დედაქალაქის დეფექტები: რა პრობლემები სტკივათ ყველაზე მეტად თბილისელებს

დედაქალაქის დეფექტები: რა პრობლემები სტკივათ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბილისში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც დედაქალაქის მკვიდრთ თუ სტუმრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხელისუფლებათა ცვლილების ფონზე დედაქალაქიც იცვლის იერს, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება. Ambebi.ge დაინტერესდა, რა აწუხებს ყველაზე მეტად, დღეს დედაქალაქის მცხოვრებლებს. მოქალაქეების მოსაზრებებს მცირე გამოკითხვით გავეცანით; გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის მოქალაქეები და მათთან საუბრისას დედაქალაქის რამდენიმე "ნაკლი" გამოიკვეთა:

  • 1. თბილისელებს განსაკუთრებით აწუხებს ნაგავმზიდი მანქანების მიერ შექმნილი (და კიდევ უფრო მეტად გამწვავებული) საცობების პრობლემა. თბილისში ხშირად შეხვდებით დღის განმავლობაში, ნაგვის მანქანებს, რომლებიც ურნებს ცლიან. ისინი, გარდა იმისა, რომ საცობებს ქმნიან, საკმაოდ არასასიამოვნო სუნსაც აყენებენ ქუჩებში. რატომ არ ხდება ნაგვის ურნების ღამის განმავლობაში დაცლა და რატომ ხდება მოქალაქე იძულებული, სურვილის მიუხედავად ჩართული იყოს თბილისის ნაგვისგან გაწმენდის პროცესში?
  • 2. ასევე მწვავეა ნაგვის ურნებთან დაკავშირებული ყბადაღებული თემა: მუდმივად სავსე ურნები, რომელშიც, დიდი სურვილის მიუხედავად, მოქალაქე ნაგავს ვერ ჩააგდებს. რატომ არ ხდება თავის დროზე ნაგვის ურნების დაცლა? იქნებ საკმარისი რაოდენობის ურნა არ დგას ქალაქში? თუ დასუფთავების სამსახურის არასწორ მუშაობაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?
  • 3. თბილისელებს აწუხებთ საფრთხისშემცველი სკვერების სიმრავლე ქალაქში. არსებობს სკვერები, სადაც ბავშვები უნდა თამაშობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მათ უკვე გაუვიდათ საექსპლუატაციო ვადა, მშობლები შიშობენ, რომ მათი შვილების გაშვება უსაფრთხო არ არის ისეთ სკევერებში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს ძველი კონსტუქციები.
  • 4. ქალაქის ჰაერი დაბინძურებულია. საინტერესოა, რას აკეთებს მერია იმისთვის, რომ ქალაქში მეტი ჟანგბადი გაჩნდეს.
  • 5. უსახური ავტოფარეხები, რომლებიც გარდა იმისა, რომ გარემოს და ფასადს აუშნოებენ, ბავშვების სათამაშო სივრცეს იტაცებენ.
  • 6. გზებზე არსებული ორმოები, რომლებიც ხელს უშლის მანქანის ნორმალურ გადაადგილებას და ზოგჯერ სერიოზულ საშიშროებას უქმნის ტრანსპორტს.
  • 7. დაბლოკილი ტროტუარები, სადაც ვერ გაივლის ეტლის საჭიროების მქონე ადამიანი - ტროტუარზე ადგილი არ არის, რომ მშობელმა შვილი ეტლით ატაროს ან შშმ პირი გადაადგილდეს.
  • 8. სერიოზული პრობლემაა ასევე ველოტრასების არარსებობა. სპორტის მოყვარული და უბრალოდ, ველოსიპედით მგზავრობის მსურველი მოქალაქეები თუ ტურისტები უსაფრთხოდ მგზავრობას ვერ ახერხებენ. საინტერესოა, სად და როდის გეგმავს ქალაქის მერია თბილისის ველოტრასებით უზრუნველყოფას.
  • 9. ქალაქის მასშტაბით ისეთი ადგილების არარსებობა, სადაც მოქალაქე თუ ტურისტი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებს.

მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად Ambebi.ge შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა და ამ სტატიაში ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების პოზიციას და თბილისის მერიის შემუშავებულ პროექტებს გთავაზობთ.

1.თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ნაგავმზიდი მანქანები საცობების წარმოშობის ძირითადი ფაქტორი არ არის. პიკის საათებში დედაქალაქს 38 დიდი და 11 მცირე გაბარიტიანი სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება. აღსანიშნავია, რომ არსებობს ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ”საცობების” თავიდან აცილების მიზნით, სამუშაო დღეებში (08:00 სთ-დან - 11:00 სთ-მდე და 18:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე) ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს.

მერიის ინფორმაციით შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ნაგავმზიდი სპეცმანქანების სამუშაო გრაფიკი 06:00 სთ-დან იწყება და ნარჩენების შეგროვება 24:00 საათამდე, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. თითოეული კონტეინერის დაცლა, საშუალოდ, 3-4-ჯერ ხდება. სამუშაოები ორ ეტაპად სრულდება. დღე-ღამის განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობის ნარჩენები მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან (ამ პერიოდში ამთავრებს მუშაობას ოფისები, ბანკები, დაწესებულებები, მაღაზიები და სხვა) 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გროვდება.

”აღნიშნულ დროს ნარჩენების გატანის შეწყვეტა, გამოიწვევს დედაქალაქში განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების გადავსებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ანტისანიტარიას და შესაბამისად მოსახლეობის უკმაყოფილებას. 18:00 სთ-დან მუშაობის შეზღუდვამ შესაძლებელია შეგვიქმნას პრობლემები, აქვე გასათვალისწინებელია სეზონურობა, რადგან ზამთრის პერიოდში ნარჩენი ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონზე (ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სეზონურობის მიხედვით პროცენტულად იცვლება ნარჩენების შემადგენლობა. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ძლიერი სიცხის დროს კონტეინერები სასურველია დაიცალოს უფრო ინტენსიურად, ვინაიდან ამ პერიოდში წარმოიქმნება შედარებით მეტი სველი ნარჩენი, რომელიც ორთქლდება უფრო სწრაფად და იწვევს არასასიამოვნო სუნს, ამ პერიოდში თბილსერვის ჯგუფის სპეციალური ტექნიკის დახმარებით ირეცხება კოტეინერები”,-აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

2. ურნების მუდმივად გავსებულ რეალობას თბილისის მერია ასე პასუხობს: ვინაიდან ქალაქი განაშენიანებას აგრძელებს, თბილისის მერიას ინეტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული, რათა ახალი სპეცტექნიკის შეძენა მოხდეს. ასევე დაგეგმილია 7400 კონტეინერის ეტაპობრივად შესყიდვა, რაც დამატებით განთავსდება თბილისის იმ უბნებში, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად დგას, ასევე, ჩანაცვლდება ის კონტეინერები, რომელიც აღარ ჩაითვლება ვარგისიანად. ამ ეტაპზე უკვე განთავსდა 1000 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი ქალაქის მასშტაბით. თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე შესყიდულია და მალე დედაქალაქის მასტაბით კიდევ დაემატება ლითონის და პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერები.

3. რაც შეეხება სკვერების პრობლემას, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით, სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება, რომელიც კონკრეტული სკვერების სრულ რეკონსტრუქციას: საბაღე ინვენტარის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, განათებისა თუ სარწყავი სისტემების აღდგენას, ბილიკების მოწყობასა და გამწვანებას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტით შემდეგი სკვერების რეაბილიტაციაა დაფინანსებული: 1. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერი; 2. წინანდლის შესახ. #11-ის მიმდებარედ არსებული სკვერი; 3. კრწანისის ქ. #7-7ა-ს მიმდებარედ არსებული სკვერი; 4. ქეთევან დედოფლის გამზირზე სასტუმრო “მეტეხის” მიმდებარე ფერდობის აღდგენა; 5. ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-2 კვარტალში არსებული სკვერი; 6. სანდრო ეულის ქუჩაზე არსებული ხეივანი; 7. პეკინის გამზირზე, ვაჟა -ფშაველას გამზირიდან კანდელაკის ქუჩამდე არსებული ხეივნის მოწყობა; აღნიშნულ სკვერებსა და ხეივნებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დასრულდება.

არსებობს ასევე იმ სკვერების ჩამონათვალი, რომელთა პროექტირების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და რომელთა რეკონსტრუქცია ასევე 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს: 1. მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული; 2. ჯავახეთისა და სუხიშვილის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერი; 3. ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ არსებული სკვერი; 4. დენდროლოგიური პარკი; (180 ჰა ფართობზე პარკის რეაბილიტაცია).

4. ქალაქში არსებული დაბინძურებული ჰაერის პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიას ერთიანი სტრატეგია აქვს: ”ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ახლო მომავალში საქართველოს მთავრობას თბილისის მერია წარუდგენს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი კომპლექსური ღონისძიებების გეგმას, რომელიც, პირველ რიგში, ქალაქში არსებული ავტომობილების ტექდათვალიერების საჭიროებას, საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღებას და, რა თქმა უნდა, გამწვანების მიზანმიმართულ ღონისძიებებს გულისხმობს”,- აცხადებენ თბილისი მერიაში.

5. უსახურ ავტოფარეხებთან დაკავშირებით მერიაში შემდეგ კომენტარს აკეთებენ: ”უკანონო მშენებლობის შემთხვევაში, იწყება საქმის წარმოება. იწერება მითითება განსაზღვრული ვადებით, შემდეგ ეტაპზე ასევე განსაზღვრულ ვადებში დგება შემოწმების აქტი და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ პრობლემა არ მოგვარდა, გამოიცემა ჯარიმისა და დემონტაჟის განხორციელების შესახებ დადგენილება.”

6. რაც შეეხება გზებზე არსებულ ორმოებს, თბილისის მერია ორმოულების ამოვსებაზე მუშაობს. რეაბილიტაცია თბილისის 100-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა ქუჩებზე სხვადასხვა დროს დამთავრდება, თუმცა ეს პერიოდი, ძირითადად, 2015 წლის ზაფხულის თვეებს მოიცავს.

7. დაბლოკილი ტროტუარების პრობლემის მოსაგვარებლად ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მოტინორინგს ახორციელებს: ”ტროტუარებზე პარკირება, რომელიც ზღუდავს ფეხით მოსიარულეთა, მათ შორის შშმპ გადაადგილებას და შესაბამისად საფრთხეს ქმნის საგზაო მოძრაობის კუთხით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მხრიდან მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. სწორედ ამის გამო წელს გაუქმებულია ტროტუარზე პარკირების სამასამდე ადგილი და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. აღნიშნულის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტებია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ”,-აღნიშნავენ მერიაში.

8. ველოტრასების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მუშაობს თუ არა თბილისის მერია, რა კონკრეტული პროექტები და მათი განხორციელების ვადები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ambebi.ge-თვის ამ ეტაპზე უცნობია.

9. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტუალეტებს: თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო პროექტირებისთვის - 6 700 ლარი. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტირების დასრულების შემდეგ ტენდერი გამოცხადდება მშენებლობაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 თვეში დაიწყებს საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას. დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილია 5 საპირფარეშოს მოწყობა. კერძოდ, მოეწყობა ჩაჩავას ქუჩაზე - ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, დიღომში - ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვერის პარკში.

გაუზიარეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს| The capital’s defects: What things bother Tbilisians the most?

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია