"პალიტრა L"-მა "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-9 ტომის, "ქართული მხატვრობის" პრეზენტაცია გამართა

"პალიტრა L"-მა "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-9 ტომის, "ქართული მხატვრობის" პრეზენტაცია გამართა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-9 ტომის, "ქართული მხატვრობის" პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყო. პრეზენტაციას დაესწრნენ მხატვრები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, ვის ნამუშევრებზეც მოთხრობილია წიგნში.

გამოცემის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძეა. მისი თქმით, წიგნი მოიცავს ქართული მხატვრობის ნიმუშებს უძველესი პერიოდიდან მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე. ავტორის შეფასებით, ქართულმა მხატვრობამ საინტერესო განვითარების გზა განვლო და მის გარეშე მსოფლიო ქრისტიანული ხელოვნების განხილვა წარმოუდგენელია.

ნინო ხუნდაძის ინფორმაციით, წიგნში მოყვანილი ილუსტრაციების ძირითადი მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან არის წარმოდგენილი. ასევე გამოყენებულია კერძო ფოტოგრაფების მასალები.

"პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას ინფორმაციით, აღნიშნული გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ ენაზე ქართული მხატვრობის თაობაზე ინფორმაციის ასეთი თავმოყრა, ფაქტობრივად არ არსებობს. მისივე თქმით, სერია "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ წერეთელმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ "პალიტრა L"-მა კიდევ ერთი საინტერესო წიგნი გამოსცა. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ "ქართული მხატვრობის" პრეზენტაცია ფიროსმანის ნახატების ფონზე ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-9 ტომი აერთიანებს მასალებს უძველესი პერიოდიდან მოყოლებული. წიგნში მოთხრობილია ძალისის მოზაიკის, ადრექრისტიანული მხატვრობის, ტაძრების ინტერიერის გაფორმების სისტემის შესახებ. ასევე წარმოდგენილია გელათის მხატვრობა, დავით გარეჯის მხატვრული სკოლა, გვიანი შუა საუკუნეების პალეოლოგოსური მხატვრობა, ახალი ქართული მხატვრობა და სხვა მასალები.

გამოცემა პრეზენტაციაზე სპეციალურ ფასად, 10 ლარად გაიყიდა. ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია, ასევე, თენგიზ მირზაშვილის, ლევან ცუცქირიძის, ედმონდ კალანდაძის ოჯახის წევრები.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს აერთიანებს. წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად იყიდება. სერია ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია