პასუხი აქტუალურ კითხვაზე: რეალურად, რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით

პასუხი აქტუალურ კითხვაზე: რეალურად, რატომ ვერ შეძლო უწყებამ ადამიანების გადარჩენა "სუპერ პუმას" დახმარებით

13 ივნისს თბილისში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოება ისევ აქტიურად განიხილავს. მოსახლეობის ნაწილი, სტიქიის დროს სამთავრობო უწყებების მიერ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორად განხორციელებული ევაკუაციის შემთხვევაში, მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა.

აქტიურად განიხილება ავიაციის, კერძოდ კი შვეულმფრენების გამოუყენებლობის საკითხი. მასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს განმარტების გაკეთებაც კი მოუხდა. მასში ნათქვამია, რომ 13 ივნისის ღამეს შვეულფმრენების გამოუყენებლობა დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილების მოსაზრებით მოხდა. მიზეზებად თბილისის გეოგრაფიულ-ურბანული თავისებურებანი, მაღლივ შენობებზე შუქურების არარსებობა, ძაბვის ელექტროხაზების უსისტემო განლაგება დასახელდა.

პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამაშველო დანაყოფებში, შვეულმფრენებს მთავარი პოზიციები უკავიათ. შესაძლებლობიდან გამომდინარე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისას ისინი შეუცვლელნი არიან. წყალდიდობების ან სხვა სტიქიური უბედურებებისას, მოსახლეობის ევაკუაციისთვის პირველ რიგში მათ იყენებენ. ხშირად ბორტზე ხალხი სპეციალური კალათებით, ან სხვა დამხმარე მოწყობილობებით, პირდაპირ დატბორილი სახლების სახურავებიდან აჰყავთ. სამაშველო პრაქტიკაში ეს ჩვეული მოვლენაა. შესაბამისად განცხადება, რომ სვანიძის ქუჩის ურბანული თავისებურების გამო, მოსახლეობის ევაკუაციისთვის შვეულმფრენების გამოყენებისგან თავი უსაფრთხოების გამო შეიკავეს, მთლად სწორი არ არის. რა თქმა უნდა, მსგავსი ოპერაციებისთვის პილოტები სპეციალური მომზადების კურსს გადიან.

აშშ-ს სანაპირო დაცვის შვეულმფრენების პილოტების კანდიდატურებს მხოლოდ საუკეთესო სამხედრო კადრებიდან არჩევენ. სამხედრო პილოტის გამოცდილება მათ რთული პროგრამის ათვისებაში ეხმარება. ზღვაზე მოქმედების მიუხედავად, ამ სპეციფიკას მრავალი საშიშროება ახლავს. სამაშველო შვეულმფრენები დასახმარებლად დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში - ქარი, წვიმა, ზღვის ღელვა, შტორმი - დაფრინავენ (იხილეთ სამაშველო ოპერაციის ვიდეო)

ხალხის ევაკუაცია განწირული მცურავი საშუალების გემბანიდან ხდება. ასეთ დროს პილოტს შვეულმფრენის გაჩერება გაუნძრევლად, ერთ სიმაღლეზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევს. ამ დროს პილოტს ქართან და სხვა ფაქტორებთან გამკლავება უხდება. საფრთხეს თავად მცურავი საშუალება და მისი კონსტრუქციული ელემენტები წარმოადგენენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს იალქნებიანი იახტაა. ანძები, რომელთა სიმაღლეც, როგორც წესი, 8-10 მ-ს აღემატება, სამაშველო შვეულმფრენს და ეკიპაჟს საქმეს საგრძნობლად ურთულებს. ანალოგიურ დაბრკოლებას ქმნიან ხმელეთზე ხეები და ელექტროგადაცემის ხაზები. მაგრამ სათანადოდ მომზადებულ ეკიპაჟს ამ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ შვეულმფრენს ხალხის ევაკუაცია ღამით, ქარის, წვიმის და შტორმის პირობებში უხდება. აშშ-ს სანაპირო დაცვის შვეულმფრენების პილოტებს ღამით და რთულ მეტეოპირობებში, ჰაერში მფრინავი ტანკერებისგან საწვავის მიღებასაც ასწავლიან. ვარჯიშობენ ხალხის გადასხმა-ევაკუაციაში მოძრავი მცურავი საშუალებიდან. ღამით სამოქმედოდ ასეთი სამაშველო შვეულმფრენები პროჟექტორებით, პილოტები კი – ღამის ხედვის მოწყობილობებით არიან აღჭურვილნი. უმთავრესი კი ამ საქმეში სათანადო მომზადებაა.

"ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით" - ეს ამონარიდია საქართველოს გენ-შტაბის განცხადებიდან. რა თქმა უნდა, შვეულმფრენები სხვადასხვა ზომის და გაბარიტების არიან. თუმცა მაშინ, როდესაც ხალხის ევაკუაცია ზღვაში, გემიდან ხდება, ეს მანძილი რამდენიმე მეტრამდე მცირდება. უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ამ დროს მთავარი ყურადღება ხალხის გადარჩენაზეა გადატანილი.

აზრთა სხვადასხვაობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული "სუპერ პუმას" ტიპის შვეულმფრენების გამოუყენებლობამ გამოიწვია. პოლიტიკური ოპონენტები ამ გარემოების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის შეეცადნენ და ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

ფრანგული "სუპერ პუმა", რომელიც პირველად 1978 წელს აფრინდა, სამხედრო და სამოქალაქო მიზნებით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მათ შორის სამძებრო-სამაშველო მიზნებით. კერძოდ, "სუპერ პუმებით" ისლანდიის, იაპონიის და ესპანეთის სანაპირო დაცვის ესკადრილიები არიან დაკომპლექტებულნი.

ამავე მიზნით იყენებს ორ შვეულმფრენს შოტლანდიაში ბაზირებული კერძო კომპანია Bond Offshore Helicopters. შესაბამისად, ხალხის გადარჩენა-ევაკუაციისთვის მათი გამოყენება სავსებით შესაძლებელია. თუმცა მთავრობის ოპონენტების პოზიცია, რომ შვეულმფრენები პოლიტიკური მიზეზების გამო არ გამოიყენეს, მცდარია.

სამაშველო მიზნებით გამოყენებისთვის, განსაკუთრებით კი სტიქიის დროს, შვეულმფრენს შესაბამისი აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში ჯალამბარი და სპეციალური კალათა ან სხვა ტიპის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც მიწიდან დატბორილი მანქანების, ან შენობების სახურავებიდან ხალხის აყვანა მოხდება (იხილეთ სამაშველო ოპერაციის ვიდეო)

პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის ბორტზე შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა უნდა იყოს. ღამით მოქმედებისთვის შვეულმფრენს პროჟექტორები, პილოტებს კი – ღამის ხედვის მოწყობილობები უნდა ჰქონდეთ. არც ერთ "სუპერ პუმა"-ს, რომელიც დღეს საქართველოშია, მსგავსი აღჭურვილობა არ აქვს. ისინი "სალონის" კომპლექტაციაში არიან მოწოდებულნი და არც სამძებრო-სამაშელო შვეულმფრენებისთვის დამახასიათებელი შეფერილობა აქვთ. ერთი "სუპერ პუმათი", რომელიც ამჟამად მარნეულის აეროდრომზე ბაზირებს (საბორტო ნომერი 100), გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაფრინავდა.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ გვყავს სპეციალიზებული სამძებრო-სამაშველო შვეულმფრენი, რომელიც ყოველგვარი გადაკეთების და სათანადო აღჭურვილობის დაყენების გარეშე, სიგნალის მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ შეძლებდა დასახმარებლად გაფრენას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა უკვე მიიღო 2500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და თავდაცვის სამინისტროს 90-მდე სპეციალურმა ტექნიკამ.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია