ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს

ზაფხულის ეკონომიკური პერსპექტივები: რა თანხებს შემოუტანს 3 უდიდესი მოვლენა თბილისს

თბილისი ზაფხულის განმავლობაში სამ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. მათ შორის მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ს, რომელიც 3 ივლისს დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება და 11 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასს, რომელიც თბილისის "დინამო არენაზე" "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისში ათასობით სტუმარს ელოდებიან. მხოლოდ Tbilisi Open Air-ზე დასასწრები ბილეთები უკვე ათასობით უცხოელმა იყიდა.

"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუ რამდენი უცხოელი იქნება აქედან, მაგრამ საუბარია რამდენიმე ათასზე. განსაკუთრებით დიდი აქტიურობა შეინიშნება სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან", - აღნიშნა ფესტივალის მედიამენეჯერმა, სოფო ებრალიძემ.

ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება იქნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც, რომელშიც მონაწილეობას 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიადისთვის მზადება თითქმის უკვე დასრულებულია. ყველა სპორტული ობიექტი მზადაა. ბევრ ობიექტზე სატესტო შეჯიბრებები უკვე ჩატარდა. ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემების დამოტნაჟება. გრანდიოზული გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ამ ღონისძიებაზე ჩამომსვლელ უცხოელ ტურისტთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, აქაც საუბარია ათასობით ადამიანზე.

"დარეგისტრირებულია 3 500 სპორტსმენი და ველოდებით, რომ ეს რიცხვი საერთო ჯამში დაახლოებით 3 800-მდე გაიზრდება. ხოლო სპორტსმენებისა და მათი თანმხლები პირების საერთო რაოდენობა 7 000-ს მიაღწევს. უცხოელი ტურისტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით", - აღნიშნა საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ლიზა ვადაჭკორიამ.

რაც შეეხება უეფა-ს სუპერთასის ფინალს, როგორც ცნობილია, მას 6 000 უცხოელი გულშემატკივარი დაესწრება.

რა ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება სამი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება თბილისისთვის? ექსპერტ ვატო ასატაშვილის მოსაზრებით, ეს დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება.

"ეს იქნება საკმაოდ დიდი შემოსავალი ქალაქისთვის და არამარტო. ეს იქნება ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი. მცირე და საშუალო ბიზნესში მოიაზრება ღამის თევის დაწესებულებები, რესტორნები, კაფეები და ტრანსპორტი და გადაზიდვა, ტაქსები და მცირე ზომის კომპანიები, რომელიც გადაადგილების სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს. როგორც იცით, გასულ თვეს გვქონდა EBRD-ის ღონისძიება და ვნახეთ, რომ ამან საკმაოდ დიდი შემოსავალი მოიტანა" - აღნიშნა "ამბები.გე"-სთან საუბრისას ვატო ასატაშვილმა.

თუმცა, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება სარგებელთან ერთად ხარჯებსაც უკავშირდება. Tbilisi Open Air-ის წარმდგენი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფია", ფესტივალს ჰყავს ასევე სპონსორები. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ღონისძიება სახელმწიფოს თანხების ხარჯვას უკავშირდება განსხვავებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისგან. ოლიმპიადა, რომლის ორგანიზატორიც თბილისის მერიაა, საკმაოდ ძვირი დაუჯდა ბიუჯეტს, აშენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელია.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია