"პანტანასას" ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს კურნავს

"პანტანასას" ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს კურნავს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს "ყოველთადედოფალს" (ბერძნულად "პანტანასა") ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ.

ხატი დაბრძანებულია საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერის მთავარი ტაძრის აღსავლის კართან. ხატი ХVII საუკუნეშია დაწერილი... XX საუკუნეში "პანტანასა" ათონელმა ბერმა იოსებ ისიხასტმა თავის მოწაფეებს უწყალობა.

ერთხელ, ხატთან უცნაური ადამიანი მივიდა და გაუგებრად დაიწყო ლაპარაკი. იმ დროს ღვთისმშობლის სახე განათდა და უხილავმა ძალამ ის იატაკზე დააგდო. შეშინებული ახალგაზრდა ტაძრიდან გამოიქცა და ბერებს გამოუტყდა, რომ ჯადოქრობით და მაგიით იყო გატაცებული. ამ სასწაულით, ყოვლადწმინდა ქალწულმა შეპყრობილი ადამიანი იხსნა და აღსარების გზაზე დააყენა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა.

იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას "კარცინომა" (ტერმინების "კიბორჩხალა" და "სიმსივნე" სინთეზი) უწოდა. ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია. ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა.

კიბო ახლა უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამიტომ, მათ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ და ამ დაავადების სასწაულებრივი განკურნება არაერთხელ ყოფილა, მათ შორის ღვთისმშობლის მიმართ გულმხურვალე ლოცვის შედეგად.

XVII საუკუნეში, მას შემდეგ, რაც "ყოველთადედოფალის" მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყვეს, დაიწყეს ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მისი სხვა სავანეებში დაბრძანება. ამასობაში "პანტანასამ" მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალმა და მრავალი ადამიანი უმძიმესი დაავადებისგან ამ ხატის მეშვეობით განიკურნა. თავად სახელწოდება "ყოველთადედოფალი" საუბრობს ხატის ყოვლისმომცველ ძალაზე. ღვთისმშობლის ამ ხატს გააჩნია უძლიერესი მაკურნებელი საწყისი.

ღვთის ნებით ხატის ერთ-ერთი ასლი საქართველოშიც ჩამობრძანდა 2003 წლის 3 სექტემბერს. რამდენიმე წლის მანძილზე ხატი დაბრძანებული იყო ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში. მაგრამ გასული წლის 2 სექტემბერს პანტანასას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიიდან პანტანასას დედათა მონასტერში გადააბრძანეს.

საერთოდ კი ხატზე გამოსახულია მეწამულ სამოსში სამეფო ტახტზე დაბრძანებული ქალწული მარიამი, რომელსაც ხელთ ყრმა იესო უპყრია. იესოს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა კი მაკურთხებელად აქვს დახრილი.

ხატი ღვთისმშობლის გამოსახვის ისეთ იკონოგრაფიულ ხერხს მიეკუთვნება, რომელსაც პანაქრანტას (ბერძნულად უწმინდესს უწოდებენ). ამ სახის ხატებს სხვაგვარად "ყოვლადმოწყალეს" უწოდებენ. პანაქრანტას ხატების საერთო ნიშანს წარმოადგენს ტახტრევანზე დაბრძანებული მარიამი, ყრმა იესოსთან ერთად, სადაც ტახტრევანი ღვთისმშობლის სრულყოფილებისა და ზეციური დიდების სიმბოლოა.

მოამზადა ლალი ფაციამ

"მაქსიმე უსაქმური ტიპია, ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არ მიზიდავს" - როგორ მოხვდა მარტა ბარამიძე "ჩემი ცოლის დაქალებში"

რას პასუხობს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი მშობიარე ქალის ოჯახს, რომელიც ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს

ხელშეკრულებები, რომლებიც "ცენტრ პოინტის“ მშენებლობების გადაბარებას და დაზარალებულთა დაკმაყოფილებას გულისხმობს, ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა