რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"

რომელია 8 მომაკვდინებელი ცოდვა - "ეს ცოდვები ადამიანს ღმერთს ავიწყებს"

"არსებობს მომაკვდინებელი ცოდვები და არსებობს ნაკლებად მძიმე ცოდვები", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

დეკანოზის თქმით, მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანს ღმერთს ავიწყებს და მასში ღვთისაკენ ლტოლვას კლავს.

"ძველ ბერძნულ და ძველ ებრაულ ენაზე ცოდვა ნიშნავს გზიდან აქცეულს, ანუ გარკვეული მისწრაფებიდან გადახვევას. მოგეხსენებათ, პირველი ცოდვა ჩაიდინა ეშმაკმა და მომავალში მან ცოდვა ადამს ჩაადენინა. ადამიანის მიზანი უფალთან მიახლოება იყო და ამ საკითხში მან შესცოდა, ეშმაკის ცდუნებას დაუჯერა, გადაუხვია მიზანს, ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან გამოაძევა.

მომაკვდინებელი ცოდვები იმდენად მძიმეა, რომ ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი საერთოდ აღარ ფიქრობს ღმერთზე, მას ავიწყდება თავისი მიზანი და ღმერთს განეშორება. ხშირად არის ისეთი მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცოდვას და უგუნურ ქმედებას სხვას გადააბრალებს, როგორც ევას გადააბრალა ადამმა, ევამ კი ეშმაკს.

ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომელსაც ადამიანი ძალდატანების გარეშე აღასრულებს, ანუ მას არც ეშმაკი აძალებს, არც სხვა ადამიანი და ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე სცოდავს.

რაც შეეხება რვა მომაკვდინებელ ცოდვას, ესენია:

ნაყროვანება – სიმთვრალე, მარხვის დარღვევა, ფარულად ჭამა, გემოთმოყვარეობა და საერთოდ, ყველანაირი თავშეუკავებლობა. არასწორი და გადაჭარბებული სიყვარული საკუთარი სხეულისა, მისი სიცოცხლისა და განსვენებისა, რაც წარმოადგენს თავისმოყვარეობას, ამისგან კი იშვება ორგულობა ღმრთისადმი, ეკლესიისადმი და ადამიანებისადმი.

სიძვა – მრუშული აღგზნება, სხეულის მრუშული შეგრძნებები და სურვილები. არაწმინდა აზრების მიღება, მათთან საუბარი, მათით ტკბობა, გრძნობების დაუცველობა, განსაკუთრებით შეხების გრძნობისა. ბილწსიტყვაობა და ვნების აღმძვრელი შინაარსის წიგნების კითხვა.

ვერცხლისმოყვარეობა – ფულის სიყვარული, საერთოდ მოძრავი და უძრავი ქონების სიყვარული. გამდიდრების სურვილი და მის საშუალებებზე ფიქრი, ოცნება სიმდიდრეზე. სიბერის, მოულოდნელი გაღატაკების, დასნეულებისა და გადასახლების შიში. სიძუნწე, ანგარება, ურწმუნოება ღმრთისადმი, მისი განგებულებისადმი მინდობა, საჩუქრების სიყვარული, სხვისი ნივთების მითვისება. ქურდობა, ძარცვა.

მრისხანება – სიფიცხე, მრისხანების აზრების მიღება, ოცნება სამაგიეროს გადახდაზე, უმართებულო ყვირილი, კამათი, ღვარძლიანი, უხეში, სალანძღავი სიტყვები, ცემა, ხელის კვრა, მკვლელობა, სიძულვილი, მტრობა, შურისგება, ცილისწამება, განკითხვა, მოყვასის აღშფოთება და განაწყენება.

ურვა (მწუხარება) – ნაღველი, ურვა, წუხილი. ღმრთის იმედის დაკარგვა, მის აღთქმებში დაეჭვება, მისდამი უმადურობა, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, თავის ბრალობის დატევება, საკუთარი ჯვრის უარყოფა, მისი მოშორების მცდელობა.

მოწყინება – მცონარობა ყველანაირ კეთილ საქმეში, განსაკუთრებით კი – ლოცვაში. საღვთისმსახურო და სენაკის ლოცვითი კანონების, განუწყვეტელი ლოცვისა და სულის სასარგებლო საკითხავების დატევება, უყურადღებობა და სიჩქარე ლოცვაში, დაუდევრობა, უკრძალველობა, უსაქმობა, სხეულის ზედმეტი განებივრება ძილით, წოლით და სხვა სახის განსვენებებით. უქმი მეტყველება, მკრეხელობა, საკუთარი ცოდვების დავიწყება, ქრისტეს მცნებების შეუსრულებლობა, სასოწარკვეთილება.

მზვაობრიობა – ადამიანური დიდების ძიება, თავის ქება, ლამაზი შესამოსელის ეკიპაჟების, მოსამსახურეებისა და სენაკის ნივთების სიყვარული, საკუთარი სახის სილამაზისა, ხმის სიმშვენიერის და სხეულის სხვა თვისებებისადმი ყურაღდღება, საკუთარი ცოდვების აღიარების სირცხვილი, მათი დამალვა ხალხისა და სულიერი მოძღვრისგან, თავის მართლება, კამათი, თვალთმაქცობა, სიცრუე, პირფერობა, შური, მოყვასის დამცირება, ხასიათის ცვალებადობა, ფარისევლობა.

სიამაყე – მოყვასისადმი სიძულვილი, საკუთარი თავის სხვებზე უმჯობესად მიჩნევა, კადნიერება, გულისა და გონების დაბნელება, ურწმუნოება, საკუთარი ხორციელი ნების მიდევნება, გარყვნილი შინაარსის წიგნების კითხვა, გესლიანი დაცინვა, ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის განქარვება, ცრუფილოსოფია, სულიერი სიკვდილი.

მინდა აქვე დავსძინო და პატივცემულ მკითხველს მინდა შევახსენო, რომ როცა სასულიერო პირი ქადაგებს ამა თუ იმ საკითხზე, ყველა სასულიერო პირი ახმოვანებს საეკლესიო სწავლებას წმინდა მამათა გადმოცემიდან და კრიტიკა და განსხვავებული აზრი არ არის მართებული, რადგან ჩვენ არ ვამბობთ ჩვენს აზრს, ჩვენ ვახმოვანებთ ეკლესიის აზრს, წმინდა მამათა დარიგებებს, - ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

თაკო ესებუა, AMBEBI.GE