"როცა ადამიანებს პრობლემებს უგვარებ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია" - გიორგი მღებრიშვილი პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე

"როცა ადამიანებს პრობლემებს უგვარებ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია" - გიორგი მღებრიშვილი პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ დრომდე გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.

გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2014 წლიდან დღემდე იგი იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს.

გიორგი მღებრიშვილს გასულ წელს კარიერულ წინსვლასთან ერთად, სასიხარულო ცვლილებები ოჯახშიც ჰქონდა: 6 ოქტომბერს მისი გვარის გამგრძელებელი, პატარა ბუჩა მღებრიშვილი გაჩნდა და ახლა იგი ქალ-ვაჟის მამაა. 44 წლის მინისტრი მეუღლესთან ნინო გედევანიშვილთან და შვილებთან ერთად საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მღებრიშვილთან ოჯახური ინტერვიუ ჟურნალმა გზამ წლის დასაწყისში ჩაწერა, გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწილს:

"2014 წელს ახალი წევრი შემოგვემატა. უკვე ოთხნი ვართ და ძალიან ბედნიერები გახლავართ. ბუჩას დაბადება დიდი სიხარულია ჩვენთვის. 6 ოქტომბერს დაიბადა, 53 სმ, 4 კგ და 100 გრამი იყო. მეგობრები მეხუმრებიან, ბავშვის წონა პარტიის ციფრს დაამთხვიეო" - ამბობს მღებრიშვილი.

სახელი თქვენ დაარქვით?

- ეს სახელი ჩემი გარდაცვლილი მამიდაშვილის პატივსაცემად დავარქვი, რომელიც ძმასავით მიყვარდა... ძალიან მშვიდი და ლამაზთვალება ბიჭი მყავს. ასევე მყავს ულამაზესი ელენიკო, მამას სიცოცხლე. მას ბებიის - ნინოს დედის სახელი დავარქვით.

მეუღლის მშობიარობას ხომ არ ესწრებოდით?

- არც ერთის დაბადებას არ დავსწრებივარ. ჩემი მეუღლე პროფესიონალი ექიმების ხელში იყო. მალე იმშობიარა და ნახევარ საათში ვნახე ჩემი პატარა.

გასულ წელს გუბერნატორობიდან მინისტრად გადაგიყვანეს. იქნებ თქვენს განვლილ გზაზეც გვიამბოთ.

- პროფესიით იურისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად დავიწყე მუშაობდა, მერე გამომძიებელი ვიყავი. 1997-დან 2004 წლამდე სულ საგამოძიებო განხრით ვიმუშავე. მერე 3 წელი ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად ვიმუშავე. ამის შემდეგ დაიწყო კარიერული ზრდა. საბაჟოს უფროსად გადავედი... 2013 წლის დეკემბერში ქვემო ქართლის გუბერნატორად დამნიშნეს. ეს შოკი იყო ჩემთვის. თავიდან ცოტა დისკომფორტი მქონდა - აბსოლუტურად სხვა სპეციფიკით მიწევდა მუშაობა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო საქმე იყო. როცა ადამიანებს პრობლემებს უგვარებ, კარგ საქმეს აკეთებ და ამით გახარებულ და კმაყოფილ ხალხს ხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოულოდნელობა იყო ჩემთვის, სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის შემოთავაზება. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება კარიერულ წინსვლას ცდილობენ და ვიღაცები ეხმარებიან. მე არასდროს არავინ შემიწუხებია, გარდა იმისა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ ვითხოვე, რეკომენდაცია გაეწიათ. მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, სასჯელაღსრულების მინისტრობა, ამიტომ დანიშვნამდე ძალიან ვღელავდი.

ამბობენ, პრემიერ ღარიბაშვილთან მეგობრობთ და ეს ფაქტორიც იყო გამსაზღვრელი დანიშვნისას. ასეა?

- მეგობრული ურთიერთობა პრემიერთან დღეს ნამდვილად მაქვს. მას ამ ნიშნით მაშინ არ შევურჩევივარ. გუბერნატორად ჩემი დანიშვნის შემდეგ დაიწყო ჩვენი ხშირი ურთიერთობა.

ნინო გედევანიშვილი:

- გოგა გვიან მოდის სახლში და ამას განვიცდით. როცა მოდის, ბავშვებს სძინავთ; რომ მიდის, მაშინაც სძინავთ. ამას ელენე აპროტესტებს. მამა ძალიან ენატრება. როდის მოვა? დაურეკეო, - სულ ამას მეუბნება. ცდილობს, დაელოდოს მის მოსვლას, მაგრამ ამ ლოდინში ეძინება ხოლმე. მეორე ჯერ მხოლოდ ორი თვისაა... ისე, პატარები ძალიან ჰგვანან მამას გარეგნულად. ელენიკო ხასიათითაც ჰგავს. გოგა ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა, ცდილობს, ყველაფერი გაუკეთოს შვილებს. თუ დრო აქვს, სასეირნოდ კუს ტბაზე ავდივართ ხოლმე.

გოგას გამინისტრება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. სამსახურში ვიყავი და თანამშრომლებმა დამიძახეს, დროზე მოდი, შენს ქმარს აჩვენებენო. ტელევიზიით გავიგე მისი დანიშვნა, ეს სიურპრიზი იყო. თუმცა, წინადღეს ვატყობდი, რაღაცის გამო ნერვიულობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

გიორგი:

- არც მეუღლისთვის მითქვამს და არც სხვებისთვის, ისე წავედი.

ნინო:

- ვატყობდი, რაღაცას განიცდიდა, მაგრამ საერთოდ, არ უყვარს საქმეზე საუბარი და ამიტომ არ ჩავძიებივარ.

თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

გიორგი:

- ერთმანეთი ჩემი მეგობრის სახლში, სუფრასთან გავიცანით. ნინო ჩემი მეგობრის მეუღლის დეიდაშვილია. იქ მომეწონა. დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი პაემნები. გაცნობიდან ძალიან მალე - ორ თვეში შევუღლდით. ტრადიციის დაცვით მოხდა ყველაფერი: მივედი ნინოს სახლში და ოჯახს ხელი ვთხოვე. მეც არ ვიყავი პატარა ბიჭი. ნინო 15 წლით ჩემზე უმცროსია. ბედნიერები ვართ. ქორწილი 2010 წლის აპრილში გვქონდა. არ მიყვარს დიდი ქორწილები. ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. სულ 50-კაციანი, ლამაზი ქორწილი გვქონდა. საერთოდ, სიმშვიდე მიყვარს.

ნინო:

- პირველივე დღეს მიიქცია გოგამ ჩემი ყურადღება და მომეწონა. დამპატიჟეს, იქნებ სუფრაზე მოხვიდეო. სამსახურიდან გვიან გამოვედი და არ ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ბოლოს მაინც მივედი. პირველივე შეხვედრაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან თბილი ადამიანია, მზრუნველი და მოსიყვარულე. კიდევ ერთი-ორი შეხვედრა იყო ასეთ გარემოში და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ხშირი შეხვედრა, რაც ქორწინებით დასრულდა.

გიორგი:

- მომხიბლა ნინომ. მაშინ ფოთში ვმუშაობდი. იქიდან პარასკევს მოვრბოდი ნინოსთან შესახვედრად. შაბათ-კვირას ვხვდებოდით ერთმანეთს. დაქორწინების შემდეგაც ცოტა ხანი ცალ-ცალკე ვიყავით: მე - ფოთში, ნინო - ჩემიანებთან.

ნინო:

- მეც ვმუშაობდი და ვიტანდი მარტო ყოფნას, მაგრამ მიჭირდა მის გარეშე.

ალბათ სიურპრიზს ხშირად გიწყობთ მეუღლე, არა?

- სიურპრიზები გამოსდის და ეს მომწონს.

რა იყო მისი პირველი საჩუქარი?

- ლამაზი საყურე, ვარდებთან ერთად, 8 მარტს მაჩუქა. ამ დროს შეყვარებულები ვიყავით და ჩემმა ოჯახმაც არ იცოდა მის შესახებ. მერე გავაცანი ჩემებს, სახლში მოვიდა. 15 წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივი სხვაობა ნამდვილად არ იგრძნობა. გოგა ძალიან თბილი ადამიანია. ძალიან მხიარულია, სამსახურის დაძაბულობა შინ არ მოაქვს. ოჯახში სულ სხვანაირია.

სამოგზაუროდ თუ იყავით წასულები?

გიორგი:

- ეს არ გამახსენოთ... ბილეთები ნაყიდი გვქონდა. სამეგობრომ გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით პრაღაში. ჩემოდანი ჩალაგებული გვქონდა და ყველაფერი ჩაიშალა: 3 საათი იყო დარჩენილი გაფრენამდე, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მეჯვარე, ჩემი უახლოესი მეგობარი დააკავეს. ისიც უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად. თავიდან ხუმრობა მეგონა. ამოვალაგეთ ჩანთები და დავრჩით თბილისში. გადავერთე მთლიანად მისი პრობლემის მოგვარებაზე. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო. ციხეში 20 დღე გაატარა. წაართვეს, რაც ჰქონდა, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაახდევინეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ასე ჩაიშალა ჩვენი საქორწინო მოგზაურობა. თუმცა, ჩემი მეუღლე გაგებით შეხვდა ამას. მეგობარს განსაცდელში ვერ მივატოვებდი.

ბატონო გიორგი, საოჯახო საქმეები გეხერხებათ?

- ნებისმიერი რამის კეთება შემიძლია, კერძების მომზადებაც. დრო როცა მაქვს, ვაკეთებ კიდეც, მაგრამ ახლა დრო აღარ მაქვს. მთელი ენერგია მიმართულია სამსახურზე. წელს მარტოს მოუწია ნინოს ყველაფრის მოგვარებამ. საახალწლო საყიდლებზე მარტო წავიდა. კარგი დიასახლისია. რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის. ყველაფერს მარტო აკეთებს. ორი პატარა გვყავს, ვეუბნები, ძიძა მოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ უარს ამბობს, - მე გავზრდი ჩემს შვილებსო. გემრიელ კერძებს ამზადებს. ისედაც არ უყვარს სამზარეულოში სხვისი დახმარება. ყველაფერი თვითონ მოამზადა. საახალწლო სუფრა ყველა ოჯახში ერთნაირად იშლება. საცივი და გოჭი ყველა ოჯახშია, სადაც უნდა მიხვიდე. წელს გადავწყვიტეთ, უფრო სალათები და თევზეული გაგვეკეთებინა.

ნინო:

- საჭმლის გამორჩევა არ იცის, მაგრამ ჩემი მომზადებული უზბეკური ფლავი და ნამცხვარი "პრაღა" მოსწონს განსაკუთრებით.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია