გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა თსუ-ს პროფესორის, ეკლესიოლოგ ქეთევან პავლიაშვილის კომენტარი, სადაც ის წერს:
"ქალბატონ ქეთევანს ძალიან უნდა სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალბატონი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათი, შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება. ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმცა ასეთები გვინახავს, ხვალ რომ ყველას მიავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება, სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ. ეს იცის ქალბატონმა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქალბატონ ქეთევანს. ეს ისე, ცნობისთვის..."
რატომ გააკეთა ეს განცხადება, ამ კითხვით თავად ქალბატონ ქეთევანს დავუკავშირდით:
- სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ვინც ჩასაფრებულები არიან, რათა ადამიანს ფეხი დაუდონ. ის რაც გავრცელდა, არაა ჩემი სტატუსი, ეს იყო ერთ-ერთი ადამიანის მიერ გავრცელებულ სტატუსზე დაწერილი კომენტარი, სხვათაშორის, შემდეგ ამ სტატუსს ვეღარ მივაგენი და როგორც ჩანს, წაშალეს. ამ კომენტარის დაწერისთანავე, ერთმა შუახნის ქალბატონმა ძალიან აგრესიულად მომწერა, ამის დაწერას როგორ კადრულობო, ავუხსენი თუ რატომაც დავწერე, მაგრამ დამიწყო ლანძღვა, ამიტომ დავბლოკე. როგორც მერე ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ეს ქალი ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" აგრესიული ფრთის ნაწილი და როგორც ჩანს, შურისძიების მიზნით ამ ქალბატონმა გამივრცელა ეს სურათი. იმ სტატუსში, სადაც ეს კომენტარი დავწერე, საუბარი იყო საქართველოში არსებულ განათლების დონესა და განათლების სისტემაზე, რომელიც 9 წლის მანძილზე მიზანმიმართულად დაბეჩავდა, გამიზნულად მიმდინარეობდა სტუდენტობის ზომბირება და დაჩლუნგება, როდესაც ამ თემაზე დაიდო პოსტი, სწორედ იქ მივაწერე ეს ყველაფერი.
მე შევცდი, რომ ვიხმარე სიტყვა "ჩლუნგი", რაც ნამდვილად არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მე მოვახდინე სტატუსის პერიფრაზი, სადაც გამოყენებული იყო სწორედ ეს სიტყვა. მე არ მიფიქრია, რომ მავანნი ამ კომენტარს ასეთი ფორმით გამოიყენებდნენ და მომაწერდნენ - ახალგაზრდების მოძულე პროფესორის იარლიყს. მაშინ როცა, 2003 წლიდან მოყოლებული, ყველანაირი საშინელება გადავიტანე, მიუხედავად ამისა, მე მაინც ბოლომდე ვიცავდი სტუდენტების უფლებებს და როგორ ჩანს, ეს ძნელად ასატანი აღმოჩნდა ზოგიერთი ძალისთვის, ასეთი ფორმით გადამიხადეს სამაგიერო და ჩემი არაჩვეულებრივი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე გაავრცელეს.
თქვენ უნდა ნახოთ, რა ხდება ჩემს "ფეისბუქზე", სხვათა შორის აგრესიის დიდი ნაწილი მოდის ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისგან, ეს სასწავლებელია ილიაუნი. თსუ-ს სტუდენტები, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ჩემი ლექცია, მწერენ ბოდიშის მოხდით და მეუბნებიან, რომ ის აგრესია, რაც ჩემს მიმართ არსებობს, არაა ყველა ახალგაზრდის აზრი.
- ქალბატონო ქეთევან, ახლანდელი თაობა, ვისთანაც გიწევთ ლექციების ჩატარება, არის დაჩლუნგებული?
- სტუდენტი, რომელიც გეუბნება, რომ "ვეფხისტყაოსანი" დაწერა გრიგოლ ხანძთელმა, მეორე წერს - პეტრე პირველმა შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა და სხვა. იქნებ მიპასუხოთ, რა მდგომარეობაშია ასეთი ახალგაზრდების განათლების მდგომარეობა?! მე უნივერსიტეტს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ასეთი რაღაცეები ოჯახში და სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ადრე მიდიოდა სტუდენტების ზომბირება და დღევანდელ სიტუაციასთან შედარება არც შეიძლება. თვითონ სტუდენტების გამოსვლები და ჩივილი გაიხსენეთ, ბევრჯერ უთქვამთ, რომ მათ არაფერს არ ასწავლიან. ამაში ჩვენც ვცოდავთ.
- რატომ დაწერეთ, რომ სოლიდარობა მხოლოდ დროებითია?
- მე სადაც ვცხოვრობ, სწორედ ჩემს წინ განვითარდა ეს უბედურება, პირველი დღიდან იმ მოხალისეების გვერდით ვიყავი და ნუ იქნებიან სხვები რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები. მე მხოლოდ მივესალმები ამ სოლიდარობას და ეს იმ კომენტარშიც დავაფიქსირე, რომელიც სალაპარაკო გახდა. როგორ შეიძლება სოლიდარობა არ მიხაროდეს? უბრალოდ, მე აღვნიშნე, რომ ვიცი არაერთი შემთხვევა, როდესაც გადის დრო და ეს ხალხი რომელიც ერთად აკეთებდნენ საქმეს, მერე ყელში წაუჭერენ ხელს ერთმანეთს. ამის საილუსტრაციოდ 90-იანი წლებიც გვაქვს, თუმცა მანამდე, 9 აპრილს საოცრად სოლიდარულები ვიყავით.
- არსებული ვითარებაში, თქვენი განცხადება იქნებოდა ძალიან არაპოპულარული, თუმცა მაინც გააკეთეთ, რატომ?
- მე ვარ პედაგოგი და არა მაქვს უფლება სირაქლემას პოზიცია მეკავოს. მე უნდა შემოვუძახო ყველას, რომ განათლების სისტემაში ცუდი მდგომარეობაა და სასწრაფოდ რამე ღონე უნდა ვიხმაროთ. ცოტა ხნის წინ, როგორც ეკლესიოლოგს, ბევრმა მთხოვა პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი (სხვათა შორის, პატრიარქს უამრავი ლაფი მიასხეს და მეც რომ გამლანძღონ, რაა გასაკვრი) და მაშინ ვთქვი, რომ პატრიარქის განცხადებაში უშუალოდ ზოოპარკი კი არ იგულისხმება, არამედ სიყვარული.
ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და დღეს რომ ერთნი ვართ, ამ დღეების მერე ნუღარ შევჭამთ ერთმანეთს. ეს რომ დავწერე, პატრიარქის მონა და ფანატიკოსი მეძახეს. მე არა ვარ თავის მართლების რეჟიმში. მე რასაც არ ვფიქრობ ახალგაზრდებზე, იმას ბუნებრივია ვერ დავწერდი, თუმცა თუ ვინმემ (საკუთარი მიზანმიმართული შურისძიებისთვის) გამოიყენა ეს კომენტარი, რათა ახალგაზრდები ჩემს წინაშე აემხედრებინა და ამის გამო ვინმეს გული ეტკინა, ყველას წინაშე ბოდიშს ვიხდი.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE