რატომ ვლოცულობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს

რატომ ვლოცულობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს

"ლოცვა ღმერთთან საუბარია", - ასე განიმარტება ლოცვა, თუმცა რატომ ვლოცულობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის დროს და სად უნდა ვილოცოთ, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- ლოცვისთვის სპეციალური სახელმძღვანელო არ არსებობს. ლოცვა ისწავლება ლოცვით. ერთ წმინდა მამას მოწაფეები ეკითხებიან, თუ რას აკეთებს ის ლოცვის დაწყების წინ, წმინდა მამა პასუხობს - ვლოცულობ, რათა კარგად ვილოცო. მამაოების სწავლებით 3 ძირითადი ლოცვაა ცნობილი - დიდებისმეტყველება, ანუ როცა ადამიანი ლოცვას იწყებს, მან ღმერთს დიდება და მადლობა უნდა შესწიროს, მეორე არის სინანული, რომ ის არის ცოდვილი და სჭირდება შემწეობა, მესამე კი მადლიერებაა.

მაცხოვარი ბრძანებს, ითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, სამწუხაროდ ბევრი ქრისტიანი ამას პირდაპირ იგებს და ყველაფერს მატერიალურ სათხოვარს მიაწერს, ეს კი არასწორია. არაერთგზის მითქვამს, რომ ადამიანმა უნდა ითხოვოს სასუფეველი ცათა ანუ ცხონება და სიმართლე მისი, დანარჩენი ყოველივე მიეცემა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა ადამიანისთვის?

- არც ერთი რელიგია ლოცვისა და მარხვის გარეშე არ არსებობს. ლოცვის გარეშე ადამიანის სული მკვდარია. როგორც სხეულს სჭირდება საკვები, ასევე სულს სჭირდება ლოცვის სახით საკვები. ადამიანის სული ლოცვას, ანუ უფალთან ურთიერთობას თუ არ ითხოვს, ის უკვე დასნეულებულია. მაგალითად, ადამიანს თუ საკვების მიღება არ სჭირდება, ხორციელად ის უკვე სნეულია, სხეული დაუძლურდება და გარდაიცვლება, ასევეა სულიც, თუ ადამიანი არ ლოცულობს, სული უფალს განეშორება, თანდათანობით სნეულდება და კვდება.

როცა მოძღვარი ადამიანებს ეკლესიაში სიარულისკენ და ლოცვისკენ მოუწოდებს, ისინი პასუხობენ, რომ დრო არ აქვთ. როგორ შეიძლება თქვა, რომ უფალთან შესახვედრად დრო არ მაქვს. რელიგიოს ნიშნავს ადამიანის განახლებულ კავშირს ღმერთთან და ადამიანისთვის ყველაზე მთავრი კავშირი ღმერთთან წარმოჩინდება ლოცვით ურთიერთობაში. თუ შენ ქრისტიანი ხარ ღმერთთან კავშირი უნდა გქონდეს, კავშირი არა მარტო სანთლის ანთებით და ეკლესიაში სიარულით, არამედ ლოცვით.

- როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა?

- რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი მამათა კანონები, თუ რა და როგორ უნდა წაიკითხოს ადამიანმა ლოცვის დროს, მაგრამ სასურველია ადამიანმა პირადი სიტყვებითაც ილოცოს. უფალმა მოციქულებს მამაო ჩვენო ასწავლა, რომელსაც მოციქულებმა მრავალი ლოცვა დაამატეს. ლოცვითი კანონები, როგორიცაა დილის, საღამოს ლოცვები და ა.შ. ყველა წმინდა მამების გამონათქვამებით არის შედგენილი.

ყველაზე მთავარი და დიდი ლოცვა არის უფალო შემიწყალე, რომელსაც ადამიანი ჯერ კიდევ სამოთხეში ამბობდა და მას ეს სიტყვები თავიდანვე რომ ეთქვა, სამოთხიდან გამოძევებული არ იქნებოდა. როცა ადამიანი ამბობს, რომ ლოცვისთვის დრო არ აქვს, ის ცრუობს იმიტომ, რომ მაგალითად იესოს ლოცვას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ასეთი ადამიანი კი მე მგონი არ არსებობს, რომ ერთი წუთი არ ჰქონდეს ამის სათქმელად - "უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

გვაქვს დრო ჭამისთვის, ტელევიზორის ყურებისთვის, განკითხვისთვის, ჩხუბისთვის, ლოცვის გარდა დრო ყველაფრისთვის გვაქვს. ფაქტობრივად, ქრისტიანების 80% ან სწორად არ ლოცულობს, ან ლოცვა არ იცის, ანდაც ლოცულობს, მაგრამ მისი გონება ლოცვისგან ძალიან შორსაა. ეკლესია კრძალავს ვულგარულ ჩაცმულობას, ბავშვების ხმაურს, აყალ-მაყალს. როცა ადამიანი ეკლესიაში შემოდის, მლოცველი ყურადღებას მასზე გადაიტანს, ტაძარში კი მთავარი ყურადღებაა.

- ლოცვის დროს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყურადღება და რწმენა. ლოცვის დროს უმთავრესია ყურადღება, რომელიც თანამედროვე ქრისტიანებს აკლიათ. იოანე სინელი ბრძანებს, იმაზე ნუკი ბრაზდებით, რომ გონება გეფანტებათ, არამედ გიხაროდეთ, რომ გონების შემოკრება შეგიძლიათ. ადამიანი სულისა და სხეულის ერთობლიობაა და გონება გაფანტულობა ხორცის თვისებაა. ანგელოზს ლოცვის დროს გონება არ ეფანტება, რადგან მას მატერიალური სხეული არ გააჩნია.

გონების გაფანტვა ჩვეულებრივ დაშვებულია, მაგრამ გონებაგაფანტულები არ უნდა დავრჩეთ. როგორც სერიალების ყურებისას და საერო რომანის კითხვის დროს არ გვეფანტება გონება იმიტომ, რომ ძალიან გვაინტერესებს, უფალთან ურთიერთობა იმდენად უნდა გვაინტერესებდეს და მასთან დიალოგისას იმდენად მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ, რომ გონება არ უნდა გვეფანტებოდეს.

-რწმენაც ახსენეთ.

-თუ შენ არ გწამს და რაღაცას ითხოვ ე.ი ითხოვ ბუნების რაღაც ძალისაგან, ისეთი არსებისგან, რომელსაც საერთოდ არ იცნობ და ასეა ხშირად, ყველა ადამიანი ამბობს, რომ მე ჩემი რწმენა მაქვს, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ღმერთთან და სამწუხაროდ, რას ითხოვენ არ იციან და ბუნებრივია, ვერ იღებენ. უხერხულია ითხოვო მატერიალური, დროებითი და არ ითხოვო მარადიული. შეიძლება ყურადღება მოვიკრიბო, ვილოცო, მაგრამ ღმერთის არსებობის რწმენა არ მქონდეს, ეს დაუშვებელია.

წარმართი ქალბატონი მიდის ქრისტესთან და ეუბნება, რომ მისი ქალიშვილი ავად არის, ქრისტე პასუხობს, რომ მე ჯერ ებრაელების განსაკურნად მოვედიო. ჩვენ რომ იმ ქალბატონის ადგილას ვყოფილიყავით, ვიტყოდით რომ რანაირი ღმერთი ხარ, თხოვნას რატომ არ მისრულებო, თუმცა ქალბატონი იცდის და ეუბნება, მერე რა მოხდა, ძაღლებიც ხომ იკვებებიან შვილების სუფრიდან ჩამოცვენილი ნამცეცებიდანო. ამ ადამიანმა თავი დაიმცირა და შვილი განიკურნა, ქრისტე მოციქულებს მიუბრუნდა და უთხრა, ასეთი სარწმუნოება მე ისრაელშიც კი არ მინახავსო.

- სად შეგვიძლია ლოცვა?

- ღმერთი ყველგან არის და ლოცვა ყველგან შეიძლება - სახლშიც, სამსახურშიც, ტრანსპორტშიც და ქუჩაშიც, თუმცა ტაძარში, ხატებთან ლოცვა უმჯობესია. კინოს მოყვარული ფილმის საყურებლად კინოში მიდის, თეატრის მოყვარული თეატრში, სპორტის მოყვარული სტადიონზე, ასევეა უფლის მოშიში და მოყვარული ტაძარში ლოცულობს. როცა ადამიანს რაღაც ცუდი დაემართება, ამბობს, რომ ღმერთი ჩემზე გაბრაზებულიაო, როგორ შეიძლება ღმერთი გაბრაზებული იყოს? ღმერთი სიყვარულია და არ ბრაზდება.

ზოგი ფიქრობს, ახლა ბევრ სანთელს დავანთებ, ბევრ ცხვარს დავკლავ და ღმერთი დამშვიდდებაო, ეს არასწორია, ადამიანს მის მიერ ჩადენილი ცოდვა სჯის. თუ ადამიანი 24 საათი სასმელს სვამს, რაც არის ცოდვა, დროთა განმავლობაში ეს მისი ღვიძლის დაშლას გამოიწვევს. თუ ადამიანი თამბაქოს ეწევა, მას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთმა კი არა, მის მიერ ჩადენილმა ცოდვამ დასაჯა.

ლოცვის დროს მთავარი ის კი არ არის, რომ ლუარსაბივით ვიძახოთ, ღმერთო ამდენი სანთელი დაგინთე, ამდენი რამ შეგწირე და დამეხმარეო. ზოგს ჰგონია, რომ დიდ თაფლის სანთლის დანთებით და ცხვრის შემოტარებით ქვეყანას რომ შეყრის, რადგან ვიღაცას დაეხმარა, დახმარებს ელოდება. მე ამას სულიერ ბიზნესს ვეძახი, როცა ჰგონიათ, რომ ციდან დოლარები ჩამოცვივა. ასე სულაც არ არის. ჩვენ ვლოცულობთ იმიტომ, რომ გადავრჩეთ და სამოთხე დავიმკვიდროთ, ყოველ შემთხვევაში პირველი ეს უნდა გვინდოდეს, დანარჩენი კი ღმერთმა იცის, რა გვჭირდება და ყველაფერს მოგვცემს, რაც ჩვენთვის აუცილებელია.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია