"2-3 მეტრში მგლები და დათვები შოკირებულები დარბოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი იყო..." - ზოოპარკის ჯოჯოხეთური ღამე და ვეტერინარი, რომელმაც იდუმალი საათი შექმნა

"2-3 მეტრში მგლები და დათვები შოკირებულები დარბოდნენ, ნამდვილი საგიჟეთი იყო..." - ზოოპარკის ჯოჯოხეთური ღამე და ვეტერინარი, რომელმაც იდუმალი საათი შექმნა

ვეტერინარი ირაკლი რობაქიძე თბილისის ზოოპარკში 2006 წლიდან მუშაობს, - ყველა ცხოველის ვეტერინარული მომსახურება აბარია. ამბობს, რომ ადგილი, სადაც წლებია საქმიანობს, ოჯახივით უყვარს. იქ დიდ დროს ატარებს, თუმცა ეს ადგილი დღეს სტიქიის ზონაა, განადგურებულია, რაზეც ძალიან წუხს და ამის გამოსახატავად შესაფერის სიტყვებს ვერც პოულობს...

როგორც შევიტყვეთ, სწორედ ირაკლია ის ადამიანი, ვისაც ზოოპარკის ტერიტორიაზე ცნობილი ხის საათი გაუკეთებია, რომელზეც სტიქიის დაწყების დროა ნაჩვენები...

დეტალურად| საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში

ირაკლი რობაქიძესთან საუბარი სწორედ ამ იდუმალი საათის გარშემო დავიწყეთ.

- იმ ადგილას, სადაც ეგ საათია, ზოოპარკის საკარანტინო ვოლიერები, იზოლატორები იყო, სადაც ავადმყოფ ცხოველებს ვმკურნალობდით, რადგანაც დიდ ვოლიერებში ეს შეუძლებელია. როდესაც ამა თუ იმ ცხოველს რაღაც უჭირდა, იქ გადაგვყავდა. მერე ის ადგილი მოვაწყვეთ, გაიწმინდა, გასუფთავდა. ერთ-ერთ ხეზე ზედმეტი ტოტები ჩამოიჭრა და ის კუნძი ძალიან დაემსგავსა საათს. მერე კი ბუტაფორულად საათის ფუნქცია მივანიჭეთ: ციფრები მივაწერეთ, ისრები გავუკეთეთ, რომელიც მოძრაობდა კიდეც. ეზოს საათი ძალიან მოუხდა, იქაურობა გაალამაზა.

- როდის გააკეთეთ?

- შარშან, ზაფხულში.

- რას უნდა მივაწეროთ ის, რომ საათი ისრები სტიქიის დაწყების დროს - პირველის 27 წუთს - აჩვენებდა...

- საათის ისრები მოძრაობდა, იქ ბევრი ჩვენი თანამშრომელი ტრიალებდა ხოლმე, საათი ყველას მოსწონდა და მასთან ახლოსაც მიდიოდნენ, მაგრამ სტიქიამდე ხელი ვინ მოჰკიდა და ზუსტად იმ დროზე ვინ დააყენა, რა დროსაც ის უბედურება დაიწყო, არ ვიცი...

- სიმბოლური დამთხვევა კია.

- ნამდვილად, ასეა...

- აღნიშნეთ, რომ საკარანტინო ადგილი იყო, სადაც დაავადებულ ცხოველებს ვუვლიდითო. ხშირად ავადმყოფობდნენ ისინი?

- არც ისე, მაგრამ ყოველდღიური დათვალიერება სჭირდებათ. შემოვლაა მუდმივად საჭირო, მომვლელებთან დალაპარაკება, ხომ არაფერი უჭირთ.

- ძირითადად რითი ავადდებიან?

- სამ თვეში ეთხელ ჭიის წამალს ვასმევთ, თუ ზედმეტად ცხიმიანი ხორცი შეჭამეს, ნაღველი უღიზიანდებათ და გულისრევა ეწყებათ. იშვიათად, მაგრამ რაღაცები აწუხებთ...

- ახლა ზოოპარკში თავს როგორ გრძნობენ სტიქიას გადარჩენილი ბინადრები?

- მტაცებლებიდან დაგვრჩა - ხუთი თეთრი ლომი, ორი ლეოპარდი, სამი დათვი და ორი მგელი. ყველა ცხოველი, რაც კი დარჩა, დასტრესილია, ნელა-ნელა გამოდიან მდგომარეობიდან, თუმცა უჭირთ. არა მარტო ადამიანებმა, მათაც უზარმაზარი შოკი მიიღეს. ცხოველს უჭირს ამასთან შეგუება. მით უფრო ამდენი ტექნიკაა ახლა იქ, ამდენი მანქანა მუშაობს. ზოგიერთი მათგანი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. წყლიდან ძლივს გამოვიდნენ.

- თქვენ სად იყავით ტრაგედიის ღამეს?

- იმ დღეს სამუშაო საათები რომ დამთავრდა, სახლში წავედი, მაგრამ ღამე გამომიძახეს და მივედი. ის გვირაბი მანქანით მეც გავიარე და სულ მალე მოხდა ის უბედურება, რაც მოხდა. წყლით გაივსო ზოოპარკი, გმირთა მოედანი, შიგნით ვერ შევდიოდით.

- ალბათ ცხოველების საოცარი ხმები ისმოდა...

- ბეჰემოტი დაცურავდა, მგლები, დათვები შოკირებულები დარბოდნენ, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით მათ დაძინებას, იმობილიზაციას. ნამდვილი საგიჟეთი იყო, შუქიც გაითიშა, არაფერი ჩანდა.

- ცხადია, მტაცებლებისგან არც თქვენ იყავით დაზღვეული, რომ არ დაეზიანებინეთ.

- 2-3 მეტრში დარბოდნენ მგლები და დათვები, საკმაოდ შეშინებულები იყვენენ, ვინმეს რომ სცემოდნენ, ამისთვის არც ეცალათ, თავის გადარჩენას ცდილობდნენ.

- ვეფხვები სულ განადგურდნენ?

- კი, ოღონდ, ერთი, როგორც უკვე იცით, ვერც ცოცხალი ვნახეთ და არც მისი ლეში ჩანს. შეიძლება ჩამარხულიც იყოს სადმე და ან არა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

- ბეჰემოტი სახელად ბეგლარი, იგივე ბეგი, ნამდვილი გმირია, რომელიც გმირთა მოედანზე დილამდე დასეირნობდა. ის იმ დღეს მსოფლიომ გაიცნო... მის დაძინებაში თქვენ მიიღეთ მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ სამჯერ დავაძინეთ ის ტრანკვილიზატორით.

- რატომ?

- იძულებულები ვიყავით, რადგან ის მალე იღვიძებდა, თან, დიდი დოზაც არ შეიძლება. მეოთხედ უკვე ჩვენმა მეგობარმა ბენჟიმ მოახერხა მისი იმობილიზაცია.

- იმ დაძინების პერიოდში ვერ იჭერდით?

- ვინაიდან დიდი ტალახი იყო, ევაკუატორი და ვერც ვერანაირი ტრანსპორტი ვერ უდგებოდა, ამიტომ დილამდე გაიწელა ეს პროცესი. არადა, როგორც კი გმირთა მოედანზე გამოჩნდა, 20 წუთში დაძინებული იყო, მაგრამ ხომ გეუბნებით, იქიდან მისი გამოყვანა ვერ ხდებოდა და წინ და უკან დაბოდიალებდა...

- კიდევ კარგი გადარჩა და მისი მოკვლა არავის მოსვლია თავში აზრად... რა ემოციას იწვევს დღეს თქვენში განადურებული ზოოპარკი...

- ეს ჩემი მეორე ოჯახია, სულ აქ ვიყავი და ვართ. ამდენი ნაშრომი, ნაწვალები, მართლა წყალში ჩაიყარა. რამდენი ცხოველი დაიხოცა, ასევე თანამშრომლები, საოცარი ადამიანები, თან ისე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ იღუპებოდნენ...

- როგორ წარმოგიდგენიათ მომვალში თქვენი საყვარელი სამსახური და იქ თქვენი საქმიანობა?

- ჯერჯერობით აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვართ, იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად აღორძინდება იქ ყველაფერი. ოღონდ, სად, როგორ და რანაირად, არ ვიცით, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია