"ჩვენს ტაძრებში სრული ქაოსი და უწესრიგობაა" - რა შეცდომებს უშვებენ მორწმუნეები და როგორია ტაძარში მოქცევის წესები

"ჩვენს ტაძრებში სრული ქაოსი და უწესრიგობაა" - რა შეცდომებს უშვებენ მორწმუნეები და როგორია ტაძარში მოქცევის წესები

როგორ უნდა მოვიქცეთ ტაძარში შესვლისას, რომელ ხატს უნდა ვემთხვიოთ, რა მნიშვნელობა აქვს სანთლის დანთებას და რატომ ვწერთ მოსახსენებელს, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება:

- არ მომერიდება და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენს ტაძრებში სრული ქაოსი და უწესრიგობაა. როგორ შეიძლება ადამიანი ტაძარში შევიდეს და ვერ მიხვდეს, რისთვის შევიდა, რა უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ, ტაძარში შესულ ადამიანს არ აინტერესებს, რომ სიჩუმე უნდა დაიცვას, არ იხმაუროს, იქნებ წირვა-ლოცვა აღევლინება. ძალიან ბევრი ადამიანი ტაძარში მაგიურად გადაადგილდება. მაგია გაუგებარი სიტყვებისა და მოქმედებების ერთობლიობას ნიშნავს. ზოგი ისე გამოისახავს პირჯვარს, თითქოს გიტარას უკრავსო. საჭიროა, პირჯვარი სწორად გადავიწეროთ და სასურველია, ტაძარში მაშინ შევიდეთ, როცა ღვთის მსახურებაა, ან მწუხრი, ცისკარი და ლოცვა, თუმცა რა თქმა უნდა, შესვლა ყოველთვის შეიძლება.

ადამიანთა უმრავლესობა ტაძარში შედის სათხოვარით. ზოგს ფინანსური პრობლემა აქვს, ზოგს მატერიალური ან სულიერი. ყველა ოჯახს ხომ თავისი წესი აქვს. როცა სტუმრად მივდივართ, მასპინძელი როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, იქ ხმაურს არ დავიწყებთ, იმ ოჯახის წესს დავიცავთ და ქუდს დავიხურავთ, მით უმეტეს, თუკი ჩვენი თავი მართლმადიდებელ ქრისტიანად მიგვაჩნია და როცა უფლის სახლში შევდივართ, ბუნებრივია, იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ და იქაურ წესს დავემორჩილოთ, რომელიც კედელზე იქნება გამოკრული ან რომელზეც მესანთლე, სტიქაროსანი ან მოძღვარი მიგვითითებს.

როგორც კი ტაძარში შევდივართ, იქ იესო ქრისტე გვეგებება. სტიქაროსანში, მესანთლეში, მგალობელში, დიაკვანსა და მღვდელში ჩვენ ყველგან ღვთისმსახური ადამიანი უნდა დავინახოთ, რომელიც ღმერთმა იმისთვის დაადგინა, რომ წესრიგისკენ მოგვიწოდოს და წუთები, რომელიც უფალთან მისაახლოებლად გამოყავი, ფუჭად გატარებული არ იყოს. ტაძრებში ადამიანები ძირითადად, ერთმანეთს ათვალიერებენ, განიკითხავენ და წირვა-ლოცვას სანახაობრივი თვალსაზრისით უყურებენ, ხოლო ის ადამიანი, ვინც მწუხარებაშია, ახლობელი ჰყავს პატიმარი ან სნეული, მხოლოდ ისინი ლოცულობენ გულით და სულით. ასეთები სამწუხაროდ, ერთეულები არიან. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, ადამიანების 80% მაგიურად ესწრება წირვა-ლოცვას. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, მათი გონება შესავალ-გასავალით არის დაინტერესებული.

-ხშირად იმ წმინდანთან ვანთებთ სანთელს, რომელიც ჩვენი აზრით, ამა თუ იმ სათხოვარს შეისმენს.

-კი ასე იციან. ახლა მე სანთელს დავანთებ სპირიდონ ტრიმიფუნტელთან და სახლში აუცილებლად ბარაქა მექნება. ხანდახან მაცხოვრის ხატთან უფრო ნაკლები სანთელი ანთია, ვიდრე რომელიმე სხვა რიგით წმინდანთან, იმიტომ, რომ ადამიანები ტაძარში უფრო მატერიალური დამოკიდებულებით შედიან, ჩვენი დახმარება ყველა წმინდანს შეუძლია, პირველ რიგში, სულის ცხონებაში, უფალთან მიახლებაში. ღმერთი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და დანარჩენი (რომელშიც იგულისხმება სახლი, კარი, მანქანა, ჩასაცმელი, საკვები), ყველაფერი მოგეცემათ თქვენ. მატერიალურს წარმართები ეძებენო და ჩვენც ხანდახან ქრისტიანები ტაძრებში წარმართული ანუ მატერიალური თხოვნის გამო მივდივართ.

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ როდესაც ანტიქრისტე მოვა, რასაც ქრისტე ამბობდა, ანტიქრისტე ყველაფერს პირიქით გვეტყვისო. თუ ქრისტე გვეუბნებოდა, რომ ცათა სასურველი ეძებეთ, ანტიქრისტე გვეტყვის, რომ ჯერ ეძებეთ ამსოფლიური კეთილდღეობა, რასაც მთელი სამყარო ეძებს და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათო. ჩვენ თუ კარგად არ ვიცით, რას ითხოვს ღმერთი, ვერ გავიგებთ ანტიქრისტე რას მოგვატყუებს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირველი ტაძარი თავად ადამიანის სხეულია. ადამიანმა პატივი უნდა სცეს საკუთარ ტაძარს, საკუთარ სხეულს, თამბაქო არ მოწიოს, ბევრი არ ჭამოს, არ დათვრეს, ამით იგი საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს და ესეც ცოდვაა იმიტომ, რომ ის პატივს არ სცემს თავის სხეულს, რომელიც პავლე მოციქულის თქმით, სულიწმინდის ტაძარია. ტაძარში გოგონამ თავსაბურავი უნდა დაიფაროს, ეს მორჩილების ნიშანია. ჩაიცვას ნორმალური კაბა და ისე შევიდეს ტაძარში. ასევე არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში ან საღეჭი რეზინით შესვლა, ცხოველებისა და ფრინველების შეყვანა.

-ტაძარში შესვლისას პირველი რომელ ხატს უნდა ვემთხვიოთ?

-რა თქმა უნდა, ტაძარში შესვლისას არის წესი, მაგრამ ეს დოგმატი არ არის. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ხატთან მისვლა, მაგრამ ტაძრის ცენტრში, ანალოღიაზე დაბრძანებულია ხატი, სასურველია ამ ხატთან მივიდეთ, პირჯვარი გადავიწეროთ და ვეამბოროთ. თუ გვაინტერესებს ტაძარი რომელი წმინდანის სახელობისაა, შევხედოთ კანკელს და მარჯვნიდან პირველი ხატი რომელიც იქნება, ეს ნიშნავს რომ ეს ტაძარი ამ წმინდანის სახელობისაა. ყველა ხატს დაბლა აწერია ტროპარი, რაც ნიშნავს მეოხებას. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა წაიკითხოს. ეკლესია კი მას გამზადებულ ლოცვას ახვედრებს. უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდანი არის შუამავალი და არა ღმერთი, ის ჩვენს მაგივრად ღმერთს ევედრება, რომ ჩვენი ოჯახი, ახლობლები და სამშობლო განსაცდელისგან დაიცვას.

-რა განსხვავებაა ტაძარსა და ეკლესიას შორის?

-ეკლესია უფრო ადამიანთა კრებულია, რომელიც შეიძლება შეიკრიბოს ტყეში, მთაში, უდაბნოში, მაგრამ ტაძარი საკულტო ნაგებობაა, სადაც აღესრულება ღვთისმსახურება.

-რა მნიშვნელობის მატარებელია სანთლის დანთება?

-სანთლის სიმბოლო ნათლისღებასთან არის დაკავშირებული. როცა სანთელს ანთებენ სიბნელეში და რაღაც ყუთში კი არ დებენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველაფერი გაანათოს. როცა ადამიანი მოინათლება, მას სანთელს გადასცემს მოძღვარი იმის სახსოვრად, რომ როგორც სანთელი ანთია და ანათებს, ასეთივე ანთებული ცხოვრება უნდა გქონდეს შენ. ეს სანთელი 50 სანტიმეტრიანი იქნება თუ 10 სანტიმეტრიანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ეს იყოს ჩვენი შინაგანი გამოხატულება, თუმცა სასურველია იყოს თაფლის სანთელი.

-რატომ ვწერთ მოსახსენებელს?

-ბუნებრივია ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა და მარტო თავის თავისთვის არ უნდა ილოცოს. ამიტომაც ეკლესიამ განაჩინა პატარა ბარათების სახით მოსახსენიებელი, ერთი გვერდი ცოცხალთათვის, ხოლო მეორე მიცვალებულთათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველას მოხსენიება ღვთის მსახურებაზე არ შეიძლება. აქ იგულისხმებიან ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ მონათლულნი ან თავი მოიკლეს ან ღვთისმგმობელნი იყვნენ. ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ. სასურველია გააზრებულად ჩამოვწეროთ ცოცხლებიც და მიცვალებულებიც. ადამიანი მართლმადიდებელი ნათლისღებით ხდება ეკლესიის წევრი და თუ ის ეკლესიის წევრი არ არის, ბუნებრივია, ეკლესია მასზე ვერ ილოცებს.

-წირვა-ლოცვის ან ზიარების დროს ზოგი რიგს არ იცავს, ცდილობს პირველი ეზიაროს, ამას რა მნიშვნელობა აქვს?

-ტაძარში წესს ის ადამიანები არღვევენ, ვისაც ტაძარში ღმერთის არსებობის განცდა არ აქვთ. თუ ტაძრიდან დაწყნარებული და დამშვიდებულები გამოვდივართ ე.ი. ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ტაძარშივე და ტაძრის შემდეგ ისეთი გაბრაზებული და გაღიზიანებული გამოდის, რომ მისი დანახვა ადამიანს მძიმე მდგომარეობაში აგდებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ტყუილად იყო ტაძარში და ვერაფერი გაიგო. ერთი ქართული ანდაზა არსებობს - თაგვმა შეიძლება მთელი ცხოვრება წისქვილში გაატაროს, მაგრამ მეწისქვილეობისა ვერაფერი გაიგოს. ავაზაკი არც ტაძარში იყო ნამყოფი და ბოლოს მაცხოვარს სთხოვა, რომ მომიხსენე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. თუ ადამიანი ტაძარში ღვთისმოშიშობით არ შედის, ჯობია საერთოდ არ შევიდეს იმიტომ, რომ ეს მასზე უფრო დიდ რისხვას გამოიწვევს.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ფოტო: graf.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია