თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

თბილისში უამრავი მეწყერსაშიში ადგილია, სწორედ მეწყერმა გამოიწვია 13 ივნისს ის კატასტროფა, რაც ჩვენთან დატრიალდა. ვინაიდან თემა ძალიან აქტუალურია, ამიტომ კატასტროფის მიზეზებზე, შედეგებსა და პრევენციაზე ვესაუბრეთ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტს ირაკლი მიქაძეს:

- თბილისი გეოლოგიურად სუსტ ქანებზე მდებარეობს. ეს არის პირველი დიდი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი პროცესების განვითარებას, რაც 13 ივნისს მოხდა... ადრე მდინარე მტკვარი მახათისა და მამა დავითის მთების სიმაღლეზე (620 მეტრზე) მიედინებოდა. მდინარემ დაიწყო ხეობის სწრაფად ჩაჭრა. დღეს 420 მეტრის ნიშნულზე მიედინება... მოკლედ, მტკვარი დასეირნობდა და თავის ჭალას ქმნიდა, ნალექებს ლექავდა. ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები და მასალა გეოლოგებს გვაქვს, რადგანაც მახათას, მამა დავითის, ყეენობის მთებზე, კუკიაზე სულ ტერასებია, რაც მტკვრის ნამდინარევი გახლავთ...

- ე.ი. აღნიშნული ტერიტორიები მეწყერსაშიში ზონებია?

- რა თქმა უნდა, და საერთოდ, რაც კი თბილისში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალური ქუჩა, მაგისტრალი თუ პროსპექტია, ყველა მდინარის ტერასებს წარმოადგენდა. მდინარე ჭრიდა და ჩადიოდა ქვედა საფეხურებზე, სადაც თავის ნალექებს ლექავდა. მტკვრის ხეობაში ასეთი 6 საფეხურია დაფიქსირებული.

- ამ კალთებზე კოკისპირული წვიმების დროს, რადგანაც თიხიანი ქანებია, ადვილად წარმოიქმნება ისეთი ტალახიანი ნაკადები, როგორიც 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დაიძრა?

- დიახ, ჩვენ ამას ღვარცოფს ვეძახით, რაც მერე ხევებს წარმოქმნის და ყოველი ასეთი ხევი ღვარცოფულია. როდესაც შევკრიბეთ აღნიშნული ხევების სიგრძე და გავზომეთ, 230 კილომეტრი აღმოჩნდა. მათ შორის ყველაზე გრძელი მდინარე ვერეს ხეობაა, - 45 კილომეტრი. ამ ხეობაში ფერდობები არამდგრადი ქანებისა და ასეთი წვიმების შედეგადაა დახრამული, სადაც მეწყრული პროცესებია განვითარებული.

თბილისის გარეუბნებში და ქალაქის ტერიტორიაზე 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული, რომლებიც თავისი კრიტიკული სიტუაციით სხვადასხვა მდგომარეობაშია და ეს კრიტიკული სიტუაცია თანდათან მძიმდება.

- როგორ?

- მიდის ურბანიზაცია, ხდება მაღალსართულიანი სახლების აშენება. თან, ყველა ცდილობს სახლი ცენტრში აიშენოს, გარეუბანში ნაკლებად მიდიან. არადა, ცენტრი ამდენ სახლს ვეღარ იტანს. ადრე თბილისში 4-5-სართულიანი შენობები იყო, მერე აშენდა პირველი 11-სართულიანი, რასაც 20-სართულიანი მოჰყვა და ახლა უკვე 32-სართულიანებს აშენებენ.

- ე.ი. ქალაქი სიმაღლეში მიდის...

- დიახ და ეს მის კლიმატზეც უარყოფითად მოქმედებს... ამ თემას ისევ მივუბრუნდები, მანამდე გეტყვით, თუ როგორ მძიმდება ტერასები აღნიშნული საძირკვლებით. იღებენ ტერასის ძირებს, თხრიან საყრდენს, რომელიც ისედაც არ არის მყარი, მეწყერს ფუძეს აცლიან, რაც შემდეგ შენობების დაბზარვასაც იწვევს. ავიღოთ მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე სულ დამეწყრილია, მას ვაკის მეწყრებს უწოდებენ. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის დროს "მზიურის" ტერიტორიაზე აკრძალეს სახლების მშენებლობა, ახლა ისევ მიმდინარეობს, რადგანაც უსაფუძვლოდ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #13 ივნისი

- როგორც გავიგე, ატენის ქუჩაც მეწყერსაშიში ზონაა...

- დიახ, მის ქვედა ნაწილებში არ შეიძლებოდა მშენებლობა, სულ დამეწყრილია, არადა, ქვემოთ და ქვემოთ ჩადიან და ასე ამძიმებენ მეწყრებს. ასე რომ, ურბანიზაცია მეწყრის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ახლა იმ თემას მინდა მივუბრუნდე, თუ მაღლივი სახლები როგორ ცვლიან ამ ქალაქში კლიმატს ისედაც გლობალური დათბობის პერიოდში. თბილისში წლის განმავლობაში საშუალოდ 540 მილიმეტრი წვიმა მოდის, მაგრამ გაიზარდა პიკები, ანუ პიკები ზამთარში და ზაფხულში. მოკლედ, გაზრდილია ატმოსფერული ნალექების მოდინების ინტენსივობა. ადრე ჟუჟუნა წვიმები იყო, დღეს უკვე კოკისპირული მოდის, თუმცა ადრეც იყო კოკისპირული წვიმები, მაგრამ 15-წუთიანი. როდესაც ვერეს ხეობაში კატასტროფა მოხდა, სხვადასხვა ინტენსივობით 6-საათიანი წვიმა იყო, აქედან 4 საათი - კოკისპირული ნაკადი. ასეთი რამ ადრე თბილისში არ ყოფილა.

- რითი აიხსნება, რისი ბრალია?

- კლიმატოლოგებმა ასე ახსენს, რომ 13 ივნისის წვიმა თბილისისთვის დამახასიათებელი კოკისპირული წვიმის ოთხმაგი პიკი იყო. ამაში მაღლივი სახლები დიდ როლს თამაშობენ, ისინი კონვენციურ დინებებს ხელს უწყობს. არის ასეთი წრიული დინებები, რომელიც იქმნება მაღლივი სახლების გარშემო, რის შედეგადაც სითბური კუნძულები წარმოიქმნება. ამას ავტომობილების გამონაბოლქვიც ემატება, რაც ჰაერს, ღრუბლებს ამძიმებს და მაღლივი სახლების თავზე ამ ყველაფრის კონცენტრაციას ახდენს, შედეგად მოდის კოკისპირული წვიმა. აი, როგორი მძიმე გავლენა აქვს ურბანიზაციას კლიმატზე.

- მეწყერის გამომწვევია ასევე ხეების ჭრა. ამაზე რას იტყვით?

- გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2000 წლამდე განსაკუთრებული ინტენსივობით იჭრებოდა ხე-ტყე. ადამიანები შორს არ მიდიოდნენ, იქვე ფერდობებზე ჭრიდნენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ეროზიულ პროცესების გააქტიურებას იწვევს. ჩაჟონვა აღარ ხდება და ღვარცოფის პროცესები იწყება. მიწას  არღვევს წყალი და მიწასთან ერთად მიაქვს. ჯამში გეოლოგიური მეწყერები, კლიმატური პროცესები ყველაფერი ამ მდგომარეობას ძალიან ამძიმებს. ის მეწყერები, რომლებიც თბილისში არსებობს, დღეს სტაბილიზებულია, მაგრამ მომავალში შეიძლება ამ თუ იმ მიზეზით გააქტიურდეს.

- ახლა განვიხილოთ მეწყერი, რომელიც წარმოიშვა ახალდაბა-ბეთანიის გზაზე, ანუ რამ გამოიწვია ის?

- ის მეწყერი რომ არ ყოფილიყო, თბილისის დატბორვა არ მოხდებოდა. იმ კოკისპირულ წვიმას ხევი გაატარებდა და საგანგაშო არაფერი მოხდებოდა. მაგრამ ბოლო წლებში ყურადღება არ ექცეოდა იმას, რომ ახალდაბა-ბეთანიის საავტომობილო გზა ზედ მეწყერზე გადიოდა, მისთვის ამხელა ტვირთგამავლობა, ვიბრაცია უდიდესი დატვირთვა იყო. ამან გაააქტიურა აღნიშნული მეწყერი. მერე როგორც კი მოვიდა კოკისპირული წვიმა, დაალბო ფერდი, მდინარის კალაპოტმა მაღლა აიწია, ძირი გამორეცხა და მეწყერმა მოძრაობა დაიწყო. მეწყერი რომ დაიძრა და წამოვიდა, ნიადაგი, ხეები, თიხნარი, ქვიშაქვის ლოდები - ყველაფერი წამოიღო და მდინარეში ჩამოიტანა. ღვარცოფს სვანიძის ქუჩაზე გვირაბი დახვდა, რომელიც კოკისპირულ წვიმებს და მაღალ დინებას ატარებს, მაგრამ არა მეწყერს. მეწყერის წამოსულ სხეულს დაემატა ის, რომ სვანიძის ქუჩასთან რამდენიმე მანქანაც წამოიღო და გვირაბში გაჭედა. 10 წუთში 7-8 მეტრით აიწია წყალის დონემ, რამაც მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ყველაფერი დატბორა.

- აღნიშნული გვირაბი როდის არის გაკეთებული?

- გვირაბი გასული საუკუნის შუა პერიოდში გაკეთდა. მაშინ არც ასეთი კლიმატური პირობები იყო, არც ასეთი ურბანიზაცია და არც გააქტიურებული მეწყერი. თავად გვირაბი მაღალ ინჟინრულ დონეზე აიგო. ის ყოველთვის მდინარე ვერეს მაქსიმალურ ხარჯებს ატარებდა. თუმცა დღევანდელ დღეზე არ იყო გათვლილი. მან თავისი როლი შეასრულა, ამოწურა და მისი დატოვება აღარ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ამ ფაქტორების გამო, ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ შევდივარ წინადადებით იმ კომისის წინაშე, რომელიც სტიქიის შემდეგ შეიქმნა, ასევე ხელისუფლების, მერიის წინაშე იმისთვის, რომ მომავალში ასეთი პროცესები და კატასტროფები არ განმეორდეს, გვირაბი ლიკვიდირებულ იქნას! უნდა გაიხსნა ეს ხეობა და გაკეთდეს ხიდის ჩვეულებრივი ინჟინრული კონსტრუქცია. ამით ეკოლოგიური სურათი აღდგება და ეს ადგილი შემდგომ შეიძლება გამოვიყენოთ ტურისტულ-რეკრიაციულ ზონადაც.

პ.ს. ჩვენ ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და რამდენიმე დღეში ბატონ ირაკლისთან საუბარს ისევ შემოგთავაზებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია