შაჰ აბასის ქართველი ქალები - ზოგი რამ, რაც ისტორიის წიგნში არ წერია...

შაჰ აბასის ქართველი ქალები - ზოგი რამ, რაც ისტორიის წიგნში არ წერია...

ირანის პოლიტიკურ სარბიელზე არასოდეს მოღვაწეობდა იმდენი ქართველი, რამდენიც შაჰ აბას პირველის მმართველობის ხანაში. მათ შორის ქართველი ქალებიც.

აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, შვილებთან და მონებთან ერთად ცხოვრობდა. ჰარამხანას დასაჭურისებული მონები იცავდნენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შაჰ აბას პირველის ჰარამხანაში ხუთასამდე ქალი ბინადრობდა. უმრავლესობა კავკასიელები იყვნენ, ამ კავკასიელ ლამაზმანთა შორის კი ქართველები ჭარბობდნენ.

ქართველი მეფეები, ისევე, როგორც შირვანისა და სომხეთის მეფეები, შაჰს ყოველ წელს უგზავნიდნენ ქართველ, სომეხ და ჩერქეზ ქალებს, რომელთაგან 3-4 მეფური შთამომავლობის წარმომადგენელი შაჰის კანონიერი მეუღლე ხდებოდა. დანარჩენ რჩეულებს ჰარამხანაში ტოვებდა, ნაწილს კი თავის სარდლებს უგზავნიდა.

ქართველ ქალებს ირანში ძალიან აფასებდნენ. ისინი მოსწონდათ როგორც გარეგნობით, ასევე ჭკუით, სიდარბაისლით და მოკრძალებულობით. უნდა ითქვას, რომ ქართველი ქალის ცოლად ყოლა დიდ პატივად ითვლებოდა.

ქართველი ქალებისთვის მძიმე იყო მუსლიმურ გარემოცვაში, მით უმეტეს ჰარამხანაში ცხოვრება. მათი უმრავლესობა ცდილობდა მალულად შეენარჩუნებინა ქრისტიანობა და ქართული ადათ-წესები. ერთხელ, შაჰ მირზა ავად გამხდარა. მის მეუღლეს, კახეთის მეფე ალექსანდრეს ასულს ჯვარი უჩვენებია და უთქვამს: თუ მფარველობას სთხოვ, განიკურნებიო. შაჰ-მირზას ჯვრისთვის თაყვანი უცია და იმწამსვე განიკურნა.

შაჰ აბასის ცოლი იყო ლუარსაბ ქართლის მეფის და ელენე, რომელიც 1623 წელს შაჰმა კახეთის მმართველ ფეიქარ-ხანს დაუთმო, რადგან შიშობდა, რომ მის მიერ მეფის ვერაგულად მოკვლის გამო დას შური არ ეძია.

ისტორიული წყაროები იუწყება, რომ შაჰი განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენდა ქართველი მეუღლის, თამარის მიმართ. ეს ულამაზესი ქალი ანდუყაფარ ამილახვარის და ყოფილა. როგორც ჩანს, თამარი შესანიშნავად იცნობდა შაჰის ხასიათს და მასზე დიდ გავლენას ახდენდა. როცა შაჰი დადარდიანებული იყო და ხასიათიც წამხდარი ჰქონდა, მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა ქართველი კანონიერი მეუღლის გარდა. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის, კახეთის ვალის ალექსანდრეს ნათესავი იყო.

თამარის გარდა, იყო კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელიც შაჰის კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. ეს ქალი ზეინაბ ბეგუმი გახლდათ, იგივე ანახანუმი. ის, სავარაუდოდ, შაჰ თამაზის ასული უნდა ყოფილიყო. შაჰ აბასი ამ ქალს განსაკუთრებულ პატივს სცემდა. ხშირად რჩევასაც ეკითხებოდა. ბევრ ისეთ ლხინსა და ზეიმს ასწრებდა, რომელზეც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ და ლაშქრობებშიც თან მიჰყავდა. ანახანუმი დიდი ინტელექტის პატრონი ყოფილა.

ცნობილია, რომ შაჰ აბასმა ქართული ენა ბავშვობაში ისწავლა. სწორედ მაშინ, როცა ჰარამხანაში იზრდებოდა და ქართული ენა ხშირად ესმოდა. შემდგომ ირანის მბრძანებელი ამ ენას საჭიროებისამებრ იყენებდა.

სიახლეს არავისთვის წარმოადგეს, რომ შაჰ-აბასი სასტიკი და დაუნდობელი იყო. მართალია, წყაროებში ხშირად არის ნახსენები შაჰის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ქალების მიმართ, ხშირად მის სიყვარულსა და კეთილგანწყობას ათასი მიზეზი ჰქონდა. დამპყრობელი შაჰი საჭიროების შემთხვევაში საკუთარ შვილებსაც კი არ დაინდობდა.

ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ შაჰ-აბასმა ქართველებისა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა. ამას ისიც დაემატა, რომ ირანის ჯარის ქართველი სარდალი ალავერდი-ხან უნდილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. შაჰი საქართველოს დასალაშქრად თავის სიყვარულს, ლუარსაბ მეფის დას, ხორეშანს გამოიყენებს.

დაქვრივებულმა კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა გადაწყვიტა, ლუარსაბ მეფის და ხორეშანი ცოლად შეერთო. მათ შორის ნათესაური კავშირი არსებობდა და ამ ქორწინებას ეკლესიის თანხმობა სჭირდებოდა. თეიმურაზს კათალიკოს პატრიარქისთვის თავად მიუმართავს. ცხადია, ამ ქორწინებას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. შაჰისთვის ეს ქორწინება მიუღებელი აღმოჩნდა. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს აოხრება. ცბიერმა შაჰმა ყველა დაარწმუნდა, რომ ხორეშანი თავდავიწყებით უყვარდა და ლუარსაბს მისი დის ხელი სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, ხორეშანი უკვე დანიშნულია კახეთის მეფე თეიმურაზზეო. ამ ამბავს შაჰი განურისხებია. ელჩი მიუგზავნია, ნებისმიერი ძალით ხორეშანი ირანში ჩაეყვანა. ირანში კი ლექსებს თხზავდნენ მათ სიყვარულზე. ცბიერი შაჰის სიყვარულს საქართველოში არავინ უჯერებდა. საქართველოს გადასარჩენად კახეთის მეფე თეიმურაზმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო. საკუთარი დედა ქეთევანი და ორი ვაჟი შაჰის კარზე გაგზავნა, მაგრამ ამით ვერ შეძლო საქართველოს გადარჩენა. შაჰს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩვენი ქვეყნის აოხრება.

მოამზადა თიკო გურაშვილმა

გამოყენებული მასალა

ხმაური ცესკოში - დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის მოხდა

"ნუ ვიტყვით ვინ არის დამნაშავე და ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა" - რატომ დგას სწრაფი ტესტის მოლოდინში გრძელი რიგები და რას ამბობენ ექიმები კორონავირუსით რეინფიცირებაზე

"რემდისივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ აფთიაქებში არ გაიყიდება" - ამირან გამყრელიძე