"ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა" - ნიკოლოზ ხომასურიძის სასწაულებრივი ლაშქრობა მყინვარწვერზე

"ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა" - ნიკოლოზ ხომასურიძის სასწაულებრივი ლაშქრობა მყინვარწვერზე

რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე, მყინვარწვერზე მოგზაურობის შესახებ თავის გულწრფელ ემოციებს გვიზიარებს. ის იქ 29 ივლისს გაემგზავრა და 1-ელ აგვისტოს დაბრუნდა. რეჟისორს გზად მოულოდნელად საოცარი ამბები გადახდა, რასაც განგების მიერ მოვლენი სასწაულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ამ ეტაპზე მუშაობს ფილმზე - "ექვთიმე", რომელიც უდიდეს ქართველ მამულიშვილსა და მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს ეძღვნება და მისი ბოლო მოგზაურობაც ამ ფაქტს პირდაპირ თუ ირიბად დაუკავშირდა.

- მეგობარმა ჯონი კაპანაძემ, რომელიც სამთო ტურიზმით არის დაკავებული, მითხრა, რომ 29 ივლისს მასთან ერთად, მყინვარწვერზე ჯგუფი მიდიოდა და თუ შეძლებ, წამოდიო. ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი და არა მარტო საქართველოში, მაგრამ მწვერვალზე ასვლა პირველი იყო. არადა, იქ მოხვედრა მინდოდა...

ლაპარაკია ყაზბეგის მყინვარწვერზე (5047 მეტრი). ამ სიმაღლის დალაშქვრა, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და ამიტომ, იდეა თავიდანვე ავიტაცე, რადგანაც ახლა ვმუშაობ პროექტზე "ექვთიმე" და გადავწყვიტე, ამ მწვერვალისკენ ამ დიდ ქართველთან ერთად მემოგზაურა. გავაკეთებინე ექვთიმეს დროშა (პოსტერივით არის) და თან წავიღე. როგორც გითხარით, ეს მწვერვალზე ასვლის ჩემი პირველი მცდელობა იყო და ვინაიდან ექვთიმეს ფილმიც ჩემთვის "მწვერვალია", იქ ასე წასვლა ამიტომ გადავწყვიტე. ურთულესი მარშრუტია და მინდოდა, ამ ღვაწლმოსილ ადამიანთან ერთად (გარკვეული მისიასავით) გამევლო ეს რთული მონაკვეთი.

გერგეტის სამებაზე მანქანით ავედით და მერე უკვე ფეხით 12 კილომეტრი ვიარეთ. ულამაზესი ადგილებია... ფანტასტიკური ბუნება და გარემო... 

მერე აკლიმატიზაციისთვის იმ ღამეს მეტეოსადგურის ტერიტორიაზე დავრჩით. იქვეა ილია ჭავჭავაძის "განდეგილის" სიმბოლური სამლოცველო (ადრე იქ სამონასტრო კომპლექსი იყო). რკინის პატარა, 3-4 კვადრატის მქონე ჯიხური, სადაც როგორც იქ მისულებმა გავარკვიეთ, ჯვრისწერაც უნდა ჩატარებულიყო. ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგანაც, როგორც გავიგეთ, ეს იქ მეხუთე ჩატარებული ჯვრისწერაა. ყველაფერი კი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე ხდებოდა, ყველაზე მაღლა მდებარე ქართულ წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში.   

- ალბათ მეტეოსადგურთან ულამაზესი ხედებია, არა?

- საოცრებაა, "მეტეოსთან" მზე ულამაზესად ამოდის და არნახული სანახაობაა. ამიტომ გადავწყვიტე, დილის 6 საათზე შევხვედროდი მზის ამოსვლას, ყველაფერი საკუთარი თვალითაც მენახა, ვიდეო და ფოტოებიც გადამეღო. თან, იქვე საქართველოს დროშა ფრიალებს და მაგარ ენერგიას გმატებს. გადასაღებად რომ მოვემზადე, კარვიდან გამოვედი (გარშემო ბევრი კარავი იყო გაშლილი და ყველას ეძინა, მათ შორის, ჯვრისწერისთვის ამოსულ ხალხსაც, ტურისტებს), მოულოდნელად, მღვდელი დავინახე, ისიც ჩემსავით გამოსულიყო, მივხვდი, რომ იმ მექორწილეებთან ერთად იყო, მივედი, მივესალმე და თან, ფოტოების გადაღება დავიწყე (მოკლედ, შევეგებე მზის ამოსვლას).

მერე იქვე სკამიც იყო და ჩამოვჯექი, ისიც ჩამოჯდა და შოკოლადი შემომთავაზა. მითხრა, რომ იქ წყვილისთვის ჯვარი უნდა დაეწერა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ მყინვარწვერზე ვგეგმავდით ასვლას, იდეა მოეწონა, უაღრესად დადებითი პიროვნება გახლავთ. შემდეგ სახელი ვკითხე. ექვთიმეო, - მიპასუხა. როგორც ცეცხლმოკიდებული, სკამიდან ისე წამოვხტი და შევძახე, - როგორ? ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ექვთიმე გერქვათ...

ჩემში საოცარი ემოცია ტრიალებდა, - ვიყავი, გაოგნებული, განცვიფრებული, ამავე დროს ბედნიერი. ფოტოაპარატი დავდე და გარშემო სიარული დავიწყე. ექვთიმეს სახელის მქონე მღვდელს არავის ვიცნობ. რაღა ახლა, აქ გავიცანი სასულიერო პირი ექვთიმე-მეთქი?…მოკლედ, საკმაოდ არაადეკატურად ვიქცეოდი. მერე ბოდიში მოვუხდე, ცოტა ეიფორიული მომენტები მქონდა-მეთქი...

- ე.ი სასწაული მოხდა, ხომ?

- კი, ისე, კარვიდან გამოსვლას არც ვაპირებდი, არადა, ექვთიმეს დროშით გამოვედი და შევხვდი მამა ექვთიმეს. ეს შემთხვევა ნამდვილად ზეციდან მომევლინა, ამ საქმეში ღვთის ხელი ურევია, ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მერე ვუთხარი, რომ ფილმს ვიღებ ექვთიმე თაყაიშვილზე და წარმოგიდგენიათ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჩემთვის-მეთქი? ძალიან გაუხარდა... ეს ფაქტი საერთოდ, ამ დიდი ქართველის გამოცხადებად და ყველაფერ საუკეთესოს ნიშნად მივიჩნიე.

- ჯვრისწერა შედგა?

- მზის ამოსვლა ხომ გადავიღე და მერე მოძღვარმა ულამაზესი ჯვრისწერა ჩაატარა, რომელიც ასევე ფოტოსა და ვიდეოზე აღვბეჭდე. შემდეგ მექორწილეები წავიდნენ.

- სადაური წყვილი იყო?

- ვაჟი - გიორგი რუსთავიდან არის (წარმოშობით გუდამაყრელი), გოგონა - ხატია თბილისელია (მთიული). კარგი წყვილია, იმ მოძღვრის მეგობრები არიან. თავად მამაოც (ექვთიმე ჭინჭარაული) ჟინვალიდან არის და ჯვრის მონასტერში მოღვაწეობს... ჩვენ იმავე ღამეს მყინვარისკენ დავიძარით. რომ გავედით, ღამის 3-ის ნახევარი იყო, 12 საათისთვის გაშლილი დროშით მწვერვალზე ვიყავით ასულები. მთელი ღამე ვიარეთ. უკან იმავე დღეს ჩამოვედით.

- მოკლედ, მოგზაურობამ გაამართლა...

- ამ 4-მა დღემ რა არ დაიტია. ისეთი ემოციები იყო. თავის ხიფათებითა და სასიამოვნო ამბებით...

თვითონ მწერვალზე 9 ადამიანი ვიყავით. ამ მოგზაურობის შემდეგ სხვა მოტივაცია მომეცა... მინდა ვთქვა, რომ ის მოძღვარი ჩემთვის იქ გაცოცხლებულ ექვთიმე თაყაიშვილს განასახიერებდა. ვგრძნობდი, რომ მისი სახით სწორედ ის მიყურებდა. დიახ, მიმანიშნა რომ მიდი, მიჰყევი ამ საქმეს ბოლომდე, შენი ცხოვრებისეული მისია შეასრულე! ეს ყველაფერი ასე ავხსენი...

- სირთულეები აღნიშნე და რას გულისხმობდი?

- თავად გზა მყინვარწვერისკენ საკმაოდ რთულია... დაბმული ხარ, სპეციალური სამოსითა და აღჭურვილობით მიდიხარ, მაგრამ ეს ყველაფერი გასაძლებია და ასატანი, რაც მთავარია, ულამაზესია გარემო, თოვლით არის დაფარული. ვფიქრობ, რომ ეს გზა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა, რადგანაც იმ დროის მცირე მონაკვეთში, რაღაც სხვა ადამიანი ყალიბდები. ცხოვრებას, ქვეყანას, შენს თავს, გვერდით მყოფებს მეტად აფასებ. დიახ, შინაგანად საოცრად გაზრდილი ჩამოდიხარ...

ლალი ფაცია

იხილეთ ასევე: რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის როლს ითამაშებს - ფილმი, რომლის გადაღებაშიც ჩართვა მთელ საქართველოს შეუძლია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია