"უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი" - რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ

"უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი" - რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ

ხშირად ადამიანები იმ ხატს ვევედრებით, რომელზეც ვიცით, რომ ჩვენს ჩანაფიქრსა და თხოვნას შეისმენს, რადგან ასე გვსმენია, თუმცა როგორც "ამბები.გე"-სთან საუბარში ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, ამ დროს ადამიანი ხატთაყვანისმცემელს ემსგავსება, სათხოვარის მიხედვით კი წმინდანისა და ხატის დაყოფა მიუღებელია.

- არ მინდა ვინმეს ხატმებრძოლეობის წრეში ვეგონო და თითქოს ვინმეს განვიკითხავ, მაგრამ რაზეც წარმართები ჩვენ განგვიკითხავდნენ, რომ ქრისტიანები ხატთაყვანისმცემლები არიანო, დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი ამ ხატთაყვანისცმლობაშია უნებურად გადასული. ასეთი სწავლება რუსეთის ეკლესიიდან გაჩნდა.

მაგალითად, წმინდა ნიკოლოზს ოჯახური კეთილდღეობისთვის ევედრებიან, სპირიოდონ ტრიუმფუნტელს კი მატერიალური სიდუხჭირის ჟამს. რა თქმა უნდა, თუ გწამს, რომ შეუსმელი ბარძიმი ნარკოტიკებისგან და ლოთობისგან განგკურნავს, ძალიან კარგია, მაგრამ რომ ვერ განკგურნოს? ხომ შეიძლება ამის გამო ადამიანი დაბრკოლდეს? უხერხულია, როცა ადამიანი სტომატოლოგთან არ მიდის და კბილის დაამებას წმინდანს ევედრება. შეიძლება რომ ქირურგიული ოპერაცია რომელიმე წმინდანმა ჩაგვიტაროს? წმინდანი შეიძლება ოპერაციის დროს დაგვეხმაროს.

უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი. ღვთისმშობლის მილიონობით ხატი არსებობს, მაგრამ ერთი ღვთისმშობელია. არის მაგალითად ყაზანის, ივერიის ღვთისმშობლის ხატები, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე ღვთისმშობელია.

- მსგავსი დამოკიდებულებაა სალოცავების მიმართ, როცა რომელიმე სალოცავს ჩანაფიქრის ასრულებას ვევედრებით.

- ადამიანს თუ რწმენა არ აქვს, მაშინ ამის გაკეთებას რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული სალოცავში გულით ილოცებ თუ არა. თუ წარმართულად ზურგაკიდებული ცხვრით მიდიხარ, შემოატარებ და დაკლავ, ეს სალოცავის სიძლიერეა თუ შენი წარმართული მდგომარეობის? ადამიანის რწმენა ძლიერი უნდა იყოს.

ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ათჯერ არის იერუსალიმში ნამყოფი, ოცჯერ ათონის მთაზე, მაგრამ მასში არანაირი ცვლილება არ არის. სერაფიმ საროველი ამბობდა, რომ დივოევოში არის ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც, მეც იგივეს ვიმეორებ, რომ ნარიყალაზეა ათონიც და იერუსალიმიც. მთავარია როგორი გულით ვილოცებ და ღმერთს მივეახლოვები. სულიწმინდის ყველაზე დიდი ტაძარი თვითონ ადამიანია.

ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, მეექვსე საუკუნის ასურელი მამა დავით გარეჯელი იერუსალიმში ფეხით ჩავიდა და შესვლა ვერ გაბედა, რადგან იქ განკაცებული ღმერთი დადიოდა და მე უღირსი ვერ შევალო. სამი ქვა აიღო და უკან გამობრუნდა. იერუსალიმის პატრიარქმა ხილვა ნახა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ვიღაც მლოცველს იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა, გამოეკიდნენ დავით გარეჯელს და ორი ქვა წაართვეს, ერთი ქვა კი დღეს საქართველოშია ჩამობრძანებული. წარმოიდგინეთ ადამიანი არც კი შესულა ტაძარში, მაგრამ მადლი მიიღო, მადლი ერთნაირია ყველგან, მთავარი ჩვენი მიმღეობაა.

ყველაზე დიდი მადლი ენერგიაა, რომელსაც ჩვენი განწმენდა შეუძლია. ადამიანს, როდესაც განწმენდილი სული და გული აქვს, ყველაზე მადლმოსილია. ადამიანის ჩანაფიქრი მაშინ ასრულდება, როცა სულიერი იქნება და არა მატერიალური. ღმერთმა იცის რა გვინდა, ჩვენთვის კარგი რა არის. თუ ჩვენი თხოვნა ჩვენს სარწმუნოებას არ შეესაბამება და ღვთის ნების საწინააღმდეგო იქნება, ის არ ასრულდება.

- თუმცა ხშირად ადამიანები უფალს ოჯახის წევრის ან ახლობლის ჯანმრთელობას სთხოვენ.

- რა თქმა უნდა, ამ დროს ადამიანი აუცილებლად გამოჯანმრთელდება, მაგრამ ჯერ ის ამისათვის მზად არ არის. რადგან ის სნეულდება, ღმერთმა ეს მის სამკურნალოდ დაუშვა. ღმერთმა იცის, ვინ როდის უნდა განკურნოს. ეს შეიძლება ცოტა მკაცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის. პავლე მოციქული როდესაც ძალიან ცუდად იყო ამბობდა, რომ სამგზის ვევედრე ღმერთს და არ განმკურნა, მითხრა სხეულში ეკალი მოგეცა და დაგქენჯნოს, რომ ამპარტავნებაში არ ჩავარდეო. როცა ადამიანი სნეულებაშია ან რაღაც უჭირს, მაშინ კარგად ლოცულობს, გონება უფრო მობილიზებულია, ხოლო როცა ყველაფერი კარგად აქვს, არაფერი აწუხებს, სამწუხაროდ ამ დროს ღმერთი არ ახსენდება.

თაკო ესებუა

ქართული წარმატების ისტორია - "პალიტრა“ 26 წლის გახდა

ქუჩები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა