განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!

განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!

ახალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 496 978 მოსწავლე მივა და მათთვის განათლების სამინისტრო მხოლოდ 41 844 ახალ სახელმძღვანელოს ბეჭდავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო მარაგის გამოყენებითაც კი, მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ. "იღბლიან" 10%-ს კი საშუალოდ 1 საგნის სახელმძღვანელო შეხვდება ახალი, დანარჩენი კი ასევე ძველი. კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან პირველკლასელები, ვისთვისაც სკოლა შესაძლოა წიგნთან პირველად შეხების ადგილი იყოს. წელს განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ დაახლოებით 50 ათასი პირველკლასელისთვის არც ერთი ახალი "დედა ენა" არ დაბეჭდოს.

პირველკლასელთათვის სახელმწიფო მხოლოდ 16 552 ბუნების სახელმძღვანელოს ბეჭდავს. შესაბამისად, წიგნთან პირველი შეხება მათთვის, სავარაუდოდ არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილების მომტანი აღმოჩნდება.

წელს რომ მოსწავლეთა უმეტესობას მეორადი წიგნებით სწავლა მოუწევს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვწერდით. განათლების სამინისტრო კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მშობლებს წინ მძიმე შემოდგომა გველოდება - უკეთეს შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენილი მოსწავლეებისთვის წიგნების შეძენა ე.წ. თავისუფალ ბაზარზე, საკმაოდ ძვირად მოგვიწევს, უარეს შემთხვევაში კი სასკოლო სახელმძღვანელოების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. განათლების მინისტრი კი დღემდე, სააკაშვილის მინისტრების სტილში, ჯიუტად ამტკიცებს, რომ ახალი წიგნების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, თუმცა ფაქტები მხოლოდ საპირისპიროზე მეტყველებს. დავანებოთ თავი იმას, რომ სამინისტრომ "შესაშური სიზუსტით" დათვალა ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები. მაგალითად, ის, რომ წელს მეორეკლასელებს ჯამში თურმე მხოლოდ 779 "ქართული ენა და ლიტერატურა" სჭირდებათ... ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო...

განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ქსელში წიგნების საკმარისი მარაგი აქვთ, რომ ბეჭდვის გარდა სახელმძღვანელოებს გამომცემლობებისგანაც ყიდულობენ და რომ ჯამში ახალი წიგნების რაოდენობა საერთო მოცულობაში მთელი 40% იქნება და სახელმწიფო ამისთვის დაახლოებით 6 მილიონ ლარს დახარჯავს. ჩვენ მიერ სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 6 მილიონიდან თითქმის 4 მილიონ ლარს განათლების სამინისტრო მხოლოდ "მაკმილანის" ინგლისური ენის სახელმძღვანელოებში იხდის. განათლების სამინისტრო ამ წიგნებს საქართველოში "მაკმილანის" ექსკლუზიური წარმომადგენლობისგან ყიდულობს.

"მაკმილანის" სახელმძღვანელოების იმპორტი სახელმწიფოს დაახლოებით 7-8-ჯერ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვა. ასე მაგალითად, "მაკმილანის" ინგლისური ენის ერთი სახელმძღვანელოს შესაძენად სახელმწიფო 7,39 ლარს იხდის და კიდევ ამდენივეს მისი დამხმარე რვეულისთვის, მაშინ, როცა მეორეკლასელთათვის განკუთვნილი პრაქტიკულად იმავე მოცულობის ბუნების სახელმძღვანელოს საქართველოში ბეჭდვა სახელმწიფოს 1,08 თეთრი უჯდება, დამხმარე რვეულის კი კიდევ უფრო ნაკლები - დაახლოებით 0,50 ლარი. რა გამოდის?

სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან განათლების სამინისტრო 70%-მდე უცხოურ გამომცემლობას და სავარაუდოდ, მის შუამავლებს უხდის, მაშინ როცა ქართული წიგნების ბეჭდვაზე უარს ამბობს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ინგლისური სახელმძღვანელოების შედგენა და ბეჭდვა საქართველოშიც შესაძლებელია და ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასად, თუმცა ეს სხვა კვლევისა და პუბლიკაციის თემაა, რომელსაც კიდევ დავუბრუნდებით. აქვე უნდა ითქვას, რომ მცირე რაოდენობით წიგნებს სხვადასხვა გამომცემლობისგან სამინისტრო არაქართულენოვანი სკოლებისთვის ყიდულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია