კახის წმინდა გიორგის ტაძარში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს

კახის წმინდა გიორგის ტაძარში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს

აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და საქართველოს ეკლესიას შორის კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. როგორც "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, მარიამობის დღესასწაულზე ისტორიული ჰერეთის ერთადერთ მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება განახლდება.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მამა დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. აზერბაიჯანული მხარე მიზეზად კანონს ასახელებს, რომლის მიხედვითაც მსახურების უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს.

როგორც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ "რეზონანსს" უთხრა, პრობლემის გადასაჭრელად ქართული მხარე აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის წარმომადგენლებს 29 ივლისს ბაქოში შეხვდა. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული სასულიერო პირისთვის აზერბაიჯანის მოქალაქის მინიჭების პროცესი დაიწყება. პროცესის დასრულებამდე კი ქართველ სასულიერო პირებს პერიოდულად საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ.

"29 ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა-ლოცვის აღდგენაზე ვისაუბრეთ.

"ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ მარიამობის დღესასწაულისთვის საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირს ეკლესიაში გავაგზავნით, რომელიც მსახურებას აღავლენს. ამის შემდეგ იურიდიული პროცედურა დაიწყება და ერთ-ერთ ქართველ სასულიერო პირს აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიენიჭება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრის თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე მამა დემეტრეს არშეშვების მიზეზად ახალი კანონი დაასახელა, რომელიც ერთი თვის წინ მიიღეს.

"მათი ახალი კანონის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქადაგებისა და მოღვაწეობის უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს. აქამდე წირვა-ლოცვა ჩვენი თხოვნითა და უწმინდესის ავტორიტეტით აღესრულებოდა. რამდენჯერმე გვითხრეს, რომ ასე მოხდებოდა, თუმცა ასე მალე არ ველოდით.

"იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა დროში გაიწელება, პერიოდულად კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩვენი სასულიერო პირის გაგზავნას შევძლებთ. ხოლო როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქე სასულიერო პირი გვეყოლება, ის ღვთისმსახურებას დაუყოვნებლივ გააგრძელებს", - აღნიშნა მეუფემ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესია მე-19 საუკუნეში ძველი ეკლესიის ადგილასაა აშენებული, სადაც წირვა 1990 წლიდან აღევლინება. როგორც ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ "რეზონანს" უთხრა, ისტორიულ ჰერეთში დაახლოებით 7000 ქრისტიანი ქართველი ცხოვრობს.

"მიუხედავად, იმისა, რომ ისტორიულ ჰერეთში უამრავი ქართული ტაძარია, აქედან მოქმედი მხოლოდ ერთია. ამ ეკლესიის ეზოში ადგილობრივთა საფლავებია აღმოჩენილი, მათ შორის ერთ-ერთი სულ ახლახან წმინდანად შერაცხეს. ეს არის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი.

"კახის წმინდა გიორგის ეკლესია მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. არა მარტო საეკლესიო, არამედ კულტურულ და ერთგვარად სათვისტომო ცენტრის როლსაც კი ასრულებდა", - განაცხადა კუდავამ.

მისივე თქმით, იმის გარდა, რომ საზღვარზე ქართველი მამაო არ შეუშვეს, სხვა ხელოვნურად შექმნილი პრობლემებიც არსებობს, რომელიც წლებია გრძელდება.

"ქართველი სპეციალისტებისთვის და ასევე არასპეციალისტებისთვის, ვისაც დათვალიერების სურვილი აქვთ, შესწავლაზეც ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ელემენტარული დათვალიერება და ფოტო-ვიდეო გადაღება დიდ სირთულეებთანაა ხოლმე დაკავშირებული.

"საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს ისტორიული ძეგლები მდებარეობს, რომელთა უმეტესობა ქართულია და ფაქტობრივად შეუსწავლელია.

"მსგავსი სირთულეები, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ხდებოდა, როდესაც ეს ორი ქვეყანა ერთ სახელმწიფოში იყო და დღესაც ასე გრძელდება.

"პარალელი რომ გავავლოთ, მსგავსი პრობლემები თურქეთშიც გვქონდა, სადაც 20-25 წლის წინ ქართველი სპეციალისტების მუშაობა შეუძლებელი იყო. თუმცა, ბოლო 10-15 წელია ფაქტობრივად არანაირი დაბრკოლება არ გვექმნება. მაშინ, როდესაც თურქეთთან ასეთი კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს, ვფიქრობ, აზერბაიჯანთანაც იგივე უნდა იყოს. "აზერბაიჯანში ქართული ეკლესიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მრავლადაა ასეთი ძეგლები - ეკლესები, ნაეკლესიები, სამონასტრო კომპლექსები, ციხე- სიმაგრეები და ა.შ.

"არა მგონია, რომ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს საქართველოში ისტორიული ძეგლების, მათ შორის მეჩეთების დათვალიერებისას იგივე პრობლემები ექმნებოდეთ, რაც ჩვენ აზერბაიჯანში გვექმნება ხოლმე. "საქართველოში ზოგიერთი მეჩეთი მეოცე საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისშია აგებული. მაშინ, როდესაც ჰერეთში ძველი აშენებული ტაძრებიც უმოქმედოა და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ სოფელში წირვის მოსმენის საშუალება არ ეძლევათ", - განაცხადა კუდავამ.

ლიკა ამირაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია