ნუგზარ ჩიქოვანი, რომელმაც ლატარიაში 1,671,045 ლარი მოიგო, "პალიტრა TV"-ში მუშაობას აგრძელებს

ნუგზარ ჩიქოვანი, რომელმაც ლატარიაში 1,671,045 ლარი მოიგო, "პალიტრა TV"-ში მუშაობას აგრძელებს

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" ბეთინგ ცენტრში დღეს ჯეკპოტის გამარჯვებულს, მსახიობ ნუგზარ ჩიქოვანს დააჯილდოებენ. იღბლიანი ბილეთის მფლობელს მოგებული თანხა - 1,671,045 ლარი გადაეცემა.

საქართველოს ახალი მილიონერი 17 ივლისს შეემატა. როგორც თავად ამბობს, გამილიონერების შემდეგ, ნაცნობები და უცნობები თანხას თხოვენ. მოგებული თანხით, პირველ რიგში, საკუთარი და ახლობლების ვალების გასტუმრებას გეგმავს. მსახიობი "პალიტრა TV"- ზე, კორეული სერიალის გახმოვანებაზე მუშაობას აგრძელებს.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მილიონერი გახდით?

- აღარ ვფიქრობ თვიდან თვემდე ფული ვის ვესესხო და როგორ შევუქმნა ჩემს ოჯახს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ერთბაშად არაფერი შეცვლილა. ვაგრძელებ მუშაობას. მჭირდება ეს სამუშაო, რადგან ჩვეული რიტმიდან არ ამოვვარდე. როდესაც მჭირდებოდა დამატებითი შემოსავალი, "პალიტრა TV"- ზე, ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს, ოჯახის წევრებივით მომექცნენ. უფლება არ მაქვს დაწყებული პროექტი შუა გზაში მივაგდო, მიუხედვად იმისა, რომ არაფერს მეტყვიან, შევლენ ჩემს მდგომარეობაში. გაუკვირდათ, სამსახურში რომ მოვედი.

- როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, როგორ გხვდებიან ნაცნობები, უცნობები.

- ათიდან 8-9 ადამიანს გულწრფელად უხარია. ეს ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია. ინატრე, ნატვრას ვინ გიშლის, მაგრამ სხვას რატომ აქვს? - ეს არ უნდა თქვა. არ უნდა შეგშურდეს არავის, შენ შენი გაქვს, შენსას უნდა დაელოდო, ღმერთი მოწყალეა.

- უცხო ხალხი ხომ არ გამოჩნდა დამეგობრების, დანათესავების სურვილით?

- მაგისთვის არ ცალიათ, პირდაპირ თანხას, 10 000-20 000-ს ითხოვენ. ნაცნობებიც არიან, უცნობებიც. ადამიანები, ვისაც მართლა უნდა დავეხმარო, შეუძლია რაღაც ითხოვოს და აქვს ამის უფლება, ისინი ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ. ის ხალხი აქტიურობს, ვისაც ვიცნობ, ნაკლებად ვიცნობ, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. ძალიან უჭირს ხალხს, მე მესმის მათი ასეთი სურვილი.

"ფეისბუქი" არ მაქვს, მეუბნებიან, რომ "ლატარიის კომპანიის" საიტზე, კომენტარები იდება და ჩემს შვილობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ. ეს, რა თქმა უნდა, შაყირია, ამბობენ, რომ ეს ადამიანი შემჩნეულია და წინა გამარჯვებულის ძმობაზე გამოთქვამდა პრეტენზიას.

- რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ მოგებული თანხის დახარჯვას?

- პირველ რიგში, აუციელებელია იმ ვალების გასტუმრება, რომელიც დამიგროვდა მე, ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს ძალიან ახლო ადამიანებს. ვალების გასტუმრების შემდეგ ვნახოთ... ბიზნესის არაფერი გამეგება. "ტყემალზე ვზივარ, ბლის კურკებს ვისვრი", ალბათ მირჩევენ. თუნდაც, მცირე შემოსავალი რომ შემოიტანოს ამ თანხამ, მე აბსოლუტურად კმაყოფილი ვიქნები. ვინც უკვე ითხოვა და მოითხოვა დახმარება, თანხები ამ ტემპით რომ გაიცეს, ერთ თვეში აღარაფერი დარჩება. ეს იქნება მოკლევადიანი დახმარება და ნაწყენი ხალხი მაინც დარჩება. ფულის გათავების შემდეგ, ვიღაც მოვა, რომ ეტყვი აღარ მაქვს, ის აღარ დაგიჯერებს. ამიტომ ჯობია რაღაც პერიოდი გავიდეს, თანხამ სარგებელი მოიტანოს და დახმარება გრძელვადიანი და მრავალჯერადი გახდეს. ავტომობილს შევიძენ. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მაქვს დიდი, 4 ოთახიანი ბინა ვაზისუბანში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. აბსოლუტურად მაკმაყოფილებს, ძალიან კარგი მეზობლები მყავს, კარგი უბანია, მშვენიერი სახლია.

- გააგრძელებთ ლატარიის თამაშს?

- რატომაც არა? ჯიხურთან თუ მოვხვდები, ყოველთვის ავიღებ ბილეთს.

ზოგჯერ ერთი ბილეთიც მქონია, როგორც წესი, 2-4 ბილეთი მქონდა. ყოველ გათამაშებაზე ვყიდულობდი. კომბინაციებს ზოგჯერ მე ვადგენდი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპიუტერმა შეადგინა. ვაპირებ ვიცხოვრო იგივე რიტმში, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. თუ აუცილებელი გახდა, ალბათ რაღაცეები შეიცვლება, მაგრამ არა მგონია. მე მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ. ერთადერთი შეიცვლება, დღის განმავლობაში თუ 10 საათი ვმუშაობდი, ახლა 5 საათი ვიმუშავებ.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

სემეკმა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა“ და სსე-ს სახელზე ლიცენზიები გასცა

KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება

რატომ თქვა მსოფლიომ უარი პლაქვენილზე, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ - "საქართველოში მას სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, მშვიდად უნდა ვიყოთ"