარეობა - ხელის დაჭერით წებოვანია თუ არა და ა.შ. დღეს გაყიდვაში არ უნდა მოხვდეს პროდუქტი, რომელსაც შენახვის ვადა არ ეწერება.

-ხილი და ბოსტნეული რამდენად საშიშია ამ მხრივ?

-ხილ-ბოსტნეული ადვილად არ ფუჭდება. მან შეიძლება ლპობა განიცადოს, მაგრამ აქ ერთი მომენტია, ზოგჯერ ხილი ოდნავ დამპალია, მაგრამ იაფია და ეკონომიის მიზნით ყიდულობენ ხოლმე, თუმცა ხილ-ბოსტნეული ერთი ორგანიზმია, ლპობის პროცესი მთელ ორგანიზმშია და დამპალი ადგილების ამოჭრით, საქმეს ვერ ვუშველით. ეს იქნება პროდუქტის ეკონომია და არა ჯანმრთელობის. ხილი და ბოსტნეული მაცივარში უფრო დიდხანს ინახება.

-რამდენად საშიშია საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაცია?

-საკვებით მოწამვლას შეიძლება ფატალური შედეგიც ჰქონდეს. მაგალითად, გარკვეული რაოდენობის პოლიბაქტერიები ჩვენს ორგანიზმშიც არის, მაგრამ თუ მათი რაოდენობა 2-3%-ს გადასცდება და საკვების შედეგად მათ რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში კიდევ უფრო გავზრდით, ამან შეიძლება ორგანიზმში გაუწყლოება იმ დონემდე გამოიწვიოს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეექმნას.

გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევებს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით:

განსაკუთრებით მალფუჭებადს განეკუთვნება პროდუქტები, რომელთა შენახვა სიცივის გარეშე დაუშვებელია; განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის მაქსიმალური ვადა 6-72 საათია (პროდუქტის სახეობების მიხედვით). განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქციის იარლიყზე ან შესაფუთ ტარაზე მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შენახვის ტემპერატურა და ვადა;

ხორცის შეძენისას დააკვირდით მის ფერს (უნდა იყოს ღია ვარდისფერი, ან ღია წითელი), სიმკვრივეს (ზედაპირზე თითის დაწოლისას წარმოქმნილი ფოსო სწრაფად უნდა გაქრეს); ნუ შეიძენთ მუქი ფერის ხორცს, რომლის ზედაპირი დაფარულია ლორწოთი და ეკვრის თითებს, აქვს არადამახასიათებელი სუნი.

ნუ შეიძენთ თევზს, რომლის თვალები ჩავარდნილია ფოსოებში, რქოვანი გარსი ამღვრეულია, კუნთები არ არის მკვრივი და მუცელი გამობერილია;

ნუ შეიძენთ კუსტარულად დამზადებულ შებოლილ და დამარილებულ თევზს;

არ შეინახოთ შეძენილი მალფუჭებადი სურსათი უმაცივროდ ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობით;

ერიდეთ გალღობილი სურსათის ხელმეორედ გაყინვას;

ნედლეული და მზა ნაწარმი შეინახეთ ერთმანეთისაგან განცალკევებით ან დახურულ ჭურჭელში, რადგან შესაძლებელია ბაქტერიები გადავიდეს ერთი პროდუქტიდან მეორეში;

დაიცავით სურსათი მღრღნელების, მწერებისა და სხვა ცხოველებისაგან;

ჩვილი ბავშვის საკვები შენახვას არ ექვემდებარება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია