სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა

სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა

მთელი კვირა აფხაზეთში არ ცხრება სკანდალი ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ადგილობრივი მცხოვრები ცემეს. კონფლიქტში ჩართვა ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასაც მოუხდა.

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, რომელშიც ძალოვანები მონაწილეობენ. მოსახლეობა და ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია ერთგვარ დაპირისპირებაში არიან. ხალხი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ძალოვანებს და არ შეუძლიათ კანონის დაცვა, ეს კი სოციალური აფეთქების საშიშროებას ქმნის.

25 ივლისს სოხუმში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რამდენიმე ოპერატიულმა მუშაკმა  ადგილობრივი მცხოვრები ასტამურა გერხელია ცემა. ინციდენტის შემდეგ ე.წ. უშიშროების თანამშრომლებმა დაზარალებული დააკავეს, თუმცა მალევე გაუშვეს, რადგან დაკავებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიმართ პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების და ძალადობის გამო აღძრა. ძალოვნებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ინციდენტმა საზოგადოებაში ფართო რეზონანსი ჰპოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სასწრაფო თათბირი ჩაატარა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, მუჰამედ კილბასთან და რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

"პრეზიდენტმა, დამნაშავეების დასადგენად და დასასჯელად ყველა აუცილებელი პროცედურული ღონისძიების ჩატარების განკარგულება გასცა. მან საქმის პირადი კონტროლის ქვეშ აყვანა მუჰამედ კილბას დაავალა", - მოკლედ იტყობინება ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს კილბა ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ თითქოს, 17-18 წლის ახალგაზრდამ 50 000 რუბლის ღირებულების ნოუთბუქი მოიპარა მაღაზიიდან, სადაც დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. გარჩევის დროს მისი ძმა გამოჩნდა, რომელიც ამბობდა, რომ ზარალს აანაზღაურებდა, თუ ქურდობა დადასტურდებოდა.

"საუბრის დროს მოხდა კონფლიქტი. ჩხუბის დროს სიახლოვეს გამოიარა ძალოვნების მანქანამ, რომლებიც იმ ადამიანის მეგობრები იყვნენ, ვისაც თითქოს ნოუთბუქი მოპარეს. შედეგად ოთხმა ადამიანმა სასტიკად ცემეს ბიჭი. პისტოლეტის ტარით ურტყამდნენ თავში. რომც ჰქონოდა ადგილი ქურდობას, არავის აქვს უფლება თვითნებურად სასტიკად გაუსწორდეს დამნაშვეს", - განმარტა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.

იხილეთ ვიდეო| სოხუმის ცენტრში უშიშროების თანამშრომლებმა 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

მომხდარს გამოეხმაურა პარტია "ერთიანი აფხაზეთის" აღმასრულებელი მდივანი ნუგზარ აგრბა: "საზოგადოებაში ადრეც ხდებოდა რეზონანსული პროცესები, მაგრამ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან გარეული. ამას მთელი სისტემის ავტორიტეტის დაცემისკენ მივყავართ. ასეთი ინციდენტების გამო შეიძლება ხალხი თვითორგანიზდეს".

მას ეთანხმება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ასლან კობახიაც: "რამდენად ცუდადაა საქმე, რომ ადამიანები, რომლებსაც სახეზე არ უნდა ცნობდნენ, კამერის წინ ახდენენ ძალადობას. სამწუხაროდ, ჩანს ძალიან სუსტი დისციპლინა ქვეყნის ყველა სტრუქტურაში".

კობახია იხსენებს ადრინდელ ინციდენტსაც, რომელიც წელს, 7 მაისს მოხდა. მაშინ სოხუმში მილიონერები - ასლან სანგულია და ანზორ შართანი ძალოვანებთან ჩხუბში დაზარალდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ძველ კონფლიქტს არჩევდნენ. შედეგად, ორივე მილიონერი საავადმყოფოში მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი ყბის მოტეხილობით.

ამის გამო აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა. ერთ-ერთი ძალოვანი, ჯონი ხარჩილავა, რომელმაც მილიონერს დაარტყა, პროკურორმა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა. მომდევნო დღეს იმ პოლიციელების ხელით, რომლებმაც კოლეგაზე შურისძიება გადაწყვიტეს, დაშვდა უკვე თავად ძალოვანი ჯამბულ დოგუა.

"ეს ისტორია მოწმობს, რომ ქვეყანაში კანონი არ მოქმედებს, ხალხი ხვდება, რომ დამნაშავეები არ ისჯებიან, ამიტომ საკუთარ პრობლემებს თავად წყვეტენ", - წერდნენ ჟურნალისტები. რამდენიმე დღის შემდეგ საქმეში ჩარევა ე.წ. პრეზიდენტს მოუწია. შედეგად, პოსტები დატოვეს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის განყოფილების უფროსმა დიმიტრი დბარმა და რამდენიმე მისმა მოადგილემ. ამის შემდეგ 13 მაისს თანადებობა დატოვა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ.

აფხაზეთში ამჟამად ის პროცესები მიმდინარეობს, რომელზეც აფხაზი პოლიტიკოსი ნუგზარ აგრბა საუბრობდა - საზოგადოების უკმაყოფილება შესამჩნევად იზრდება. წინა წლის ნოემბერში ხუთმა სოხუმელმა პოლიციის ლეიტენანტი ასლან ცამბოვა ცემა. დეპუტატი ასლან კობახია ამბობს, რომ საზოგადოება ძალიან ნეგატიურად აფასებს სამართალდამცავი სისტემის მუშაობას.

"დადგა სერიოზული, რადიკალური ცვლილებების დრო. დროა რამდენიმე მინისტრი გამოვცვალოთ და კადრები უფრო ხარიხიანი საკონკურსო შერჩევის პრინციპით შევავსოთ. პრეზიდენტის მიერ პერიოდული კოსმეტიკური ცვლილებები, როგორც ვხედავთ, არ ამართლებს", - ამბობს პარლამენტარი.

ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია