ბავშვების ყიდვა-გაქირავების ბიზნესი - რას ყვება ჟურნალისტი, რომელსაც თბილისელი ბოშები საკუთარ ნათესავზე ათხოვებდნენ

ბავშვების ყიდვა-გაქირავების ბიზნესი - რას ყვება ჟურნალისტი, რომელსაც თბილისელი ბოშები საკუთარ ნათესავზე ათხოვებდნენ

ვის არ უნახავს ქალაქის ქუჩებში მათხოვარი პატარები, რომლებიც ზოგჯერ მარტონი, ზოგჯერ კი უფროსებთან ერთად, ხელგამოწვდილები დადიან ან უბრალოდ ერთ ადგილზე სხედან, ან სძინავთ. უმეტესობას, როგორც ამბობენ, ქირაობენ და მათ გარკვეულ მედიკამენტებს, გამაბრუებლებს ასმევენ, რომ მთელი დღე ასე გაუნძრევლად იყვნენ და იმ საშინელ ტანჯვას გაუძლონ, რისთვისაც უფროსები იმეტებენ.

ასეთ მათხოვრებს შორის ბოშები ჭარბობენ და სწორედ ამ თემაზე "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა, რუსუდან შელიამ "პალიტრა TV"-ს გადაცემისთვის "ლურჯი ვაშლი" საინტერესო სიუჟეტი მოამზადა. მან ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა, - მათხოვარივით გადაიცვა, შეერია ამ ადამიანებს, გაუთანაბრდა და ჩვენთვის მტკივნეულ საკითხზე ბოშებისგან მეტ-ნაკლებად შეძლო გარკვეული ინფორმაციის მოპოვება.

Ambebi.ge რუსუდან შელიას გაესაუბრა.

- მოგვიყევი შენს ექსპერიმენტზე, რომელიც გარკვეულ რისკებსაც შეიცავდა. რა იყო ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი?

- ზოგადად, მანამდე მქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვებს მათხოვრობისთვის აქირავებენ, მაგრამ ეს რომ მართლაც ასეა, პირველწყაროსგან არასდროს მომისმენია. არადა, ეს დაზუსტებით მინდოდა, გამეგო. მით უფრო, რომ ქუჩებში ყოველდღიურად ვაწყდებით ამ თემას, მაგრამ თითქოს ამ ყველაფერს შევეჩვიეთ და იმის იქით ვეღარ მივდივართ.

ბოლოს, როცა სოციალურ ქსელში ამ თემაზე კიდევ ერთი ინფორმაცია წავიკითხე, როცა ვიღაცები მკვდარი ბავშვითაც მათხოვრობდნენ, ეს უკვე პიკი აღმოჩნდა და გადავწყვიტე, თავად შემეღწია ამ ადამიანების წრეში.

- და გახდი "მათხოვარი"...

- "მათხოვრობამდე" გადავწყვიტე, ქუჩაში დავკვირვებოდი ერთ-ერთ ბავშვს, ობიექტი შევარჩიე. მას მთელი დღის განმავლობაში მართლა გათიშულს, სადღაც 10 საათის განმავლობაში ეძინა.

- და ეჭვი, რომ პატარებს რაღაც გამაბრუებელი ნივთიერებებით თიშავენ, გაგიმყარდა, ხომ?

- კი, დასაბუთებით ვერ ვიტყვი, რადგანაც ამას ექსპერტიზა სჭირდება, თუმცა გარეგნული შეფასებით, ბავშვს მიღებული ჰქონდა მედიკამენტი, ან ალკოჰოლი. არ ვიცი...მოკლედ, მანამდე არსებული ეჭვი მართლაც გამიმყარდა, რადგანაც ის არ იყო თოთო ბავშვი. დედა ვარ და ვიცი, პატარებს რა პერიოდულობით სძინავთ.

- რამხელა ბიჭი იყო?

- ასე 8-9 წლამდე და გაუნძრევლად ეძინა. პერიოდულად ვიღაც ქალი აკითხავდა, დახედავდა და მიდიოდა. ეს ყველაფერი ჩემი ექსპერიმენტის გასაგრძელებლად სტიმულის მომცემი იყო. მთავარი იყო, მათ ჯგუფში მოვხვედრილიყავი, შემეღწია და გარკვეული ინფორმაცია მიმეღო.

უშუალოდ სახელმწიფოსგან ამ თემაზე კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებ და არც მიცდია, რომ საქმეში გარკვეული ორგანოები ჩამერთო.

- ბოლოს როგორ აღმოჩნდი მათ წრეში, როგორ გაარღვიე ეს ტალღა?

- პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა. მიხვდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, კამერაც შეამჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისად, "მათხოვრულად" მეცვა.

- რა ადგილას იყავი?

- "პავლოვის" კუთხეში. რაღაც სხარტები და მიხვედრილები იყვნენ, თან, პირველ ცდაზე ეტყობა, მეც ვნერვიულობდი, ვღელავდი. არ ვიცნობდი მათ ფსიქოლოგიას, უცხოს როგორ მიიღებდნენ. მოკლედ, პირველ მცდელობაზე ჩემი ექსპერიმენტი ჩაფლავდა.

- რა გითხრეს?

- ვუთხარი, ვერ ვპოულობ სამსახურს და იქნებ თქვენს წრეში შემოვიდე და ფული ვიშოვო-მეთქი. პატარის გარეშე რომ დამინახეს, მითხრეს, - ბავშვის გარეშე ფულს არავინ მოგცემს და თან, ეს ჩვენი ტერიტორიაა, ბევრი მათხოვარი ვართ და სხვა ადგილი მოძებნეო. ამ საუბარში რომ ვიყავით, მოულოდნელად კამერაც შენიშნეს და მთელ გადამღებ ჯგუფს გვაგინეს.

- მეორე ჯერზე რა მოიმოქმედე?

- ადგილი შევცვალე. მე და გადამღები ჯგუფი ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე გავედით. შორიდანვე დავინახეთ ბოშათა ჯგუფი, ერთად დადიან, და მათთან გავეშურე. თან, გადავწყვიტე, ტექსტი შემეცვალა და თავი მეტად მომესაწყლებინა.

- რა უთხარი?

- რომ ვიყავი კახეთიდან ჩამოსული და აქ პარკში მეძინა, ავადმყოფი ბებია სოფელში მყავდა დატოვებული და მისი წამლისთვის სასწრაფოდ მჭირდებოდა ფული, რომელსაც ვერსად ვშოულობდი. ყოველდღიური ფული მჭირდებოდა: სამ-ოთხ დღეში რომ დამეგროვებინა და ბებიასთვის ჩამეტანა წამალი. რაღაც გამომივიდა, მითანაგრძნეს.

- ე.ი. ნდობა დაიმსახურე. ისე, რა ინფორმაციას ელოდებოდი მათგან?

- იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე წინა ჯერზე. მეტად გაიხსნენ და სწრაფად შემოვიდნენ დიალოგში. ჩვენ შეგიფარებთო, ვიღაც თავიანთი ნათესავის ცოლობაც შემომთავაზეს. რა გინდა, სახლში იქნები, ჭურჭელს გარეცხავ, იქაურობას მიხედავ და ქმარი შეგინახავსო. ვუთხარი, რომ გათხოვება არ იყო იმ წუთას ჩემი ინტერესის სფერო. მუდმივად იმას ვიმეორებდი, რომ ფული მჭირდებოდა. მერე მასწავლეს, ვაგზალზე წადი და კრედიტი აიღე 800-1000 ლარის ფარგლებში. ჩვენ ასე ვიღებთ და მერე აღარ ვიხდითო. ვუპასუხე, რომ ფულს არავინ მომცემდა. ისინი თავისას აგრძელებდნენ, - შენც ეტყვი, რომ ვითომ გარევაჭრობაზე მუშაობ და მოგცემენ. ფული ასე და ახლავე შეგიძლია იშოვოო.

მერე მითხრეს, სასწარაფოდ გჭირდება ბავშვი, მის გარეშე არავინ მოგცემს ფულსო. ვუთხარი, - იქნებ მათხოვოთ, ან მიმასწავლოთ, ვინ აქირავებს, იძლევა ბავშვს-მეთქი? მითხრეს, რომ საავადმყოფოებში შემეძლო რიგში ჩადგომა, სადაც ბავშვებს ტოვებენ ქართველები. ეგ როგორ-მეთქი? ექიმს ურიგდებიან და ის საავადმყოფოს წილს აძლევს და ბავშვს ასე ყიდულობენო. ამ ყველაფერზე გასვლა ქურთებიდან შეგიძლიაო. ქირაობასაც მათგან შეძლებო.

- რა ღირსო?

- არ უთქვამთ. ეს ყველაზე საკვანძო მომენტი იყო, ამას რომ ჩავძიებოდი, - ვინ? სად? როგორ? რანაირად? რაღაცას არ მიმხვდარიყვნენ, არადა, სიტუაციიდან ისე მინდოდა გამოსვლა, რომ რაიმე გართულება არ შემქმნოდა. მოკლედ, ბოლოს მათი რჩევა ის იყო, რომ უნდა წავსულიყავი სამგორში და ბაზრობაზე, ქურთებს შევხვედროდი, რომლებიც ბავშვის ყიდვაში, ან გაქირავებაში დამეხმარებოდნენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ბებიის დასახმარებლად გინდოდა თანხა, ყველა ვარიანტში მათთვის მაინც კონკურენტი იყავი. დარწმუნებული ხარ, რომ სწორი ინფორმაცია მოგცეს?

- დარწმუნებით არ შემიძლია ამის თქმა და ამიტომაც ვთქვი სიუჟეტში, რომ ვაპირებ ამ თემის გამოძიებას-მეთქი. ეს ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი ნაწილია. ისე, სამგორის ბაზრობაზე ვცდეთ კიდეც ქურთების მოძებნა, მაგრამ იქ გვითხრეს, რომ ისინი იქ სხვადასხვა პერიოდულობით ჩნდებიან, დილით მოდიან და ქრებიან, კონკრეტულად კი, არაფერი იცოდნენ მათ შესახებ.

ბოშებთან საუბრისას არ მქონდა განცდა, რომ მათი კონკურენტი ვიყავი, მათგან სიცივე არ მიგრძვნია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მითანაგრძნობდნენ და ცოტა ''ლუკმასაც'' მიგდებდნენ.

- მთავრი ის არის, რომ მათ დაადასტურეს მოარული ხმა იმის შესახებ, რომ სამათხოვროდ ბავშვების გაქირავება-გაყიდვა ხდება, რის ხარჯზეც ისინი ფულს შოულობენ. ჩემთვის ამ სიუჟეტის ყურებისას ყველაზე მძაფრი ეპიზოდი, გარდა იმისა, რომ ბავშვებს ვიღაცები ყიდიან, ის იყო, რომ მათი ნათესავის ცოლობას თავაზობდნენ.

- ქრონომეტრაჟმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ის ეპიზოდიც ჩაგვესვა სიუჟეტში, როცა მითხრეს, ახლავე გავაჩერებთ ტაქსის და წავიდეთო. იმ მომენტში გონებაში დავუშვი აზრი, რომ რაღაც კიდევ სხვა ჯგუფი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მარტო არ ვიყავი, გარშემო გადამღები ჯგუფის წევრები ტრიალებდნენ, 4 ადამიანი და არ შემშინებია. რაღაც რომ მომხდარიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ დაცვა მყავდა. უბრალოდ, ის გამიკვირდა და რომ ბოშის ცოლობა ქართველს შესთავაზეს. მერე იქვე თქვეს, რომ ადრე ეს პრობლემა იყო, ახლა ქართველები და რუსები ბოშებზე ჩვეულებრივად ქორწინდებიანო.

არადა, რა იცოდნენ, რომ მე დაოჯახებული ვარ - მეუღლე და 2 წლი-ნახევრის ვაჟი - ნიკოლოზი მყავს.

იხილეთ სიუჟეტი| "როგორც ღმერთი მოგვცემს, დღეში 200-300 ლარს ვშოულობთ" - "მათხოვრების ბიზნესი" და ჟურნალისტის ექსპერიმენტი თბილისში

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია