ყველაზე საშინელი ღამე ლულუ კახიანის ცხოვრებაში - ''ასეთი რამ მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი''

ყველაზე საშინელი ღამე ლულუ კახიანის ცხოვრებაში - ''ასეთი რამ მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი''

ლულუ კახიანი ყოფილ მეუღლესთან ერთად სტიქიას ძლივს გადაურჩა. მართალია, ფეხი გაიჭრა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა წოლითი რეჟიმი აქვს და პერიოდულად გადახვევებისთვის ჰოსპიტალს სტუმრობს.

- ვიყავი ხილიანზე, ჩემი ყოფილი ქმრის სტუდიაში, იმ კორპუსში, რომელიც პირდაპირ ახალ გზას უყურებს. მანქანები გარეთ გვეყენა. ბოლოს საათს რომ დავხედე, მახსოვს, რომ ღამის პირველ საათს 15 წუთი უკლდა. ვსაუბრობდით, კარი მოხურული იყო, მაგრამ უცბად წყალი შემოვიდა, სტუდია პირველ სართულზეა. წამოვხტით და კარი გავაღეთ. გავიხედეთ და მდინარე თუ ნიაღვარი მოდიოდა, წყალი სახლში შემოვარდა. ძირს იდო დამაგრძელებელი და გიორგიმ სასწრაფოდ მთლიანად გამორთო. მე სკამზე ავძვერი, ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე, დავხურე და ჩანთა გადავიკიდე. გიორგი მიფრინავდა ღამე, ჩანთა, რაც ხელში მოხვდა, აიღო და სხვა ვერაფრის აღება ვეღარ მოვასწარით. ვინაიდან ბინას სხვა გასასვლელი არ ჰქონდა და წყლით ივსებოდა იქაურობა, ძალიან დიდი რისკი იყო სახლში გაჩერება. გარეთ გამოვედით, ანუ ორი კიბით ქვევით ჩავედით, აღმოვჩნდით წინ მდებარე სკვერში, მხრებამდე წყალში…

- რას ამბობ?!.

- ვიღაცის მანქანა დავინახე, რომელიც ჩაყვინთული იყო წყალში. შუქები კი ანათებდა, მაგრამ მაინც ბნელოდა. ხილიანისკენ დავიძარით, ამ კორპუსისთვის მარცხნიდან უნდა შემოგვევლო. წინ ჩასავარდნი იყო, ხიდივით, სადაც მდინარის მილები გადის და მთელი ნაკადი იქითკენ მიდიოდა, ჩანჩქერივით ჩადიოდა წყალი. თავის შეკავება ძალიან ძნელი იყო. ხელიხელჩაკიდებულები მივიწევდით ნელ-ნელა. გაგვიჭირდა გადაადგილება. ძალიან ბევრი შლამი მოჰქონდა წყალს და ფეხებზე გვეჯახებოდა. ერთს ვფიქრობდი მხოლოდ, არ წავიქცე-მეთქი. საქანელები იყო სკვერში, რაღაც მომენტში ფეხი ჩამივარდა,

გიორგიმ წამომაყენა, ნუ გეშინიაო და, როგორც ჩანს, მაგ დროს გავიჭერი ფეხი. იქ ვერ ვიგრძენი, მოგვიანებით აღმოვაჩინე. რამდენიმე ადამიანი ხელს გვიქნევდა, აქეთ ამოდითო. ბოლოს ხილიანის ქუჩაზე ამოვყავით თავი. ამ კორპუსის ხილიანის მხარეს არის სადარბაზო, მეორეზე - გარაჟები, ამიტომაც ის პირველი სართული, სადაც ჩვენ ვიყავით, საკმაოდ დაბალია.

- გაქვს ინფორმაცია, ვინმეს კიდევ შეუვიდა ბინაში წყალი?

- იმ კორპუსში, სადაც ჩვენ ვიყავით, პირველი სართულის ყველა ბინა დაიტბორა.

- რომ გამოაღწიეთ სამშვიდობოს, საავადმყოფოში წახვედით?

- არა. როგორც გითხარი, ვერ შევამჩნიე ჭრილობა და ვერც ვგრძნობდი ვერაფერს, ამიტომაც, პირველ რიგში, ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და დავურეკე ჩემს მეგობარს, ირაკლი ბერძენიშვილს, რომელიც იქვე ცხოვრობს. მან მოგვაკითხა და საკუთარ ბინაში მიგვიყვანა. ბოლომდე ვერც გააცნობიერა, რა დამემართა. შოკში იყო, როცა ტალახიანები დაგვინახა. მასთან წყლის გადავლების საშუალება მომეცა და სწორედ იქ აღმოვაჩინე, რომ ქუსლთან ფეხი მქონდა გაჭრილი, სისხლი მდიოდა. წამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ხილიანიდან ჩასულებს გზა ტელევიზიასთან გადაკეტილი დაგვხვდა, ძალიან გაგვიჭირდა საავადმყოფომდე მიღწევა. აღმომიჩინეს დახმარება. ჭრილობა ღრმაა და, შესაბამისად, გასაკერი იყო, თუმცა ვერ გაკერეს, რადგან ძალიან დიდი ინფექცია იყო. მხოლოდ დაამუშავეს, გადამიხვიეს და მეორე დღეს დამიბარეს გადახვევაზე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია