"ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლების ტიპაჟები - ვინ რისთვის იყენებს პოპულარულ სოციალურ ქსელს

"ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლების ტიპაჟები - ვინ რისთვის იყენებს პოპულარულ სოციალურ ქსელს

სოციალური ქსელის, კერძოდ კი "ფეისბუქის" მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მასზე დამოკიდებულებაც შესაბამისად მატულობს, თუმცა სპეციალისტები ვერ ამბობენ, თუ რა შეიძლება მოიტანოს სოცქსელებზე განუსაზღვრელმა დამოკიდებულებამ.

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის "ეისითის" მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისელების ნახევარზე მეტი რომელიმე სოციალურ ქსელს მაინც მოიხმარს. მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი "ფეისბუქია", რომელსაც გამოკითხულთა 45% მოიხმარს, 17% არის "ოდნოკლასნიკის" მომხმარებელი, 4% "ტვიტერს" მოიხმარს, ხოლო გამოკითხულთა 1% არის "ინსტაგრამის" მომხმარებელი. კვლევაში მონაწილეობა 405-მა სრულწლოვანმა თბილისელმა მიიღო. დღეისათვის სურათი შეცვლილია. მეტად გაიზარდა ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში "ინსტაგრამის" მოხმარება, "ფეისბუქს" კიდევ უფრო მეტი უერთდება, ხოლო "ტვიტერს" კვლავინდებურად მცირე მომხმარებელი ჰყავს საქართველოში.

Ambebi.ge-სთან საუბრისას სოციალური მედიის ექსპერტი ზურა ბალანჩივაძე სოცქსელების მომხმარებლებს რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს.

- პირველ კატეგორიას ის ადამიანები მიეკუთვნებიან, ვისთვისაც "ფეისბუქი" სამსახურის ერთგვარი შემადგენელი ნაწილია, იმიტომ, რომ ბლოგერების, ჟურნალისტების, საინფორმაციო სააგენტოების დიდი ნაწილი სოცქსელის საშუალებით მუშაობს, ამ შემთხვევაში ისინი ინფორმაციის გამცემები არიან. მეორე კატეგორია ინფორმაციის მიმღებია, რომლებიც "ფეისბუქს" ინფორმაციის მიღების კუთხით მოიხმარენ. და ბოლოს, არიან ადამიანები, რომლებიც სოცქსელებს გართობისთვის იყენებენ, - ამაში შედის პოსტების წერა, უამრავი სურათის ატვირთვა, "ჩათაობა", "დალაიქება", შემხვედრი ინფორმაციის გაზიარება და ა.შ.

როგორც კომპიუტერთან დაკავშირებით იყო დავა, რომ წიგნს ვერასდროს ჩაანაცვლებდა, დაახლოებით იგივე დავაა სოცქსელებზე, ოღონდ წიგნის ნაცვლად აქ ინფორმაციაა. მართალია სოცქსელი პრაქტიკულ საქმიანობას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ არის რაღაცები, რაც სოცქსელით მოგვარდა. მაგალითად, მედია მაუწყებლობა, ასევე ხელოვნების ზოგიერთი ჟანრი - მხატვრობა, ფილმი, მუსიკა... ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ეს ყველაფერი ციფრული გახდა და დღეს ადამიანს არ სჭირდება ბენდი, მან უბრალოდ რამდენიმე პროგრამა უნდა იცოდეს, რომ მუსიკა ააწყოს და მსმენელს სოცქსელის საშუალებით მიაწოდოს.

- რეალურად, სოციალურმა ქსელმა ბევრი სფერო შთანთქა...

- კი, ასეც არის, რაღაც ტიპის სამუშაოები გააქრო, მაგალითად ელექტრონულმა ფოსტამ ფოსტის ინსტიტუტი გააქრო და ფოსტის თანამშრომლები შეამცირა. დროთა განმავლობაში რაღაც სხვა იქნება, მაგრამ ეს ყველა სფეროს არ შეეხება. სოცქსელს არანაირი აკრძალვა არ უშველის, უბრალოდ ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. აქ უამრავი ინფორმაციაა და ინდივიდუალურია, როგორ გამოიყენებს მომხარებელი სოციალურ ქსელს - ზოგს დრო გაჰყავს, ზოგი ინფორმაციას იღებს, ზოგიც მუშაობს.

- თუ განვიხილავთ "ფეისბუქზე" დამოკიდებულებას პრობლემად, მასზე დამოკიდებულება ახალგაზრდებში გაცილებით დიდია...

- საერთოდ, ფეისბუქის პოლიტიკის მიხედვით, ადამიანს ფეისბუქის ქონა 13 წლიდან შეუძლია, უფრო ადრე - არა. ამ შემთხვევაში მშობელს აქვს ვალდებულება და უფლება, მისი შვილის სოცქსელში ყოფნა რაღაც ფორმით აკონტროლოს.

როგორც ტელევიზორმა შთანთქა სხვა მედია საშუალებები - გაზეთი, რადიო, ახლა სოციალური ქსელი მოიცავს ყველაფერს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ტელევიზორით კონტაქტი ცალმხრივია, შენ მხოლოდ ინფორმაციას იღებ, ახლა კი რამდენსაც იღებ, შეგიძლია იმდენი გასცე, კომუნიკაცია ორმხრივი გახდა და სწორედ ეს აღმოჩნდა კიდევ უფრო ჩამთრევი. ამას ვერავინ შეაკავებს და თუ შეაკავებ ეს იქნება ტირანია და ინფორმაციული ვაკუუმი. საზოგადოებამ ეს სენი უნდა გაიაროს, რაღაც მხრივ მობეზრდეს და მერე დალაგდება.

- სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაა, თუ მოქმედებს რამე აკრძალვა?

- ამის მსგავსი განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, მშობლებს აქვთ წვდომა პატარების "ფეისბუქთან" და ისინი აკონტროლებენ თავიანთი შვილების დამოკიდებულებას კომპიუტერთან. ვფიქრობ მომავალში სოცქსელების წინააღმდეგ არა, მაგრამ მათ დასახმარებლად სერიოზული ორგანიზაციები შეიქმნება. ჯერ სერიოზულ პრობლემად არ დგას და მისი ფატალური შედეგები არ ჩანს, თუმცა რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. სოცქსელების მიმართ ჯერ ქმედითი ღონისძიება არ არის შემოღებული ისევ და ისევ იმის გამო, რომ მათ დიდი პლიუსიც აქვთ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია