ყვარელში სასმელი წყლით 30 ადამიანი მოიწამლა: უმეტესობა მცირეწლოვანია

ყვარელში სასმელი წყლით 30 ადამიანი მოიწამლა: უმეტესობა მცირეწლოვანია

ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 30 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანია. საავადმყოფოში მასობრივი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ზუსტ მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ამ მომენტში კლინიკაშ 30 პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც საერთო ჩივილები აღენიშნებოდათ - ღებინება, სისუსტე, თავბრუსხვევა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალია. პირად საუბარში ექიმები წყლით მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ. "თავდაპირველად გვეგონა, რომ საზამთროთი მოიწამლნენ, რადგან ზაფხულში ასეთი ფაქტები ხშირია. თუმცა, მოწამულული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, თანაც ზოგს საზამთრო გუშინ არც უჭამია. იმ დასკვნამდე მივედით, რომ მასობრივად სასმელი წყლით მოიწამლნენ. სამწუხაროდ, საავადმყოფოში ადგილი აღარ დარჩა. გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოდ, პაციენტების გადაყვანა მეზობელ რაიონებში მოგვიწევს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პირად საუბარში ყვარლის საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა.

მორიგ გამოძახებაზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 34 წლის ლელა სეფაშვილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. თუმცა, საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს, რადგან ადგილი არ არის. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. "საღამო ხანი იყო, როცა თავი შეუძლოდ ვიგრძენი. ღებინება დამეწყო, თავბრუსხვევა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დღის განმავლობაში მცირე რაოდენობის საკვები მივიღე, ძალიან ცხელოდა, ამიტომ დიდი რაოდენობით წყალი დავლიე. ხილი ან ნაყინი არ მიჭამია, რომ ამისთვის დამებრალებინა მოწამვლა. რჩება სასმელი წყალი. ჩემთან მოსულმა ექიმმა ეს მითხრა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ხალხი წყლით მოიწამლაო. მარტო ჩვენს უბანში სასწრაფო დახმარება შვიდჯერ გამოიძახეს, მოწამლულებს შორის ბავშვებიც არიან. ნუთუ, ერთდროულად ყველამ საზამთრო ჭამა და მოიწამლა?! არა მგონია. პატარა ბავშვები მყავს, მადლობა ღმერთს გადარჩნენ, რადგან მათ მაღაზიაში ნაყიდ წყალს ვასმევთ", - აღნიშნა სეფაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. საავადმყოფოში კი განმარტეს, რომ უახლოეს საათებში ცნობილი გახდება ანალიზის პასუხები, რითაც მოწამვლის რეალური მიზეზი დადგინდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია