სტიქიის შედეგად დაკარგული ერთი მამაკაცი, სავარაუდოდ, სვანიძის ქუჩაზე, საკუთარი სახლის სარდაფის ქვეშ არის მოყოლილი, თუმცა მაშველები მის გამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ მამაკაცის გამოყვანა მოხდეს, საჭიროა სახლის დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშველების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
რაც შეეხება იმას, რატომ არ მოხდა აქამდე სახლის დემონტაჟი, ტყემალაძის თქმით, ეს სხვა საფრთხეების შემცველი იქნება, თუ მამაკაცი ცოცხალია. "მაქსიმალურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, არის ერთი ობიექტი, სადაც სარდაფში არის მამაკაცი და ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რათა იქნეს გამოყვანილი. ამ დრომდე მისი გამოყვანა ტექნიკურად ვერ ხერხდება, რადგან კაპიტალური შენობაა და იგი საჭიროებს დემონტაჟს", - განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოეს საათებში განხორციელდება.