"ეკონომიური მდგომარეობა მიზეზი არაა" - ბათუმელი ათშვილიანი ოჯახი, სადაც უფროსი ვაჟი 18 წლის, სულ პატარა კი რამდენიმე დღისაა

"ეკონომიური მდგომარეობა მიზეზი არაა" - ბათუმელი ათშვილიანი ოჯახი, სადაც უფროსი ვაჟი 18 წლის, სულ პატარა კი რამდენიმე დღისაა

ბათუმში მცხოვრებ თეა ხომერიკსა და თეიმურაზ ბედინაძეს 10 შვილი ჰყავთ. 3 ვაჟისა და 6 ქალიშვილის შემდეგ ბედინაძეების ოჯახში მეათე ბავშვი, ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ დაიბადა. პირველი შვილი, 18 წლის დიმიტრი აბიტურიენტია და გამოცდების შედეგებს ელოდება, ზოგადი უნარების გამოცდაში მან 63 ქულა დააგროვა. 16 წლის ილია ერთ-ერთ კაფეში მზარეულად მუშაობს და ოჯახის ბიუჯეტში საკუთარი წვლილი შეაქვს. 14 წლის ელისაბედი, 12 წლის თეკლა, 10 წლის ბესო, 8 წლის ნინო, 7 წლის სალომე, 5 წლის ბარბარე და 4 წლის თამარი სამშობიარო სახლიდან ოჯახში დაბრუნებულ დედასა და პატარა ნიკოლოზს თავს დასტრიალებენ და ეფერებიან.

თუ როგორ ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი და როგორი სოციალური პირობები აქვთ მათ, ამის გასარკვევად ambebi.ge ბედინაძეების ოჯახს ესტუმრა და დიასახლისს, თეა ხომერიკს ესაუბრა:

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა დაძაბულიც ვარ ხოლმე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ბაია მყავს. თუ უფლის ნება იქნება, კიდევ გავაჩენ.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- დილით რომ ვდგებით, საუზმის სამზადისი გვაქვს, უფროსები იცვამენ და თავისით ემზადებიან, შედარებით პატარებს თმებს ვვარცხნი და ვაცილებ სკოლაში. შემდეგ ბაღის ბავშვებს ვამზადებ და მამას მიჰყავს ისინიც. შემდეგ უკვე დალაგება და სადილის სამზადისი იწყება. ბავშვები თანდათან მოდიან სკოლიდან, სადილობენ და ემზადებიან ისევ წასასვლელად. კულტურული და სპორტული აქტივობებით არიან დაკავებული - ჭადრაკი, კრივი, კალათბურთი, კულინარია, ხატვა, მუსიკა, ცეკვა... ბევრნი არიან და ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს. შემდეგ უკვე ბავშვების მეცადინეობის დრო დგება, შემდეგ თამაშობენ, ვვახშმობთ და ასე რიტმულად გადის დრო. ადრე მყავდა ძიძები, მაგრამ ბოლო დროს აღარ მყავს დამხმარე. ხან ბებიები მოდიან და მეხმარებიან, უკვე გოგოებიც გაიზარდნენ.

- როგორც ვიცი, ნაქირავებ ბინაში დიდხანს მოგიწიათ ცხოვრება, როგორ შეძელით იმ პირობებში ბავშვების გაჩენა და მოვლა?

- ღმერთს მადლობა, სურვილი მქონდა და უფალმაც მომცა უნარი, რომ გამეჩინა ბავშვები. უფლის წყალობაა და ძალაც მისგან მომდის. ყველას მოვუწოდებ, მიზეზი რომ აქვთ ეკონომიური მდგომარეობა, ეს მიზეზი არაა, ეს თავდაცვის საშუალებაა. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, მართლა არაფერი რომ არ გვქონდა. არც ლოგინი, არც კოვზი, არც თეფში... 13 წელი ნაქირავებში ვცხოვრობდით. ექვსი წელია, რაც ეს ბინა შევიძინეთ და ნელ-ნელა გავარემონტეთ. ორი წლის წინ კი 135 კვ.მ ფართობის ბინა გვაჩუქეს, მაგრამ ჯერ ვერ გადავდივართ. მეუღლე ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა როგორც შეუძლია მეხმარება. დილით ბავშვებს ასაუზმებს. შაბათ-კვირას, როცა სახლშია, ენერგიას არ იშურებს, რომ დამეხმაროს.

ბედინაძეებს პრობლემებზე საუბარი არ უყვართ, თუმცა მათთან სტუმრად მისული ადამიანი აუცილებლად შეამჩნევს, რომ ოჯახს მეტი საცხოვრებელი ფართი სჭირდება. მათ ახალი ბინა ბათუმის მერიამ უკვე აჩუქა, ბინაში რემონტიც დასრულდა, მაგრამ იქ გადასვლას ოჯახი ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან სახლისთვის აუცილებელი ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები არ აქვთ.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია