"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - დედა სიდონიას გულახდილი ინტერვიუ

"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - დედა სიდონიას გულახდილი ინტერვიუ

დაახლოებით ერთი თვის წინ დედა სიდონიას საოცარი ნამუშევრების, უნიკალური სამკაულების გამოფენაზე მოვხვდი. გულსაკიდები, გვირგვინები, სამაჯურები... - ამ ნამუშევრებში თითქოს, უდიდესი სიყვარული და სითბო იყო ჩაქსოვილი. გამოფენას საქველმოქმედო მისიაც ჰქონდა: შემოსული თანხით შშმ სტუდენტს დაეხმარნენ... მშრომელი, მზრუნველი და აქტიური მონაზონი თითოეულ სტუმარს ყურადღებას არ აკლებდა.

დედა სიდონია წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

- დედაო, საოცარი სამკაულები გაქვთ. როდის გაგიჩნდათ მათი შექმნის სურვილი?

- ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიზიდავდა, თოჯინებს სამოსს ვუკერავდი... მამა მხატვარი იყო (ბებიაც მხატვარი ჰყავდა. - ავტ.) და როცა მუშაობდა, საათობით ვუყურებდი. მოკლედ, ფერები ჩემთვის უცხო არ იყო და ალბათ, ეს გახდა ჩემთვის ბიძგისმომცემი...

- მონაზვნობა როდის გადაწყვიტეთ?

- სამთავროს მონასტერში 1991 წელს სტუმრად მივედი. ურთულესი პერიოდი იყო, ცხოვრება ჭირდა. პური თვეობით არ გვქონდა, ჩვენი ფილტვები სიცივესა და მძიმე პირობებში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მონასტრიდან წამოსვლა აზრადაც არ მომსვლია. იქ საოცარი სიხარული სუფევდა, ნამდვილი, წრფელი... მარხვისას დილის 4-ის ნახევარზე ვდგებოდით, ჩვეულებრივ დღეებში კი 5-ის ნახევარზე და აუცილებლად უნდა დავსწრებოდით ლოცვას, მერე მორჩილებები იწყებოდა. რაღაც პერიოდი მეტრაპეზეც ვიყავი და 30 ადამიანისთვის სადილს ვამზადებდი. ყველა დედა გალობის საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული. გვქონდა გობელენების, ფარდაგების სახელოსნო ანუ იმ პერიოდში სამთავროში ყველანაირი ხელსაქმე `ყვაოდა~. მიუხედავად გასაჭირისა და მძიმე პერიოდისა, ყველანი გაღიმებული დადიოდნენ. იმდენად მდიდარი სულიერი საკვები გვქონდა, რომ მატერიალურს აღარ ვჩიოდით.

- საბერძნეთში როდის გაემგზავრეთ?

- მე-11 წელია, საბერძნეთის მონასტერს ვეკუთვნი... როდესაც იქ ხელში მძივები ჩამივარდა, ჯვრიანი სამკაულები ავაწყვე და რადგან იღუმენიას ძალიან მოეწონა, მერე უკვე ნამუშევრების დახვეწას ვცდილობდი, სხვადასხვა ფერის კომბინაციას ვაკეთებდი. ნაქარგების დამზადებისას მიღებული გამოცდილებაც გამომადგა.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, როცა 18 წლის გოგომ მონასტერში წასვლა მოინდომეთ?

- სკოლაში "ხუთოსანი" ვიყავი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით, გაზეთშიც ვწერდი რაღაცებს და მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. აქტიური ბავშვი გახლდით, მაგრამ თან, სიმყუდროვე მიყვარდა, განმარტოება მსიამოვნებდა, ჩანახატებს ვაკეთებდი. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ და დირექციის სურვილით, ცეკვაზე დავდიოდი - მაშინ ასე იყო საჭირო (იღიმის)...

მერე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი და ქულები დამაკლდა. მონასტერში მისულმა გავაცნობიერე, რომ უკეთეს ადგილას ვეღარსად წავიდოდი. ოჯახის წევრებმა რა აღარ გააკეთეს, რომ მონასტრიდან წამოვსულიყავი და უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. საერო ცხოვრებაში "შეთქვეფის" სურვილი არ მქონდა. ჩემი ოჯახი ეკლესიური იყო, ტაძარში პირველი მე არ მივსულვარ. უბრალოდ, ეკლესიაში დედა არ დადიოდა... მამას ვეიმედებოდი და დიდ განცდებში იყო, როდესაც ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო...

საბერძნეთში რომ წავედი, იქ უნივერსიტეტში სწავლა შემომთავაზეს და სამ თვეში ბერძნული ენა შევისწავლე. ინტერნაციონალური მონასტერია, ბევრი უცხოელი მსახურობს. ყოფილი პროტესტანტი, კათოლიკე, მუსლიმანები გვყავს, რომლებიც მართლმადიდებლებად მოინათლნენ. ბევრი მათგანი მონაზონი და ბერიც გახდა. მონასტერი ხელს უწყობს ადამიანებს, რომ საღვთისმეტყველო განათლება მიიღონ. არ მჭირდებოდა, მაგრამ თეოლოგია-საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია