მსოფლიო ლიდერების მწარე და სამარცხვინო შეცდომები, რომლებსაც ხალხი დღემდე არ პატიობს

მსოფლიო ლიდერების მწარე და სამარცხვინო შეცდომები, რომლებსაც ხალხი დღემდე არ პატიობს

მსოფლიო მნიშვნელობის ყველა ლიდერს ერთი ისეთი გადაწყვეტილება მაინც მიუღია, რომელიც მკაცრი კრიტიკის საგანი გამხდარა. ზოგიერთი ლიდერის მსოფლიო დონის გადაწყვეტილებას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოუხდენია. ასეთი გადაწყვეტილებები აშშ-ის პრეზიდენტების ანგარიშზე განსაკუთრებით ბევრია.

რას ვერ პატიობენ მოქმედ მსოფლიო ლიდერებს და რა გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს მსოფლიოს მოსახლეობა მათ, ამის შესახებ AMBEBI.GE მოგითხრობთ.

მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განსაკუთრებით ერაყიდან ჯარების გაყვანაში ადანაშაულებენ, რამაც ბევრი ანალიტიკოსის მოსაზრებით, ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა. 2011 წელს აშშ-მა ერაყიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულა. თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ვაშინგტონი ასე რომ არ მოქცეულიყო, "ისლამური სახელმწიფო" ერაყში ვერ შევიდოდა, უფრო მეტიც, ექსტრემისტები აღნიშნულ რეგიონში ისე ვერ გაძლიერდებოდნენ, როგორც ახლა.

ბარაკ ობამას ასევე ხშირად აკრიტიკებენ გუანტანამოს ციხის დახურვის პირობის შეუსრულებლობის გამო. მან 2008 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ საიდუმლო ციხეს დახურავდა. თუმცა, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა იწურება, გუანტანამოს ციხე კვლავ ფუნქციონირებს. ბარაკ ობამას სახელს უკავშირდება ასევე ფარული მოსმენები, რომელსაც აშშ-ის სპეცსამსახურები მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერების მიმართ ახორციელებდნენ.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისადმი კრიტიკა ძირითადად საბერძნეთის კრიზისს უკავშირდება. ბერძნები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ბრალს სწორედ მერკელს სდებენ და აკრიტიკებენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც საბერძნეთსა და ევროზონის ლიდერებს შორის მიღწეულა მერკელის გავლენით. გერმანიის კანცლერი მთავარი ფიგურაა ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკაში.

კიდევ ერთი წამყვანი სახელმწიფოს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს კი ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარების, განსაკუთრებით კი მდიდრებისათვის რეკორდულად მაღალი გადასახადების დაწესების გამო აკრიტიკებენ, რის გამოც მდიდარი ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. მის წინამორბედ ნიკოლა სარკოზის კი იმ ბრალდებების გამო აკრიტიკებენ, რაც მას სასამართლომ წაუყენა. კერძოდ, მას კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედავებიან. ამას გარდა, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი აფინანსებდა.

არაერთი სკანდალითა და ბრალდებით მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონიც. მას კორუფციაში, მოსყიდვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ, თუმცა, მთავარი ბრალდება ე.წ "რუბის საქმეს" უკავშირდება. კერძოდ, ბერლუსკონის არასრულწლოვან რუბისთან ინტიმურ კავშირში ედება ბრალი, რის გამოც მას სამუდამოდ აეკრძალა იტალიაში მაღალი თანამდებობის დაკავება.

მსოფლიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების გარდა, ხშირად მოსახლეობა პოლიტიკურ ლიდერებს მსუბუქი შეცდომების გამოც აკრიტიკებს. ასე მაგალითად, მოსახლეობამ მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, დევიდ ქემერონი, რომელმაც არ იცოდა, რომ 2012 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი ქვეყნის გუნდი "ჩელსი" გერმანულ "ბაიერნს" ხვდებოდა. ფინალის დროს ქემერონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ერთად იმყოფებოდნენ "დიდი რვიანის" სამიტზე, სადაც მათ ერთად უყურეს ფინალს. ქემერონისგან განსხვავებით მერკელი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

თუმცა, უვიცობის თუ მექანიკური შეცდომის გამო ერთხელ მერკელიც გააკრიტიკეს. რამდენიმე წლის წინ მან ერთ-ერთ ევროპულ სკოლაში სტუმრობისას გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეებს რუკაზე ბერლინი შეცდომით უჩვენა. კერძოდ, მან ხელი რუსეთის ტერიტორიას, სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს დაადო.

მკაცრი კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება ესპანეთის სამეფო ოჯახიც. ასე მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ბოტსვანაში გაემგზავრა და სპილოებზე ინადირა, მაშინ როდესაც იგი "მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის" საპატიო პრეზიდენტი იყო. მომხდარის გამო, მას ეს თანამდებობა დაატოვებინეს. 2014 წელს კი მისი სახელის ირგვლივ აგორებული არაერთი სკანდალის გამო, მან მონარქის ტახტი დატოვა.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია