თბილისის ფერდობებზე 5400-მდე გამხმარი ხე მოიჭრება

თბილისის ფერდობებზე 5400-მდე გამხმარი ხე მოიჭრება

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დღეს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი 2000-მდე ძირი ხე მოინიშნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხეების მონიშვნის სამუშაოები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა და მოწვეულმა მეტყევეობის ექსპერტმა ვალტერ ბენეკენდორფმა ჩაატარეს.

აღნიშნული ღონისძიებები იმ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც გამწვანების სამსახურმა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ფერდობებზე მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა თბილისის ფერდობებზე 5400 ძირი გამხმარი ხის მონიშვნასა და შემდეგ მათ მოჭრას ითვალისწინებს. კუს ტბის მიმდებარე ფერდობებზე 3000-მდე დაავადებული და გამხმარი ხე უკვე მოინიშნა. გამხმარი ნარგავები მოინიშნება და მოიჭრება ასევე აღმაშენებლის ხეივანში და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ჩაუტარდა თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე გაშენებული ფიჭვების ნარგაობას და გამოვლინდა პრობლემები, რომელიც სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ფიტოსანიტარიული დასკვნის თანახმად, რეაგირების ღონისძიებები გამხმარი ნარგაობისგან ტერიტორიების გაწმენდას, მათ ჩანაცვლებას, ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობასა და საშიში კერების გაზრდის პრევენციას გულისხმობს. ამჟამად ნარგავების ხმობის მხრივ ყველაზე საშიშ კერებს წყნეთის, მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობები წარმოადგენენ, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. მონიშვნის სამუშაოების დასრულების შემდეგ გამხმარი ხე-მცენარეები ეტაპობრივად მოიჭრება. მათი მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია "სინათლის ქალაქი" განახორციელებს.

ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები გამწვანების შესაბამის სეზონზე ჩანაცვლდება კლიმატური ცვლილებების მიმართ ისეთი რეზისტენტული ჯიშებით, როგორიცაა ჰიმალაის კედარი, იფანი, მუხა, აკაცია.

მცენარეთა დაცვის ცენტრის მიერ ფოტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად მომზადებული დასკვნის თანახმად, ნარგავების ხმობა გამოწვეულია ხეების ხელოვნურად გაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევის, ნიადაგის სიმწირისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობის გამო, რამაც დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა.

ცენტრის რეკომენდაციით, საინფექციო საწყისისა და მავნებლების შეზღუდვის მიზნით ზეხმელი ხეების მონიშვნა, ეტაპობრივი მოჭრა და გამოტანა უმოკლეს დროში უნდა მოხდეს, ხოლო შემდეგ კი ხმელი ხეებისაგან გამოთავისუფლებულ ფართობებზე უნდა განხორციელდეს ფოთლოვანი სახეობის ნერგების შერჩევა და მათი შერგვა აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია