"შეიძლება მხოლოდ იმიტომ გცემონ, რომ "ჩამშვები" არ ხარ" - რას ყვება სოხუმელი გოგონა, რომელმაც ოჯახი დატოვა და თბილისში გადმოვიდა

"შეიძლება მხოლოდ იმიტომ გცემონ, რომ "ჩამშვები" არ ხარ" - რას ყვება სოხუმელი გოგონა, რომელმაც ოჯახი დატოვა და თბილისში გადმოვიდა

1992 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ 23 წელი გავიდა. დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგია უსაფრთხოების პრობლემები, უნდობლობა, ადამიანების დევნილობაში ყოფნა და ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შეფერხება.

18 წლის გოგო, დაბადებული და გაზრდილი აფხაზეთში, 17 წლის შემდეგ ტოვებს აფხაზეთს და თბილისში მოდის.  აფხაზებსა და აფხაზეთზე Ambebi.ge-ს კითხვებს ალდონა ფაჩულია პასუხობს.

- როგორ აღიქმება აფხაზეთში დაბადებულთათვის ქართველის ხატი?

- როგორც ჩემი მშობლების ნაამბობიდან ვიცი, ქართველებს და აფხაზებს ადრე ძალიან კარგი მეგობრობა და ურთიერთობა ქონდათ. ეს ისტორიულადაც ყველასთვის, მეტნაკლებად, ცნობილია. ომის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა; შეიცვალა წარმოდგენებიც, ის ძმური ურთიერთობა სამწუხაროდ აღარ არის.

- არის თუ არა სარისკო ქართველებისთვის აფხაზეთში ცხოვრება?

- ქართველებისთვის იქ ცხოვრება სარისკო არ არის. იქ ყველაფერი გაქვს კარგი ცხოვრებისთვის, მაგრამ არის ზეწოლა რუსებისა და აფხაზებისგან. შეიძლება გცემონ მხოლოდ იმიტომ, რომ "ჩამშვები" არ ხარ, სწორედ ასე მოუვიდა მამაჩემსაც. სრულიად უეცრად შეიძლება, რუსმა ქართული ტექნიკა ან წიგნები გადაგიყაროს ისე, როგორც ხშირად ხდება. ანდა ძმის სატირალში არ გაგიშვას, ყვავილები გადაგიყაროს და კუბოთი გალოდინოს საზღვართან, ანაც 70 წლის ქალს ძაღლი დაადევნონ, ან კიდევ დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში არ გაატარონ, თუნდაც საბუთი გქონდეს. ეს ყველაფერი მოგონილი არ არის, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ უამრავი ამბავი ჩემი ოჯახის წევრებს გადახდათ.

- რუსებისგან უფრო დიდი აგრესია იგრძნობა თუ აფხაზებისგან იქაური ქართველების მიმართ?

- შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებისგან ზეწოლა ნაკლებადაა. იქ ყველაფერს რუსები აკონტროლებენ.

- რას მოქმედებს ამ ყველაფრის შემდეგ საზღვარზე მყოფი ქართული ჯარი?

- ქართული ჯარი ახლა იქ საზღვართან უმოქმედოა. ისინი რუსის ჯართან გვერდიგვერდ დგანან. აფხაზებს და აფხაზ ხალხს უკვე სიტყვა აღარ ეთქმით, არც პოლიტიკაში და არც სხვა სფეროში. ყველაფრის თავიდათავი არის რუსი.

- რის გამო მოგიწია თბილისში ჩამოსვლა?

- 17 წლის ვიყავი, საქართველოში რომ  ჩამოვედი. სხვათა შორის, პირველად აქ გადმოვიპარე, რომ გამოცდები ჩამებარებინა. მის მერე კი სულ ორჯერ ვიყავი სახლში. აქ მარტო ვცხოვრობ, მამაჩემი გადმოდის უპრობლემოდ. ჯერჯერობით მას ვნახულობ ხოლმე, თუმცა იშვიათად. რაც შეეხება დედას, რაც აქ ჩამოვედი სულ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც თვითონ შეძლო გადმოპარვა, ხოლო ძმა საერთოდ არ მინახავს. მე დავთმე იქ ყველაფერი, აქ კი ჩამოვედი იმისთვის, რომ ქართულად ვისწავლო და მქონდეს მომავალი. მინდა, მშობლების იმედები გავამართლო.

- იყო თუ არა ოჯახიდან წინააღმდეგობა, როდესაც 18 წლის ასაკში თბილისში ჩამოსვლა და ოჯახის დატოვება გადაწყვიტე?

- ჩემი ოჯახი და მათ შორის სხვა ოჯახები არ კარგავენ საქართველოსთან კავშირს, ამიტომ მე არ ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ასე მოიქცა.

- შემორჩენილი არის თუ არა აფხაზეთში ქართული ადათ-წესები?

- კი, რა თქმა უნდა. გალის აქეთ არაფერი არ არის რუსული, ჩვენთან აფხაზეთის სკოლებში ქართულად სწავლას ინარჩუნებენ, ასევე ასწავლიან აფხაზურსაც, ქართული ადათ-წესებით ცხოვრობენ და ქართველები არიან. ხოლო სოხუმსა და ოჩამჩირეში, როგორც ძველად, აფხაზური წესებია.

- როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო? დაგხვდათ ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ?

- უფრო სხვა დამოკიდებულებას ველოდი. უმრავლესობას მე მგონი, არ აწუხებს აფხაზეთი, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ჩემთვის სკოლაში ქართველებზე ცუდი არასდროს უთქვამთ, აქ კი მეჩვენება, რომ ცოტა აგრესიულად არიან განწყობილნი.

- როგორ ხედავ აფხაზების მომავალს?

- საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოსთან ერთად დამეგობრებულს, მაგრამ ამისთვის დიდი შრომაა საჭირო ორივე მხრიდან. მე დაუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ იქ მცხოვრებ ქართველებზე. მე მიყვარს ქართველი და აფხაზი, საქართველო და აფხაზეთი. ჩვენ ძმები ვიყავით და ძმებად დავრჩებით. მე მჯერა, რომ ჩემი შთამომავლობა ასი წლის შემდეგაც იცხოვრებს აფხაზეთში და შეინარჩუნებს ენას, კულტურას, ტრადიციებს, ისტორიასა და რაც მთავარია, ღირსებას.

მარიამ კაპანაძე

AMBEBI.GE

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაჭრეს

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია