რა გავლენას მოახდენს საბერძნეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე და რამდენ მილიონს დაკარგავს ქვეყანა

რა გავლენას მოახდენს საბერძნეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე და რამდენ მილიონს დაკარგავს ქვეყანა

საბერძნეთში კრიზისი პიკს აღწევს, ქვეყანას დეფოლტი და უფრო მეტიც, ევროზონიდან გასვლა ემუქრება. კვირას დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მხარს უჭერს თუ არა მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ საერთშორისო კრედიტორების მოთხოვნას. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, ნათელია, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური ჩიხი ქართველ ემიგრანტებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

საბერძნეთში არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 250 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მათ მიერ საქართველოში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა გასულ წელს 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, 22 მილიონი დოლარით გაიზარდა. თუ როგორი იქნება 2015 წლის მონაცემები და რა ტენდენციები იქნება ამ მხრივ, ეკონომიკის ექსპერტს, სოსო არჩვაძეს არცთუ ისე ოპტიმისტური პროგნოზები აქვს.

"საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობს პროცესები. საბერძნეთში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს. ბოლო პერიოდში აღმავალი გზით მიდიოდა გზავნილების მოცულობა. შარშან საბერძნეთიდან საქართველოში გადმორიცხვების რაოდენობამ 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში, შექმნილი ვითარება მაინც გარკვეულწილად გამოიწვევს ან ეკონომიის რეჟიმს ან ეროვნული ვალუტის აღდგენის შემთხვევაში, ბერძნული დრაჰმის კურსის დაცემას ევროსთან მიმართებაში. შედეგად შემოსავლები ეროვნულ ვალუტაშიც და ევროშიც მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს გავლენას მოახდენს ქართველ დასაქმებულთა ანაღაურებაზეც. შესაბამისად, ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში შემცირდება", -აღნიშნა სოსო არჩვაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ასევე საინტერესო| საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში - მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"

მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, ქართველების ნაწილმა დატოვოს ეს ქვეყანა და გადავიდეს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ.

რაც შეეხება თავად საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებთან მოუწევთ ბრძოლა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევს საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაცია და შემოსავლების გარკვეული ბალანსის დამყარება. შეუძლებელია ბერძენი მოქალაქე საბერძნეთში არსებული შემოსავლების გათვალისწინებით უფრო მეტს მოიხმარდეს და ფინანსურად უფრო თავისუფლად ცხოვრობდეს, ვიდრე გერმანიის საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქე. ვინაიდან გერმანიის ეკონომიკა გაცილებით ძლიერია", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ასევე საინტერესო| რას ყვებიან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველები, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო ანაზღაურებას აღარ აძლევენ

საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის მთავრობას ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვილი ვალის გადახდას სთხოვენ. სავალო შეთანხმების გახანგრძლივების სანაცვლოდ კი გარკვეული ეკონომიკური რეფორმების გატარების პირობას უყენებენ. სწორედ ეს არის ის პირობა, რომელსაც საბერძნეთის ევროსკეპტიკურად განწყობილი ხელისუფლება არ თანხმდება. პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის უფლება მოსახლეობას მისცა და 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.

რა შედეგებით დასრულდება საყოველთაო გამოკითხვა და დაუჭერენ თუ არა ბერძენი ამომრჩევლები საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების შესრულებას მხარს, ეს დაახლოებით ხუთ დღეში გახდება ცნობილი. ამასთან, სწორედ ამ რეფერენდუმით გადაწყდება, დატოვებს თუ არა საბერძნეთი ევროს არეალს. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, საბერძნეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ევროზონიდან გავა.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია