თბილისში ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გაიხსნა

თბილისში ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გაიხსნა

ევროპის ლიდერი სასტუმროების ჯგუფმა "აკორდ გრუპმა" ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გახსნა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, "აკორდ გრუპის" წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, კომპანიის დამფუძნებლები და ინვესტორები ესწრებოდნენ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ეს არის წარმატებული პროექტი, რომელზეც 16 მილიონი დოლარი დაიხარჯა. "მინდა აღვნიშნო, ინვესტორები ასევე ახორციელებენ გაცილებით დიდ პროექტებს თბილისში, ეს არის "მწვანე ბუდაპეშტი", რომელზეც დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. "მწვანე ბუდაპეშტი" 2016 წლის მაისში დასრულდება. ჩვენ ვართ ძალიან კმაყოფილი, რადგან ასეთმა ცნობილმა ბრენდმა, რომელიც არის "Accord Hotels" და "Mercure" გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა. ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმი საქართველოში არის ერთ-ერთი მზარდი სექტორი. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა საქართველოში. მადლობა ინვესტორებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ საქართველოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სასტუმრო დედაქალაქში, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება. "ეს არის ჯგუფი, რომელსაც უყვარს ჩვენი ქალაქი. როდესაც 13 ივლისის სტიქია მოხდა, ისინი გვედით დაგვიდგნენ. ჩვენი 38 მოქალაქე შეიფარეს მათ, ისევე, როგორც შეიძინეს მედიკამენტები და გადასცეს დაზარალებულ ოჯახებს და განსაკუთრებული მადლობა მინდა მათ გადავუხადო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"აკორდქსელის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსის დელაროფის განცხადებით, იგი კოორდინაციას უწევს საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. "ეს არის 29-ე სასტუმრო ამ რეგიონში. ჩვენ ადვილი გზა არ გაგვივლია, ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ შემოვსულიყავით ამ ბაზარზე, მაგრამ ჩვენი მეგობრების დახმარებით წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა ალექსის დელაროფმა. მისივე თქმით, საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ისტორიული ურთიერთობა აკავშირებს, ეს იქნება სამზარეულო, ისტორიული კავშირები და მეგობრობა. "ივანე მარკოზაშვილი დაიბადა თბილისში. მინდა გითხრათ, რომ ის ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ და მოხარული ვარ, რომ დღეს სასტუმროს ვხსნი თბილისში", - განაცხადა ალექსის დელაროფმა.

"Mercure Tbilisi old Town"-ში განთავსებულია 108 ნომერი. სასტუმრო "Mercure" მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. სულ მსოფლიოში 743 სასტუმრო აქვს. სასტუმრო "Mercure" შუა რგოლის სასტუმროა "აკორდის" ქსელში. სასტუმრო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დიდი გამოცდილებით მთელ მსოფლიოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია