"უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები" - თეა წულუკიანი პირად თემებზე

"უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები" - თეა წულუკიანი პირად თემებზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება. წულუკიანმა ამის შესახებ ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუში მინისტრი გულახდილად საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ქალისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ადვილი არაა.

"კაცისთვის კი პოლიტიკაში ჩართვა უფრო ადვილია. წლებია, ვემხრობი და ვატყობ, ნელ-ნელა ამ იდეას აქვს მხარდაჭერა, რომ ქალებისთვის შეიქმნას კვოტები პარტიებსა თუ პარლამენტში, რაც ქალებს პოლიტიკაში ჩართვის პროცესს გაუადვილებს. ამ წესმა უნდა იმოქმედოს პირობების გათანაბრებამდე, მერე აღარ იქნება საჭირო", - ამბობს ის.

ადასტურებს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ეკონომკლასით მგზავრობს - მხოლოდ ერთხელ იმგზავრა ბიზნესკლასით, როდესაც გერმანიის მთავრობამ დააფინანსა მისი ბილეთი, ორი გზა, კონკრეტული პროექტის ფარგლებში. ხალხთან ურთიერთობას ახერხებს, მაგრამ წუხს, რომ ამისთვის უფრო მეტი დრო არ აქვს.

"განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისს გარეთ გავდივართ, საზოგადოებრივი ცენტრების გასახსნელად. ლენტის გაჭრის შემდეგ ხუთ წუთში არ მოვრბივარ. ვრჩები და ხალხს ვხვდები, რაც ძალიან საინტერესოა. არასდროს დამავიწყდება გეგუთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოფლის ხალხთან საუბარი, იქ მოვისმინე კრიტიკა, ბევრი გონივრული აზრი", - აღნიშნავს მინისტრი.

- თქვენთვის ასეთი შეხვედრებისას უცნაური შეკითხვა თუ დაუსვამთ?

- უცნაურს ვერაფერს ვიხსენებ. ზოგადად, ხალხი ასეთი შეხვედრებისას საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ასაკოვან ქალბატონს უკითხავს, გათხოვილი ვარ თუ არა. რომ ვუთხარი, არა-მეთქი, დაიკივლა და თავში ხელი შემოირტყა. იქ მივხვდი, რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდადაა (იცინის).

- საქართველოში გამარჯობის მერე ეს შეკითხვაა აქტუალური.

- მე უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები, რადგან 40 წლის ვარ. თუმცა, არც მანამდე აქტიურობდნენ ამ შეკითხვით. მე არ მივიჩნეოდი ისეთ ახალგაზრდად, რომელიც უცბად უნდა გათხოვილიყო ან საერთოდ გათხოვილიყო. ასეთი აზრი იყო შექმნილი, ვიცით, რომ სწავლობს, მუშაობს და ამას გინდა ელაპარაკე, გინდა - არაო.

- არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

- ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი.

წყარო: gurianews.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია